ბევრი სხვა კომიქს პერსონაჟისაგან განსხვავებით, She-Hulk-ის შექმნის ისტორია იწყება არა კომიქსებიდან, არამედ – სერიალიდან, კერძოდ, საუბარია, 1977 წლის ჰალკის სერიალზე სახელად “The Incredible Hulk”, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა, სერიალმა 5 სეზონი გასტანა და ეს იყო მარველის პირველი დიდი წარმატება ეკრანებზე, თუმცა ამ წარმატების გამო, მარველის იმ დროინდელ მმართველ სტენ ლის (Stan Lee) აწუხებდა ის ფაქტი, რომ ჰალკის სერიალის შემქმნელი კენეთ ჯონსონი ასევე იყო Bionic Woman-ის სერიალის ავტორიც, ზემოხსენებული პერსონაჟი კი რეალურად The Six Million Dollar Man-ის ქალი ვერსია იყო, ზუსტად ამიტომ სტენ ლი შიშობდა რომ ჯონსონი იმავეს იზამდა ჰალკის შემთხვევაშიც, და თუ ეს ქალი ჰალკის პერსონაჟი მის სერიალში გამოჩნდება, კანონის მიხედვით ის ავტომატურად ჯონსონის საკუთრება ხდებოდა და არა მარველის.
ზუსტად ამიტომ სტენ ლიმ გადაწყვიტა She Hulk-ის შექმნა. ასე 1980 წელს გაყიდვაში გამოვიდა მწერალი სტენ ლის და მხატვარი ჯონ ბიუსემას (John Buscema) “Savage She Hulk’. სტენ ლის ეს ერთგვარი მწერლად დაბრუნება იყო, რადგან ამ წლებში ის მეტწილად კომპანიის მართვით იყო დაკავებული, ვიდრე წერით. სხვათა შორის, She-Hulk-მდე ზუსტად იგივე მოტივით შეიქმნა ადამიანი ობობას ქალი ვერსია “Spider-Woman”. ამიტომ, ტექნიკურად ეს ორი პერსონაჟი ნაკლებად იყო კრეატიული იდეის გამოხატვა და მეტად საავტორო უფლებების მიღების გარანტია. ეს, რა თქმა უნდა, კომიქსის ხარისხზე აისახა.
თავდაპირველი კომიქსი უბრალოდ ჰალკის ისტორია იყო ქალი გმირის ჩანაცვლებული. ეს ქალი პერსონაჟი იყო ბრიუს ბენერის ბიძაშვილი ჯენიფერ უოლტერსი (Jennifer Walters), რომელიც ადვოკატური საქმიანობით იყო დაკავებული. ეს პროფესია მისთვის საბედისწერო აღმოჩნდება, რადგან ამ საქმიანობის გამო ის ხდება კრიმინალების სამიზნე, რომლებიც მის მოკლას ცდილობენ რათა მას არ გაეგრძელებინა სასამართლო საქმე მაფიოზების წინააღმდეგ. საბედნიეროდ, თავდასხმის მომენტში ჯენიფერი თავის ბიძაშვილ ბრიუსთან ერთად იმყოფებოდა. შეტაკების დროს ჯენიფერი სროლის შედეგად დაიჭრება, ბრიუსი მალევე მიხვდა, რომ იმ მომენტში მისის გადარჩენისთვის სასწრაფოდ სისხლის გადასხმა იყო საჭირო და ერთად ერთი ხელმისაწვდომი სისხლის დონორი თვით ბრიუსი იყო. რა თქმა უნდა, ბრიუსს ესმოდა რომ ჰალკის სისხლი რისკებს შეიცავდა, მაგრამ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. ამის შედეგად სისხლის გადასხმა იმუშავებს, რადგან ნათესავური კავშირის გამო მათ მსგავსი გენეტიკური მონაცემები ჰქონდათ. ჯენიფერი გადარჩება და ჰოსპიტალში მოათავსებენ. კრიმინალები თავიანთი საქმის დამთავრებას გადაწყვეტენ, მაგრამ ჯენიფერის მოკვლის მაგივრად ისინი ჯენიფერის ახალ მწვანე ალტერ ეგოს ეცნობიან.
ისევე როგორც ბრიუსი, ჯენიფერიც ძლიერი სიძულვილისა და ბრაზის გამო ტრანსფორმირდება ჰალკად, თუმცა მოგვიანებით ჯენიფერს დაემატება ახალი უნიკალური ძალა, რომლის დახმარებითაც იგი სურვილისამებრ შეძლებს ჰალკად ტრანსფორმაციას. საინტერესოა ის, რომ მას ამ ძალის აღმოჩენაში დოქტორ მაიკლ მორბიუსი დაეხმარება, რომელიც ამ პერიოდში დროებით ადამიანი იყო. (მეტი ინფორმაცია მორბიუსის შესახებ წაიკითხეთ აქ). სურვილის მიხედვით ტრანსფორმაცია არ არის შიჰალკის ერთადერთი უნიკალური შესაძლებლობა. პირველ კომიქსებშიც კი ჩანს, რომ ჯენიფერი ნაკლებად ველურია, ვიდრე მისი ბიძაშვილი. ის ბევრად უკეთ აკონტროლებს საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს. თუ ჰალკის გონება ახლოს იყო ჩვილი ბავშვის გონებასთან, ქალი ჰალკი უბრალოდ ჯენიფერ უოლტერის ბრაზიანი და ემოციური ვერსია იყო, თუმცა მოგვიანებით გაქრა ბრაზიც და მას ჰალკის ფორმაში სრული ემოციური კონტროლი ჰქონდა. მეტიც, როდესაც ჯენიფერი ტრანსფორმირდებოდა, ის უფრო თავდაჯერებული ხდებოდა, მაშინ როდესაც ჯენიფერ უოლტერი მორცხვი და მორიდებული პერსონა არის.
ჯენიფერის პირველმა სოლო სერიამ “Savage She hulk” დიდხანს არ გასტანა, თუმცა კომიქსმა თავისი დასახული ფუნქცია შეასრულა. მოგვიანებით, შიჰალკი გახდება შურისმაძიებლების წევრი, სადაც იწყება მისი პერსონაჟის რეალური ფორმირება. ბრიუსიგან განსხვავებით, ის ბევრად უფრო გახსნილი, პოზიტიური და კომიკური პერსონაჟი იყო. ის არამხოლოდ შურისმაძიებლების, არამედ ფანტასტიკური ოთხეულის წევრადაც გვევლინება, სადაც ის დროებით ჩაანაცვლებს ბენ გრიმს. ამ პერიოდში ოთხეულის მწერალი/მხატვარი ჯონ ბერნი (John Byrne) იყო, რომელმაც X-Men-ებზე მუშაობით გაითქვა სახელი.
ბერნისთვის She-Hulk-ის პერსონაჟი იმდენად საინტერესო იყო, რომ მან დაითანხმა მარველი და შიჰალკის ახალი სერიის ავტორი გახდა. ამჯერად ახალი სერია აღარ იყო “Savage”, ის გახდა “Sensational She-Hulk”. ამ 1989 წლის კომიქს სერიამ რეალურად აქცია ჯენიფერ უოლტერი ვარსკვლავად და გაამყარა მისი სტატუსი როგორც მარველის სექსსიმბოლო. კომიქს სერიამ აიღო რადიკალური კომედიური მიმართულება, რომელიც არამხოლოდ ისტორიას, არამედ მთელ კომიქს-ინდუსტრიას დასცინოდა, მათ შორის- ავტორსაც. პერსონაჟის ეპატაჟური სექსუალიზაციაც შეიცავდა ირონიულ კომპონენტს და ერთგვარი კომენტარი იყო ქალი პერსონაჟების დახასიათებაზე კომიქსებში.
კომიქსის პირველივე ნომრის ყდა პირდაპირ ესაუბრებოდა მკითხველს, ამის გამოსახატავად, ჯონ ბერნი იყენებდა ე.წ. მეოთხე კედლის ნგრევის მეთოდს ან მეტა ნაწარმოების ჟანრს, როდესაც პერსონაჟი პირდაპირ მკითხველს/მაყურებელს ესაუბრება და იცის რომ ნაწარმოებშია. ეს ლიტერატურული ხერხი უმეტესად მარველის დედპულთან არის ასოცირებული, თუმცა დედპულამდე ეს ხერხი პოპულარული სწორედ შიჰალკმა გახადა. ეს კი მაშინდელი მკითხველისთვის ნამდვილად სიახლე იყო და ასევე სარისკოც, რადგან ასეთი კომიკური არასერიოზულობა აისახებოდა მთელ სამუშაოზე, რადგან დედპულისგან განსხვავებით, ჯენიფერ უოლტერი არაა მენტალურად ავადმყოფი. ზუსტად ამიტომ, მარველი ცდილობდა მის გარკვეულ ჩარჩოებში ჩასმას, რადგან ჯენიფერი სხვა კომიქსებშიც მონაწილეობდა.
ჯონ ბერნს ეს არ მოეწონა- სწორედ ამის გამო მან დატოვა კომიქს-სერია მე-8 ნომრის შემდეგ, თუმცა ის 30-ე ნომრისკენ კვლავ დაბრუნდება და მოვლენები გააგრძელა მე-8 ნომრიდან, მე-9-დან 29-ე ნომრებში მომხდარი მოვლენები კი ცუდ სიზმრად შერაცხა. ჯონ ბერნის კომიქს-სერია 79-ე ნომერზე დასრულდა, თუმცა შედარებით ხანმოკლე ხანგრძლივობის მიუხედავად ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ სუპერგმირულ კომიქსად, რომელიც მეტა ნაწარმოების და სატირის ჟანრს მიეკუთვნება, რომლითაც ის რადიკალურად განსხვავდებოდა რიგითი უბრალო კომიქსისაგან, მაგ პერიოდში, მეინსტრიმულ კომიქსებში She-hulk-ის ეკვივალენტად მეტა კომიქსად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ გრანტ მორისონის “Animal-man” რომელიც DC/Vertigo-ს მიერ გამოიცემოდა, თუმცა მორისონის კომიქსი ოდნავაც კი არ იყო იუმორისტული და ბევრად სერიოზულ თემებს ეხებოდა.
ჯონ ბერნის კომიქსის შემდეგ ქალი-ჰალკი აგრძელებდა მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებას. მისი მომდევნო წარმატებული სოლო სერია იყო დენ სლოტის (Dan Slott) 12 ნომრიანი სახელად “She-Hulk”, სერია იმდენად პოპულარული გახდა რომ დროის შემდეგ გამოვიდა დენ სლოტის კიდევ ერთი ახალი სერია, წარმატების ფორმულა კი იმაში მდგომარეობდა რომ სლოტმა აიღო პერსონაჟის ყველა არსებული ელემენტი და რეალურად განაგრძო პერსონაჟი ევოლუცია 21 საუკუნეში, სლოტი ახერხებდა სერიოზული და კომედიურ ელემენტებს შორის საინტერესო და თანამედროვე ისტორიების შექმნას, ზუსტად ამიტომ, დენ სლოტის კომიქსი გახდა მეორე (ბევრისთვის პირველიც) საუკეთესო კომიქსი She-Hulk-ის შემდეგ.
იუმორის მიუხედავად, კომიქსი უფრო ღიად საუბრობდა როგორც ჯენიფერის პიროვნულ ცხოვრებებზე, ურთიერთობებზე და პრობლემებზე ასევე ისეთ რთულ თემებზე, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, კერძოდ კომიქსში ერთ-ერთი სასამართლო საქმე ეხებოდა თანოსის ძმასა და ყოფილი შურისმაძიებელი ეროსის (Starfox) სუპერ ძალებს. ეროსის ძალა შეყვარების იძულება იყო, შესაბამისად ეროსს შეეძლო ყოველგვარი ადამიანისა თუ უცხოპლანეტელის კონტროლი და დამორჩილება, ამან კი დააყენა ლეგიტიმური შეკითხვა რამდენად არის ეროსის ძალა ადამიანის იძულება და გაუპატიურება, რამაც საინტერესო და უჩვეულო სასამართლო პროცესი გვანახა კომიქსში. ამ კომიქსში ასევე იყო წარმოსახული ჯენიფერი ქაოტური რომანტიკული ცხოვრება, მათ შორის სუპერგმირებთან, სლოტის სერიაში ის დაქორწინება ჯეი ჯონე ჯეიმსონის შვილზე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც წარჩინებული ასტრონავტი და “Man-Wolf”, თუმცა როგორც ყველა სხვა ჯენიფერის ურთიერთობა ეგეც ხანმოკლე აღმოჩნდება.
რაც შეეხება ჯენიფერ უოლტერსის ძალებს ჰალკის ფორმაში, გასათვალისწინებელია რომ Hulk-ის და She-Hulk-ის სხვაობა ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ჯენიფერს მოსწონს შიჰალკად ყოფნა, რადგან მის შემთხვევაში ეს მას ძალასა და თავდაჯერებულობას აძლევს და უფრო გახსნილ პიროვნებად აქცევს, მაშინ როდესაც ბრიუსისთვის ტრანსფორმაცია ნამდვილი კოშმარია. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბრიუსის ჰალკი ბევრად ძლიერია ჯენიფერის შიჰალკზე, ამიტომაც ჯენიფერისათვის უფრო მარტივია შიჰალკის კონტროლი.
არსებობს რამდენიმე თეორია ამ სხვაობის ასახსნელად- ერთი ბიოლოგიურია, რომლის მიხედვითაც ტესტოსტერონის გამო კაცები უფრო ძლიერები და აგრესიულები არიან და ჰალკად გადაქცევისას ეს ეფექტი ათმაგდება, ასევე ჯენიფერმა შეამჩნია რომ ადამიანის ფორმაში ფიზიკური ვარჯიშის შედეგად გაძლიერება მას ასევე უფრო ძლიერს ხდიდა ჰალკის ფორმაში. მეორე თეორიის მიხედვით, მათი ძალა მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთანაა კავშირშია- კერძოდ, ბრიუსის ბავშვობა სავსე იყო ტრავმებითა და ძალადობით, რომელიც პირველ რიგში მკაცრი მამისგან მოდიოდა. ბევრ კომიქსში ზუსტად მამამისის ძალადობით აიხსნება ჰალკის აგრესიული პერსონის შექმნა. ამიტომ რეალურად ჰალკი უკვე იყო ბრიუსში, რადიაციამ ის უბრალოდ “გარეთ” გამოუშვა. ჯენიფერ უოლტერსი კი ბევრად ჯანსაღი ფსიქიკის პატრონი იყო და ზუსტად ამიტომ, ის იმავე პერსონად რჩება ჰალკად გადაქცევისას.
მაგალითად Avengers Dissasmbled-ის მოვლენის დროს, როდესაც ვანდამ (Scarlet Witch) საკუთარი ფსიქიკური აშლილობის დროს გადაწყვიტა თავისი მეგობრების განადგურება, მან მაგიის მეშვეობით ზეგავლენა მოახდინა ჯენიფერის ფსიქიკაზე, რამაც გამოიწვია მასში აგრესიული უკონტროლო ჰალკის გაღვიძება. შედეგად, She-Hulk-მა გაანადგურა Vision-ის სხეული ანუ ტექნიკურ დონეზე მოკლა, ეს მოვლენა დიდი ზეგავლენას მოახდენს ჯენიფერის თავდაჯერებულობაზე და დიდი დროის განმავლობაში იგი მიატოვებს სუპერგმირულ ცხოვრებას. ჯენიფერის აგრესიული უკონტროლო ჰალკის პერსონა სხვა კომიქსებშიც გვხვდება, კერძოდ Civil War II-ის მოვლენების შემდეგ, ამ სუპერგმირული კონფლიქტის შედეგად ჯენიფერი ჰოსპიტალიზებულია, ბრიუსი კი (დროებით) მკვდარი, ამ მოვლენებმა კი სერიოზული ზეგავლენა იქონია ჯენიფერის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ამან კი, გავლენა იქონია მის ჰალკად ტრანსფორმაციაზე.
ახლა ის არამხოლოდ უკონტროლო და აგრესიული, არამედ რუხი ფერისაც გახდა, როგორც მისი ბიძაშვილი ბრიუსი პირველად გამოჩენისას. ველური She-Hulk მაგრამ უკვე მწვანე ასევე იყო ჯეისონ აარონის “Avengers” კომიქსის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, მაგრამ რეალურად მხოლოდ იმ მიზეზით რომ აარონს არ შეეძლო ბრიუს ბენერის ჰალკის გამოყენება (Immortal Hulk-ის მოვლენების გამო). ფანების დიდი ნაწილისთვის ველური ქალი-ჰალკი უინტერესო იყო, რადგან ის ივიწყებდა ჯენიფერ უოლტერსის ინდივიდუალურობას და აქცევდა მას უბრალო ჰალკად. ზუსტად ამიტომ 2022-ში She-Hulk აღარ არის ველური და ის კვლავ დაუბრუნდა თავის სტანდარტულ ფორმას, როგორც კომიქსებში, ასევე მის ახალ სერიალში Dinsey+ზე.