დედპული: ისტორია

ძალიან იშვიათია, როდესაც შედარებით ახალი კომიქს პერსონაჟი ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც ვეტერანი პერსონაჟები. DC-ს შემთხვევაში ეს ჰარლი ქუინია (Harley Quinn), Marvel-ის კი დედპული (Deadpool), ორივეს აქვს ერთი საერთო ნიშან თვისება, ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ტრადიციული კომიქსის პერსონაჟებისგან. ჩვენ უკვე დავწერეთ ჰარლი ქუინის შესახებ, დღეს კი დედპულის შესახებ გაგაცნობთ.

პაროდია არა მხოლოდ დედპულის იუმორის განუყოფელი ელემენტია, არამედ მისი შექმნის არსია. როგორც სხვა კომიქს ავტორები, მხატვარი რობ ლაიფელდიც (Rob Liefeld) ხშირად “აკოპირებდა” სხვა პერსონაჟებს, და რეალურად  დედპული იყო DC-ის Deathstroke-ის უბრალო პაროდია, დედპულის ნამდვილი სახელიც კი  დეთსტროუკის სახელის პაროდია იყო – სლეიდ უილსონი და უეიდ უილსონი. დედპული  პირველად გამოჩნდა კომიქსში “The New Mutants #98” (1991 წლის თებერვალი), როგორც დაქირავებული მკვლელი, კომიქსის მწერალი ფაბიან ნისიეზა ნელ-ნელა ცდილობდა უეიდის პერსონის ჩამოყალიბებას, მან ამას კიდევ უფრო მეტი დრო დაუთმო დედპულის  პირველი მინი სერიაში, კონკრეტულად ნისიეზამ მისცა დედპულის სარკასტული საუბრის მანევრიზმი, რომელიც ასევე იყო პაროდია ადამიანი-ობობაზე (Spider-Man) და ვულვერინზე (Wolverine). ამის შემდეგ დედპულმა ახალი მინი სერია მიიღო, ამჯერად მწერალი მარკ უეიდი იყო, ამ სერიაში ჩვენ პირველად ვხედავთ დედპულს ნიღბის გარეშე.

დედპულის პოპულარობა იზრდებოდა და შედეგად მან მიიღო საკუთარი სრულფასოვანი (on going) სერია, ზუსტად ამ სერიაში, მწერალმა ჯოე კელიმ  (Joe Kelly) ჩამოაყალიბა ის დედპული, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. კელის არ ეშინოდა რისკების აღება, ზუსტად აქ ჩამოყალიბდა სარკასტული პაროდიული იუმორი, როგორც დედპულის პერსონაჟის განუყოფელი ნაწილი, კომიქსმა  აგრეთვე შექმნა დედპულის “ოჯახი”, მისი საუკეთესო მეგობარი ვიზელი (Weasel) და დედპულის პირადი მძევალი, ბრმა ელი , რომელიც რეალურად დედპულის დეიდა მეი და ალფრედია.

თუმცა იუმორი არ იყო ერთადერთი რამ რასაც კელი ცდილობდა, იგი ცდილობდა მკითხველისთვის ეჩვენებინა, რომ დედპულს გააჩნია მორალური კომპასი, საშინლად პრობლემატური, მაგრამ მაინც კომპასი.  კელის დედპული ცდილობს კარგის გაკეთებას, მაგრამ პრაქტიკაში ის მაინც, როგორც სოციოპათი იქცევა, მომავალში ეს სიკეთის გაკეთების სურვილი, არა ერთხელ იქნება გამოყენებული სხვა მწერლების მიერ. ზუსტად ამ შიდა მორალური კონფლიქტის არსებობამ გაუჩინა მკითხველს სიმპატია ამ დაქირავებული მკვლელის მიმართ.

დედპულის პერსონაჟის ჩამოყალიბების მიუხედავად, ცოტა რამ იყო ცნობილი მის წარსულზე, ჯოე კელიმ ამის გამოსწორება სცადა  კომიქსში “Deadpool/Death Annual 1998”. ჩვენ ვიგებთ რომ უეიდი (ისივე როგორც ფილმში) კიბოს განკურნების მიზნით Weapon X-ის ექსპერიმენტში იღებს მონაწილეობას. მუტანტებთან ხშირი ასოციაციის მიუხედავად, დედპული არ არის მუტანტი, რადგან მისი ძალები ექსპერიმენტის შედეგია. პირველადი ექსპერიმენტის შემდეგ უეიდი საგრძნობლად და პერმანენტულად დასახიჩრდა, მათ შორის სერიოზულად უარესდება მისი ფსიქიკური მდგომარეობა. უეიდი რეალურად ხდება ექსპერიმენტალური ვირთხა Weapon X-ისთვის, სადაც უილსონი რეგულარულად იყო სადისტურად წამებული, ამასობაში უეიდს პირველად ეცხადება სიკვდილის პერსონიფიკაცია, როგორც თანოსი, უეიდიც ხდება სიკვდილით გატაცებული , მას ერთადერთი სურვილი უჩნდება, მოკვდეს და სიკვდილთან ერთად იყოს.

პროვოკაციებით უეიდი უბიძგეს Weapon X-ის თანამშრომლებს მის წინააღმდეგ ლეტალური ძალის გამოყენებას, თუმცა წარუმატებლად, ექსპერიმენტების შედეგად უეიდი რეალურად უკვდავი გახდა, და ზუსტად ამ ბოლო წამების/მკვლელობის მცდელობის გამო მისი რეგენერაციული ფაქტორი საბოლოოდ აქტიურდება, რაც მას მომენტალურად არჩენს ყოველგვარი დაზიანებისგან, მაგალითისთვის მისი რეგენერაცია უფრო სწრაფია  ვიდრე ვულვერინის. სახელი დედპული კი მოდის Weapon X-ის ჰოსპისის აზარტული თამაშიდან, რომლის არსი იყო სწორად ამოცნობა თუ როდის მოკვდებოდა პაციენტი. ამის მიუხედავად დედპულის ისტორია არა ერთხელ იყო შეცვლილი, რაც იხსნებოდა დედპულის არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობით. ჩვენ ასევე ვიცით რომ Weapon X-მდე უილსონი ჯარში მსახურობდა, მას ასევე ყავდა შეყვარებული ვანესა, ასევე ცნობილი როგორც მუტანტი კოპიკეტი (Copycat), თუმცა უეიდმა გაწყვიტა ეს ურთიერთობა, როდესაც გაიგო თავისი დიაგნოზის შესახებ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისიც, რომ დედპული ნამდვილად უეიდი ვილსონი არის თუ არა. დედპული მაგაზეც ხუმრობს, რომ მისი “სწორი ისტორია” დამოკიდებულია მწერლების სურვილზე.

ფანების შორის პოპულარობის მიუხედავად დედპულის კომიქს სერია ხშირად იყო გაუქმების რისკის ქვეშ,  თუმცა ამას თავისი პლუსი ჰქონდა, რადგან კელი უფრო გაბედული იყო და მეტ კრეატიულ რისკს იღებდა. კელიმ ასევე დაწერა სერიის ფინალი, თუმცა ფანებმა მოახერხეს სერიის გადარჩენა, Deadpool #34-ში მწერლის პოსტზე რიჩარდ პრისტი დააყენეს, რომელიც ცნობილი იყო თავისი იუმორით, მართალია პირველად დედპულმა “მეოთხე კედელი” ჯოე კელის დროს დაანგრია ( “მეოთხე კედლის დანგრევა” -როდესაც პერსონაჟი პირდაპირ ელაპარაკება მკითხველს და მას ესმის რომ ის ნაწარმოების პერსონაჟია, მარველში პირველი პერსონაჟი, რომელმაც “მეოთხე კედელი დაანგრია” იყო She-Hulk.), მაგრამ პრისტი იყო ავტორი, რომელმაც მაგაზე სრული ყურადღება გაამახვილა და აქცია დედპულის პერსონაჟის აუცილებელ ატრიბუტად. სერიას სხვა ავტორებიც ჰყავდა, თუმცა უნდა გამოვყოთ: გეილ სიმონი (Deadpool #65-დან), რადგან რეალურად მხოლოდ მან გააგრძელა, ის რასაც ჯო კელი და რიჩარდ პრისტი აშენებდნენ, სამწუხაროდ, მოგვიანებით მარველმა სერია საბოლოოდ გააუქმა.

ცოტა ხნის შემდეგ, დედპული ისევ ბრუნდება მაგრამ უკვე მუტანტ კეიბლთან (Cable) საერთო სერიაში “Cable and Deadpool” (2004), სერიის მწერალი იყო, დედპულის თანა შემქმნელი, ფაბიენ ნისეზა. ფოკუსის გაყოფის მიუხედავად სერია მაინც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო კომიქსად დედპულზე. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტია, როდესაც უეიდი ამბობს, რომ ის ჰგავს რაინ რეინოლდსის და შარპეის ჯიშისს ძაღლის ნაჯვარს, ირონიულად, 5 წლის შემდეგ რაინ რეინოლდსმა ითამაშა “დედპულის” როლი X-Men Origins: Wolverine-ში. ამ კომიქსში ასევე გამოჩნდა დედპულის ორი ახალი მეგობარი, ჰიდრას აგენტი სახელად ბობი და დედპულის კოლეგა, დაქირავებული მკვლელი თესკმასტერი (Taskmaster).

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ჯო კელი DC-ში მუშაობდა, კერძოდ Superman/Batman კომიქსზე, ამ სერიაში მან დაწერა ისტორია, სადაც ჩნდება Deathstorke-ის სარკასტული ვერსია პარალელური სამყაროდან, რაც იყო  დედპულის აშკარა პაროდია.

Cable and Deadpool #50 შემდეგ ამ ორი პერსონაჟის გზები გაიყო – დედპულმა რიგით მეორე სერია მიიღო, ამ ჯერათ, მწერალი იყო დენიელ ვეი. ფანებს ჰქონდათ შენიშვნა ვეის ცვლილებებთან,  ახალ კომიქსში, დედპული მენტალური მდგომაროება უმძიმესია, მას ესმის ორი ხმა და მუდმივად აქვს ჰალუცინაციები, რაც შიზოფრენიისა და დისოციაციური აშლილობის ნიშანია. კი დედპულს აშკარად ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, მაგრამ არა ამ დონის, რამაც გააღიზიანა ფანების ნაწილი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ამ სერიაში იყო დედპულის სურვილი გამხდარიყო სუპერგმირი, თავიდან იგი წარუმატებლად ცდილობს იქს ადამიანებში გაწევრიანებას, შემდგომ კი ნიუ-იორკში მიდის სადაც ადამიან-ობობასთან ერთად ცდილობს “ისწავლოს” გმირობა, ამასთან ერთად დედპულმა მიიღო სამი ახალი სერია Deadpool: Merc with a Mouth, Deadpool Team-Up და Deadpool Corps. (სადაც პარალელური რეალობების დედპულები გუნდში ერთიანდებიან). მოგვიანებით დედპულმა ირიბად მიაღწია თავის სურვილს, იგი Uncanny X-Force-ის წევრი გახდა, რაც იყო იქს ადამიანების საიდუმლო დანაყოფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სასიკვდილო ძალას იყენებს.

Marvel NOW! ქვეშ, დედპულს ახალი სერია მისცეს, ამ სერიის მწერლები იყვნენ ბრაინ პოშენი და გერი დუგანი. დანიელ ვეის კომიქსთან შედარებით, სერია ბევრად დადებითად იყო მიღებული ფანების მიერ, ამ სერიის 27-ე ნომერში დედპული დაქორწინდა შაიკლაზე (Shiklah, Queen of the Undead.) თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდა. “AXIS” მოვლენის შემდეგ  დედპული შურისმაძიებლების წევრიც გახდა. Secret Wars შემდეგ მას იწვევენ Avengers Unity Division-ში, გუნდში რომელიც აერთიანებს მუტანტ და არა მუტანტ სუპერგმირებს. ამასთან ერთად, დედპული ცდილობს დაახლოებას ადამიან-ობობასთან, იმდენად რომ 2016-ში ისინი საკუთარ კომიქს სერიას იღებენ: Spider-Man/Deadpool, რომელსაც თავიდან ჯო კელი წერდა და ედ მაკგინესი ხატავდა.

ჩვენ ასევე ვიგებთ რომ დედპულს ჰყავს ქალიშვილი, პატარა გოგო სახელად ელი, თავიდან დედპულს არც კი სჯეროდა რომ ეგეთი ლამაზი ბავშვი მისი შეიძლება ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ უეიდი აღადგენს მასთან ურთიერთობას. ამასობაში, დედპული უახლოვდება სტივ როჯერს, თუმცა, როგორც ირკვევა ეს სხვა სტივ როჯერსია, რომელიც სინამდვილეში Hydra-ზე მუშაობს, დედპულს სასტიკად არ უმართლებს და Secret Empire-ის მოვლენების შედეგად ეს დაახლოვება სტივ როჯერსთან მას ძვირად უჯდება, მისი შვილი ელი გადაწყვეტს მასთან კონტაქტის გაწყვეტას და უეიდს გაქცევა და დამალვა უწევს.

ძალები

როგორც აქამდე ავღნიშნეთ, დედპულის მთავარი ძალაა მისი ულტრა სწრაფი რეგენერაციის უნარი, ამასთან ერთად მისი რეგენერაცია არა მხოლოდ უფრო სწრაფი არამედ ნაკლებად მტკივნეული ვიდრე ვულვერინის. წარსულში იყო ნაგულისხმები, რომ დედპულს გარკვეული სუპერ ძალა გააჩნდა, თუმცა ეს იდეა მალევე იყო დავიწყებული. სუპერ ძალის გარეშეც დედპული არის გამოცდილი მსროლელი, მოფარიკავე, და ხელჩართული ბრძოლის ექსპერტი. დედპული ასევე იყენებს სატელეპორტაციო და უამრავ სხვა მოწყობილობებს.

მედია

ორი ფილმის (და ყველასთვის დავიწყებული X-Men Origins: Wolverine) გარდა დედპული ასევე გვხვდება სხვა მედიაშიც, მაგალითად 1992 წლის იქს ადამიანების ანიმაციურ სერიალში (X-Men TAS), ერთ ეპიზოდში შეიფშიფტერი მუტანტი მორფი, წამიერად გადიქცა დედპულად, ასევე დედპული  გვხვდება ლოგანის Weapon X-ის ფლეშბექში. დედპულმა უფრო ფართო როლი მიიღო ანიმაციურ ფილმში Hulk Vs Wolverine (2009),  დედპულს ასევე მიეძღვნა Ultimate Spider-Man-ის ეპიზოდი, რომელიც ბევრი ფანის აზრით არის სერიალის საუკეთესო ეპიზოდი. 2018-ში ტელეარხი FX  აპირებდა დედპულის ანიმაციური სერიალის გადაღებას, რომელიც ზრდასრული აუდიტორიაზე იქნებოდა გათვლილი, თუმცა კრეატიულ უთანხმოების გამო პროექტი ჩაიშალა. 2013 წელს დედპულმა მიიღო საკუთარი თამაში Deadpool The Video Game, ის ასევე გამოჩნდა სხვა თამაშებშიც: X-Men Legends II: Rise of Apocalypse, Marvel: Ultimate Alliance, X-Men Origins: Wolverine, Spider-Man: Shattered Dimensions და Marvel vs. Capcom 3: Fate of Two Worlds.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.