როგორი უნდა ყოფილიყო სამართლიანობის ლიგა 


“სამართლიანობის ლიგა” უამრავი ცვლილების მსხვერპლი გახდა, რაზეც ვისაუბრეთ მიმოხილვაში. ფილმი გახლდათ ორი რეჟისორის და WarnerBros. სტუდიის კინო-ფრანკენშტეინი, მაგრამ ბევრი ფანისთვის საინტერესოა რა შეიცვალა მასში, რა იყო პირველადი იდეა. ინტერნეტში გაჟონა გარკვეულმა ინფორმაციამ, რომელიც მოდის იმ ადამიანებისგან, ვინც ნახეს ფილმის სატესტო პირველადი ვერსიები; რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ეს 100% სიმართლედ განვიხილოთ, სანამ ფილმის შემქმნელები ამას თვითონ არ დაადასტურებენ.

ამ წყაროების მიხედვით, ფილმში სერიოზულად შეიცვალა სტეპენვულფის იდეა, მისი მთავარი მიზანი იყო დედამისის გაცოცხლება, რომლის “სულიც” გაფანტული იყო სამ Mother box-ში, ამ ძალით ის გააკონტროლებდა დედამიწას და ასევე დაამარცხებდა დარკსაიდს და ტრიუმფალურად დაბრუნდებოდა აპოკალიფსზე. უფრო ფართოდ ნაჩვენებია სტეფენვულფის ფლეშბეკის სცენა, სადაც ის დედამიწის ძველ გმირებს ებრძვის, მათ შორის დიალოგები აქვთ ამაზონებს, გრინ ლანტერნს და ოლიმპის ღმერთებს. ფილმში ზუსტად სტეპენვულფის იდეაა სუპერმენის გაცოცხლება, ლიგა კი უბრალოდ ცდილობს დაასწროს მას, აქვე გვემატება დეტალი, რომ ერთადერთი მიზეზი რატომაც შეიძლება სუპერმენის გაცოცხლება მის დნმ-ში არსებული “კოდექსის” გამოა, რაც იყო Man of Steel-ის ერთ-ერთი თემა. რაც შეეხება ფაქტებს, ფილმის კინოოპერატორმა დაადასტურა, რომ მას გადაღებული ჰქონდა სუპერმენის სცენები, სადაც სუპერმენს შავი კოსტუმი ეცვა.

დაბრუნებული სუპერმენი ბრძოლის შემდეგაც აგრესიული და დაბნეულია და მხოლოდ დედამისი დაამშვიდებს როდესაც გაუმეორებს იმ სიტყვებს, რაც “Man of stee-ში” უთხრა, კერძოდ იმ სცენაში, სადაც მოხდა კლარკის ძალების პირველადი მანიფესტაცია. ფინალური ბრძოლის დროს სტეპენვულფი კვლავ შეეცდება სუპერმენის კონტროლს და გადაბირებას, რაც პირდაპირ უკავშირდება ბეტმენის სიზმარს/მოჩვენებას “Batman V Superman”-იდან. ამ მომენტში სუპერმენი ხედავს ხილვას, სადაც მეორდება ბევრი სცენა იგივე სიზმრიდან და ასევე ჩნდება დარკსაიდი, თუმცა სუპერმენი მალევე გამოდის ამ კონტროლიდან. შესაძლოა ამიტომაც ფაქტიურად ყველა მისი სცენა თავიდანაა გადაღებული.

რაც შეეხება სხვა პერსონაჟებს- უფრო ფართო იყო კიბორგის პრე-ისტორია, ჩვენ გვაჩვენებენ მის ცხოვრებას ავტო კატასტროფამდე. ასევე გვაჩვენებენ დამატებით სცენებს ფლეშთან, რომელშიც ის აირის ვესტს გადაარჩენს, ზუსტად ამ სცენიდან არის შუშის მსხვრევის მომენტი ტრეილერებიდან. სცენების ამოჭრა არც აკვამენს ასცდ ა- სრულიად ამოჭრილია ვილემ დეფოს ვოლკოს სცენა, რომელიც მოუწოდებს მას დაბრუნდეს ატლანტიდაში. დიანას და ბრიუსის დიალოგიდან ამოჭრილი ბეტმენის თავგანწირვის საუბრის ნაწილი, სადაც ბეტმენი ამბობს, რომ ის იმსახურებს სიკვდილს, რადგან BvS-ში ემოციური არასტაბილურობის გამო კლავდა ადამიანებს, ფინალური ბრძოლის დროს ბეტმენი კვლავ შეეცდება თავგანწირვას მაგრამ მას აკვამენი და დიანა გადაარჩენენ. ფინალური ბრძოლის ადგილი ასევე უნდა ყოფილიყო არა რაღაც როგითი ადგილი რუსეთში, არამედ ჩერნობილის მახლობლად.

ასევე სხვანაირი იყო სტეპენვულფის აღსასრული, ფილმის ბოლოში ის ტელეპორტირდება აპოკალიფსზე, უკვე იქ მას დარკსაიდი კლავს და ამბობს რომ დროა თვითონ შეხვდეს დედამიწის კრიპტონელს, რაც ლიგის მეორე ნაწილში უნდა მომხდარიყო. ასევე ჭორების მიხედვით, ფილმის პირველ სცენარში, ჯერ მაშინ როდესაც ის 2 ნაწილიანი იყო, სუპერმენი თვითონ კლავს სტეპენვულფს გულის ამოგლეჯვით, (ზუსტად ისევე როგორც მან ჯოკერი მოკლა Injustice-ში), გასაგები მიზეზების გამო ამაზე უარი ითქვა. ფილმში ასევე იყო სცენა სადაც დესსთროუკი იხსნის ლექს ლუტორს არქჰემიდან, ამ სცენაში უნდა ეჩვენებინათ ბეტმენის ბევრი ბოროტმოქმედის კამეო. რაც შეეხება პოსტ კრედიტ სცენებს, თავდაოირველი ჩანაფიქრით პირველ სცენაში ბრიუსი იღვიძებს ღია მწვანე შუქის გამო, მას სახლში გრინ ლანტერნები მოვიდნენ, კერძოდ კილოვოგი და ტომარ რეი.

ბევრი საინტერესო მომენტის მიუხედავად, გასათვალისწინებელია რომ WarnerBros.-ს უმიზეზოდ არ დაუწყია ცვლილების მოთხოვნა, რადგან ეს პირველადი ვერსია დაახასიათეს როგორც “არაყურებადი”. თქვენ რას ფიქრობთ ამ ორიგინალურ იდეებზე და შემდგომ ცვლილებებზე?

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: DC, Movies, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.