გალაქტიკის მცველები ნაწილი 2: მიმოხილვა

“გალაქტიკის მცველების” პირველი ფილმი იყო  მარველის სტუდიის, ყველაზე, სარისკო პროექტი, ჯგუფსა და ჯგუფის წევრებს (პერსონაჟებს) ხალხი არ იცნობდა, ფილმში გამოყენებული პერსონაჟები კი საერთოდ გუნდის 2008 წლის შემადგენლობიდან იყვნენ, ასევე იგივე ენთ–მენის და ნეტფლიქსის სერიებისგან განსხვავებით ფილმს საერთოდ არ ჰქონდა  კავშირი დედამიწის მარველის სამყაროსთან, მცველები ყველაზე შორს იდგნენ მარველისგან, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ამის მიუხედავად ფილმმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და აქცია ფილმის პერსონაჟები ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და ფინანსურად მომგებიან გმირებად, ეს პირველ რიგში იყო ფილმის იუმორისტული და სახალისო ექშენ ტონის დამსახურებაა, მაგრამ როგორი გამოვიდა ამ  წარმატებული ფილმის სიქველი?

სპოილერები!

თუ კომიქს ფილმების ახლო ისტორიას გადავხედავთ მეორე ნაწილი ან ბევრად უკეთესი გამოდის (ადამიანი ობობა 2, შავი რაინდი, კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი) ან კი უბრალოდ გადამეორება არის (რკინის კაცი 2,  შურისმაძიებლები 2: ალტრონის ხანა). მრავალი ძლიერი მხრის მიუხედავად მცველების მეორე ნაწილმა ვერ აჯობა პირველ ფილმს, თუმცა ეს უმეტესად გამოწვეულია პირველი ფილმის სიძლიერით და არა მეორეს სისუსტით. ეს არ ნიშნავს რომ ფილმს არ გააჩნია მნიშვნელოვანი მინუსები.

ფილმი იწყება ენერგიულად, შეიძლება ითქვას– ჰიპერაქტიურად, პირველი ნახევარი საათი არის სასიამოვნო სანახაობა, სასაცილო მომენტებით და ლამაზი ექშენით, რომელსაც ვერ მოაცილებ თვალს,  ფილმს არ ერიდება გამოიყენოს ყველასათვის საყვარელი პატარა გრუტი,  რაც ბევრი მაყურებლის გულს მოიგებს. ამ პირველი 30 წუთის განმავლობაში ერთი წამითაც არ იგრძნობა მოწყენილობა, მოქმედება იმდენად კარგად მიდის  უნებლიედ გიჩნდება ეჭვი ნუთუ მთელი ფილმი ასეთია? სამწუხაროდ არა, ზუსტად პირველი აქტის შემდეგ, როდესაც გმირები ეგოს პლანეტაზე ჩამოდიან, ჩნდება გრძნობა, რომ სცენარისტებმა არ იცოდნენ რა ექნათ ამ მომენტნში, რაზე უნდა ყოფილიყო მთავარი ფოკუსი, იმის მიუხედავად რომ კურტ რასელის ეგო აშკარად ჯობია წინა ფილმის რონანს. ასევე ეგოზე ურთიერთობის გარჩევა გამორასა და მის დას ნებულას შორის, რომელიც არ არის  ცუდი, მაგრამ ძალიან სტანდარტულია, როგორც თვით ნებულას პერსონაჟი, რომელიც ცხოვრებაზე გაბრეზებული არქიტიპია, რაც დასანანია, რადგან ფილმის სიძლიერე ზუსტად კრეატიულობაა და არა სტანდარტულობა.

სამაგიეროდ, ჩემდა გასაკვირად, ფილმის, ყველაზე, კარგი  ისტორია, არც  სტარ ლორდზეა, ან სხვა მცველების წევრზე, არამედ მის “ბანდიტ” მამიკოზე – მაიკლ რუკერის  იონდუზე, მისი სტორილაინი შესანიშნავად იყო დაწერილი და განხორციელებული, როგორც ემოციურად ისივე შინაარსობრივად, განსაკუთრებით აღსანიშნავია რუკერის და სტალონეს სცენა, რომელიც ეგრევე ყვება ისტორიას, წარსულში მომხდარის არცნობის მიუხედავად. ფილმის განმავლობაში ჩვენ ვიგებთ, რომ ის არ არის უბრალო გალაქტიკის ბანდიტი არამედ პრობლემატური პიროვნებაა, რომელსაც მაინც გააჩნია გული და სიყვარული თავისი “შვილის” მიმართ, რასაც ის ამტკიცებს თავისი მოქმედებით, რა თქმა უნდა შეიძლება ითქვას, რომ ეს გავრცელებული კლიშეა, მაგრამ როდესაც ის არის დამაჯერებლად შესრულებული რთულია  იყო პრეტენზიული.

ფილმში რაც არ არის დამაჯერებელი, არის ფაქტი თუ რამდენად სწრაფად და მარტივად გადააგდეს იონდუ მისმა თანაგუნდელებმა, ასევე არ არის გასაგებად გახსნილი მანტისის და ეგოს ურთიერთობა, რომელიც  მეტად ახსნიდა მანტისის მოქმედებებს, სამწუხაროდ ფილმის ბოლოს არის გამოყენებული, ძალიან გაცვეთილი თროპი სტარ ლორდთან მიმართებაში (ნუ თუ სტარლორდი ვერ გადარჩება?! ვაიმე დედა!)  რომელიც შედეგში აზიანებს იონდუს ფინალურ გმირობას. ექშენი კარგია,  როგორც აღვნიშნე ფილმის დასაწყისში ასევე ბოლოში და მნიშვნელოვნად განსხვავდება პირველი ფილმისგან, აიშა და სოვრენის დისტანციური კოსმოსური ფლოტი გამოყენებულია, როგორც დამატებითი ექშენის  საშუალება ასევე კომედიური მომენტების,  თუმცა სამწუხაროა რომ ბოლოში დრაქს არანაერი ექშენი არ აქვს, ხოლო  რაც შეეხება იუმორს, ის ზოგჯერ სასაცილოა ზოგჯერ საკმაოდ მდაბიო, აშკარად ჩანს, რომ ფილმის ხუმრობები გათვლილია ფართო აუდიტორიაზე, მაგრამ ფილმის “ცანცარა” ტონის გამო მისი აშკარა მინუსები არ ჩანს იმდენად მკვეთრად, როგორც ეს იქნებოდა უფრო სერიოზული  ფილმის შემთხვევაში.

ფილმის ვიზუალი და ფერები, გადასარევია, განსაკუთრებით სხვა მარველ სტუდიოს ფილმებთან შედარებით, მუსიკალური გაფორმება აქაც, შესანიშნავი, იყო და გაგვახსენა უამრავი ძველი ჰიტი, ჩვენ ასევე მივიღეთ უამრავი ქამეო, “ისტერ ეგები” და 5 პოსტ კრედიტ სცენა, პირველში იონდუს  მარჯვენა ხელი, კრეგლინი, (და ასევე რეჟისორის ძმა) რომელიც ცდილობს იონდუს ძალის დაუფლებას, მეორე პოსტ კრედიტში, ჩვენ ვეცნობით  ახალი  გუნდის შექმნა/აღდგენას (რომელიც რეალურად კომიქსების გალაქტიკის მცველების პირველადი წევრებისგან შედგება). ასევე კომიქურად ვეცნობით, რომ გრუტი იზრდება და ტინეიჯერულ/გარდატეხვის ასაკშია. მეოთხე სცენაში აიშა ემზადება ადამ ვორლოკის შესაქმნელად რომელიც წესით მესამე ნაწილში  უნდა გამოჩნდეს, იმის მიუხედავად, რომ მინიშნება ადამ ვორლოკზე უკვე იყო პირველ ფილმში, ხოლო  რაც შეეხება სტენ ლის და ვოტჩერებს სცენას, ზოგი ამტკიცებს რომ სტენი თვით ვოტჩერია, რაც არ ჯდება ლოგიკაში, რადგან, როგორც ის თვითონ  ამბობს მას არ შეუძლია კოსმოსში გადაადგილება, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ის არის ვოტჩერებთან სხვა გზით დაკავშირებული, ან რამე სულ სხვა, მაგრამ, ის ნამდვილად არ არის ვოტჩერი, ასევე უნდა გვახსოვდეს რომ სტენ ლის სცენები პირველ რიგში კომედიურია.

საბოლოო ჯამში, ფილმი ვერ ახერხებს აჯობოს პირველ ნაწილის, მაგრამ მინუსების მიუხედავად “გალაქტიკის მცველები: ნაწილი ორი” მაინც  კარგი გაგრძელებაა, რომელიც არანაირად არ არის იმედგაცრუება და წარმოადგენს შესანიშნავ დროს, როგორც უბრალო მაყურებლისათვის ასევე გამოცდილი კომიქს ფანებისთვის, იმედია, რომ მესამე ნაწილში რეჟისორი ჯეიმს განი უფრო მეტ რისკზე წავა და ცდის, მეტად არა სტანდარტული მიდგომას, რაც არის მცველების მთავარი ძალა

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Marvel, Movies, Reviews. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.