კომიქსების მხატვარი და ავტორი, სტივ დიტკო, 2018 წლის 29 ივლისს გარდაიცვალა. ცხოვრების ბოლო წლებში ის განმარტოებულ ცხოვრების სტილს ეწეოდა. იმის მიუხედავად, რომ იგი არის ადამიანი-ობობას და დოქტორ სტრეინჯის თანაავტორი, მას არასდროს დაინახავდით მისი პერსონაჟების ფილმების პრემიერებზე ან კომიქს ფესტივალებზე, 1968 წლის შემდეგ დიტკო ინტერვიუებსაც კი არ აძლევდა ჟურნალისტებს. ამ რადიკალური კარჩაკეტილობის სრული მიზეზები დღემდე უცნობია, თუმცა ერთ ერთი მიზეზი იყო სურვილი, რომ თავისი სიტყვა მას საკუთარი ნამუშევრით გამოეხატა.
სტივ დიტკო დაიბადა 1927 წლის 2 ნოემბერს პენსილვანიაში. მის ოჯახს ჩეხოსლოვაკური და უკრაინული ფესვები ჰქონდა. დიტკოს კომიქსების ინტერესის გამჩაღებელი იყო მამამისი, რომელსაც უყვარდა საგაზეთო კომიქსები. დიტკოს ინტერესი მხოლოდ გაძლიერდა, როდესაც 1940-ან წლებში ახალი კომიქს გმირები გაჩნდა, როგორიც იყო ბეტმენი და სული (Spirit). მოგვიანებით დიტკომ ჯარში დაოწყო მსახურობა, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში, სადაც ის ამერიკული ჯარის გაზეთში მუშაობდა კომიქს მხატვრად.
ჯარის შემდეგ დიტკომ გაიგო, რომ მისი საყვარელი მხატვარი ჯერი რობინსონი, რომელიც ცნობილი იყო როგორც ბეტმენის მხატვარი, ასწავლიდა ხატვას ვიზუალური ხელოვნების სკოლაში, დიტკო მალევე მოეწყო მის სასწავლებელში, ზუსტად აქ სტენ ლიმ პირველად დაინახა დიტკოს ნამუშევრები. 1953 წლისთვის დიტკო უკვე პროფესიონალი კომიქს მხატვარი იყო. ის უმეტესად მუშაობდა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის კომიქსებზე. მოგვიანებით დიტკომ დაიწყო მუშაობა ჯო საიმონის და ჯეკ კირბის სტუდიაში, მაგ პერიოდში ამ ორმა უკვე შექმნა კაპიტანი ამერიკა. შემდეგ დიტკომ დაიწყო მუშაობა Charlton Comics-თან, ყველაზე დიდი ხანს ის ზუსტად ამ გამომცემელთან იყო, სანამ 1985 წელს კომპანია საბოლოოდ დაიხურა, მისი პერსონაჟები კი DC-იმ იყიდა.
1955 წელს დიტკო თანამშრომლობას იწყებს Atlas Comics-თან (რომელიც შემდგომ გახდა ცნობილი როგორც Marvel Comics). აქ, ის უმეტესად ხატავდა სამეცნიერო ფანტასტიკის და ჰორორის ჟანრის ისტორიებს, მას ასევე ჰქონდა პირველი საერთო კომიქსი სტენ ლისთან – Amazing Adventures. ეს საერთო ძალისხმევა წარმატებული აღმოჩნდა, იმდენად, რომ სერიას სახელი გადაარქვეს – Amazing Adult Fantasy, რაც აქცენტს უსვამდა, რომ ეს კომიქსის ზრდასრული აუდიტორიისთვის იყო. ამასობაში სტენ ლის ახალი იდეა გაუჩნდა- გმირი რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ობობასთან. პერსონაჟის ვიზუალულის დასახვეწად მან პირველად მხატვარ ჯეკ კირბის მიმართა, თუმცა ჯეკის ვარიანტი სტენს არ მოეწონა, შესაბამისად მან თავის მეორე კოლეგას, სტივ დიტკოს მიმართა.
დიტკომ თავიდან ბოლომდე მოიფიქრა ადამიანი-ობობას კოსტუმის დიზაინი, ასევე დეტალურად დაამუშავა ყველა სხვა ელემენტი, როგორიცაა მისი ვებ-შუთერები და ობობას სიგნალი, როგორ ხედავდა ის ნიღბით, რა შეეძლო მის ქსელებს და ა.შ. ამის შემდეგ Amazing Adult Fantasy უკვე გახდა Amazing Fantasy, რაც მეტყველებდა იმაზე, რომ კომიქსი უკვე ფართო აუდიტორიაზე იყო გათვლილი. პიტერ პარკერიც მოზარდი იყო, როგორც კომიქსის მკითხველების უმეტესობა, რათა მათ უფრო ადვილად შეეძლოთ ადამიან-ობობასთან ასოცირება. სერიის 15-ე ნომერი, სადაც პირველად გამოჩნდა ობობა, წარმატებული აღმოჩნდა. მალევე ადამიანმა-ობობამ მიიღო საკუთარი სოლო სერია “The Amazing Spider-Man”. ჯამში დიტკომ და ლიმ ერთად იმუშავეს ამ სერიის 38-ვე ნომერზე.
ამ პერიოდში შეიქმნა ადამიანი-ობობას ყველა მნიშნველოვანი ბოროტმოქმედი: მისტერიო (Mysterio), მწვანე გობლინი (Green Goblin), მტაცებელი (Vulture), დოქ ოკი (Doc Ock), სენდმენი (Sandman), ელექტრო (Electro), კრეივენი (Kraven), ქამელეონი (Chameleon), სკორპიონი (Scorpion), ხვლიკი (Lizard) და სხვა. დიტკო არ იყო უბრალოდ მხატვარი და პერსონაჟების დიზაინერი, ის ასევე მუშაობდა კომიქსის სიუჟეტზე. იშვიათი არ იყო შემთხვევები, როდესაც სტენ ლი მხოლოდ დიალოგს ავსებდა დიტკოს უკვე მზა კომიქსში. ამ პერიოდიდან ყველაზე მეტად გამოიყოფა 33-ე ნომერი “If This Be My Destiny…!” სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ შეძლებს ადამიანი-ობობა თავისი კარიერის პირველი სერიოზული სირთულის დაძლევას რათა გადაარჩინოს დეიდა მეი. ეს კომიქს მომენტი დღემდე ითვლება ერთერთ ყველაზე დრამატულ და მნიშვნელოვან ეპიზოდად კომიქსების ისტორიაში, ეს სცენა ასევე იქნა ადაპტირებული ფილმში “Spider-Man: Homecoming”.
ადამიანი-ობობა არ იყო დიტკოს ერთად-ერთი წარმატებული ქმნილება, მაგრამ ამ ჯერად პერსონაჟის იდეა, როგორც დიზანი მთლიანად დიტკოს ეკუთვნოდა. საუბარია ახალ მაგიური გმირზე: დოქტორ სტრეინჯზე. იმის მიუხედავად, რომ ადამიანი-ობობა უკვე იყო ახალი სიტყვა კომიქსებში, სტრეინჯი მაინც ითვლება იმ პერიოდის ყველაზე უნიკალურ გმირად (დოქტორ სტრეინჯის პერსონაჟზე ვრცლად). სტრეინჯის კომიქსები გახდა პოპულარული სიურეალისტური და აბსტრაქტული ისტორიების გამო, რაც დიდ წილად დიტკოს ნახატების გამაოგნებელი ვიზუალის დამსახურება იყო- ამ ნამუშევრებს ხშირად ადარებენ სალვადორ დალის შემოქმედებას. 1960 წლებში სტრეინჯის კომიქსი საკმაოდ პოპულარული იყო ახალგაზრდებში, რომლებიც იმ პერიოდში მეტად გატაცებული იყვნენ ჰალუცინოგენური მცენარეებით, რაც ახლოს იდგა დიტკოს კომიქსის ფსიქოდელიკასთან. ასევე, ამ პერიოდში დიტკომ და ლიმ წარადგინეს “Eternity”-ის პერსონაჟი, ვინც იყო სამყაროს პერსონიფიკაცია, ამან კი რეალურად გახსნა მარველის სამყაროს სრულიად ახალი კოსმიური მხარე.
1966 წელს, დღემდე უცნობი მიზეზების გამო, დიტკომ დატოვა მარველი. არსებობს ბევრი თეორია თუ რატომ მოხდა ეს; ერთის მიხედვით, დიტკოს არ მოსწონდა იდეა რომ მწვანე გობლინი სინამდვილეში ნორმან ოზბორნი იყო, მას სურდა რომ გობლინი დარჩენილიყო უცნობად, თუმცა მან ეს უარყო ერთ-ერთ წერილში. მეორე თეორია- ზოგადი კრეატიული უთანხმოება და დაძაბულობა სტენ ლისთან. დიტკო აგრძელებს თავის კარიერას Charlton-ში, სადაც დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, მას ბევრად მეტი შემოქმედებითი თავისუფლება ჰქონდა. აქ მან შექმნა მეორე ლურჯი ხოჭო (Blue Beetle), შეკითხვა (Question), კაპიტანი ატომი (Captain Atom) და სხვა პერსონაჟები.
იმავე პერიოდში დიტკო გატაცებული გახდა, მწერალ აინ რენდის ფილოსოფიით, “ობიექტივიზმით”, რომელიც ქადაგებს რაციონალურ თვით ინტერესს და სამყაროს მიმართ ისეთ დამოკიდებულებას, რომელიც სუბიექტურობის საპირისპიროდ უპირატესობას ანიჭებს ობიექტურობას. ეს რა თქმა უნდა, აისახა მის შემოქმედებაზე- კერძოდ მის ახალ პერსონაჟ მისტერ ა-ზე (Mr. A), რომელიც Question-ის უფრო რადიკალური ვერსია არის. მისი მორალური კომპასის მიხედვით ის ხედავდა სამყაროს შავ-თეთრად, რაც არის მორალური აბსოლუტიზმი. აინ რენდის ობიექტივიზმის მიხედვით “A ყოველთვის არის A, იმის მიუხედავად რას ფიქრობს ან გრძნობს ადამიანი”, აქედანაც მოდის სახელი Mr. A. კომიქსი რადიკალური შინაარსის გამო, დამოუკიდებლად იყო გამოცემული. ასევე საინტერესოა, რომ ზუსტად დიტკოს პერსონაჟებზე იყო დაფუძნებული ალან მურის Watchmen-ის პერსონაჟები. რორშახი იყო მისტერ ა-ს და შეკითხვას ნაზავი, ღამის ბუ (Night Owl) ლურჯი ხოჯო იყო, დოქტორ მანჰეტენი კი – კაპიტანი ატომი.
1968 წელს დიტკომ DC-ში დაიწყო მუშაობა, მისი კარიერა იქ ხანმოკლე იყო თუმცა, DC-ისთვის დიტკომ შექმნა არაერთი პერსონაჟი, ყველაზე მეტად გამოიყოფა, შევარდენი და მტრედი (Hawk and Dove), როგორც მისტერ ა. ეს კომიქსიც იყო პოლიტიკური შინაარსის, ის პირველ რიგში იყო კომენტარი ვიეტნამის ომის შედეგად გახლეჩილ საზოგადოებაზე, შევარდენი განასახიერებდა მილიტარისტულ და აგრესიულ რეაქციას, მტრედი კი პაციფისტური და არა ძალადობრივ მოქმედებას. გარდა ამისა DC-ში დიტკომ შექმნა კრიპერი (Creeper), სტარმენი (Starman). 1985 წელს DC-მ შეისყიდა გაკოტრებული Charlton პერსონაჟები და მათ შორის დიტკოს შექმნილი ყველა პერსონაჟი. ამის შემდეგ დიტკო ფრილანსერად მუშაობდა, 1970 წლებში მისმა პოპულარობამ საგრძნობლად იკლო, 1980-ან წლებში მას უწევდა ნებისმიერი სამუშაოზე თანხმობა რათა უბრალოდ შეენარჩუნებინა ფინანსური სტაბილურობა. თუმცა ამ პერიოდშიც მან მაინც შექმნა რამდენიმე ახალი პერსონაჟი, მათ შორის 1976 წელს “Shade, the Changing Man” DC-სთვის, და 1992 წელს “Squirrel Girl” მარველისთვის.
თავისი კარიერის ბოლომდე დიტკო სასტიკად პრინციპული ადამიანი იყო, ის არასდროს ღალატობდა თავის შეხედულებებს, ამ პრინციპულობის გამო მან დიდი ფასიც გადაიხადა, რადგან ლეგენდარული სტატუსის მიუხედავად მასთან მუშაობა რთული იყო, მაგალითისთვის, მან უარი თქვა ერთი კომიქსის ილუსტრაციაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ სცენარის მიხედვით, კომქისის მთავარი გმირი, ხედავდა სიზმარს, სადაც ის ბოროტმოქმედი იყო, დიტკოსთვის ეს ყოვლად მიუღებელი იყო, მისი წარმოდგენით ნამდვილ გმირს არასდროს არ უნდა აწუხებდეს მსგავსი აზრები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დიტკოს მორალური აბსოლუტიზმის რწმენას, ამის მიუხედავად დიტკო ცხოვრების ბოლომდე დარჩა თავისი პრინციპების ერთგული. უცნაურობის მიუხედავად დიტკო არ იყო უბრალოდ კარგი, კრეატიული მხატვარი, ის იყო ერთ-ერთი პირველი ავტორი, რომელმაც გვაჩვენა, რომ კომიქსები, როგორც მედიუმი ბევრად უფრო მეტია ვიდრე გასართობი პატარა ბაშვებისთვის, რომ კომიქს ნამდვილად გააჩნია პოტენციალი გველაპარაკოს ფილოსოფიურ თემებზე.