კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო მიმოხილვა

2015-ში ყველა ფანი გაოცდა, როდესაც მარველმა დაანონსა კომიქს CIVIL WAR-ის ეკრანიზაცია, რომელიც მესამე კაპიტანი ამერიკას ფილმის ფარგლებში მოხდებოდა. ამ კომიქსის ეკრანიზაცია არც თუ ისე მარტივია; პირადად კომიქსის ავტორის – მარკ მილარისთვის ამ ისტორიაზე მუშაობა “ჯოჯოხეთი” იყო, მაგრამ ძმები რუსოების წინა კეპის ფილმის შემდეგ, რომელიც ასევე იყო სავსე პოლიტიკური მომენტებით, ზუსტად ამიტომ ფანების შორის დიდი იმედი და ოპტიმიზმი გაჩნდა, რომ ფილმი მართლაც კარგი გამოვიდოდა.

სპოილერები!

კომიქსი სამოქალაქო ომი არ არის უბრალო კომიქსი, იგი არა მხოლოდ ერთ- ერთი საუკეთესო მოვლენა/ქროსოვერია მარველისგან ის აგრეთვე განიხილავს ძალიან საინტერესო პოლიტიკურ თემას. კომიქსში სტენფორდის ტრაგედიის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო, უსაფრთხოების მიზნით, გადაწყვეტს დაარეგისტრიროს და ამით დაიმორჩილოს ყველა სუპერგმირი, ამიტომ სუპერგმირებმა თავიანთი საიდუმლო ვინაობებიც უნდა გაამხილონ. გმირები, რომლებიც ამ კანონს არ დაემორჩილებიან ავტომატურად კრიმინალებად ცხადდებიან.

ისტორიის მთავარი იდეა არსებობდა და იარსებებს უფრო დიდხანს ვიდრე მთელი კომიქსების ჟანრი, ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობა ცდილობს გაზარდოს თავისი კონტროლი მოქალაქეების ცხოვრების ნებისმიერ ნაწილში, იქნება ეს სამუშაო, პირადი ცხოვრება ან ნებისმიერი სხვა ასპექტი, სადაც ხელისუფლებას ჯერ არ აქვს კონტროლი ან არასაკმარისი კონტროლი აქვს. გამართლება ყოველთვის ერთი და იგივეა – რეგულირება და ხალხის უსაფრთხოება. მილარის კომიქსი შესანიშნავად გადმოსცემს ამ იდეას.

ერთის მხრივ ,ეს არჩევანია თავისუფლებასა და ტირანიას შორის, მეორეს მხრივ, კი უმართავ ქაოსს და კანონის შორის. ორივე პოზიციას შეიძლება მოეძებნოს თავისი პლუსები და მინუსები. ზუსტად ეს არის ამ ისტორიის მთავარი სიძლიერე: ჩვენ არ ვიცით ვინ არის “ბოროტი” ან “კეთილი” განსხვავებით ტრადიციული კომიქს ისტორიებისა.

ნებისმიერი ისტორიის ეკრანიზაცია არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღებთ ლიტერატურული ნაწარმოების იდენტურ სცენარს, ზოგჯერ ეს პლუსია ზოგჯერ კი-მინუსი. ფილმ სამოქალაქო ომის შემთხვევაში ეს პლუსი გამოდგა, რადგან იდენტური სათაურის მიუხედავად ფილმი გვაჩვენებს კომიქსისგან საკმაოდ განსხვავებულ, უნიკალურ ნაწარმოებს.

 ”კაპიტანი ამერიკა- სამოქალაქო ომი” ფილმია სამ ლატენტურ ჰომოსექსუალზე, რომლებსაც უჭირთ გრძნობების ახსნა ერთმანეთისთვის… კარგით ვხუმრობ, მაგრამ მაინც… დავუბრუნდეთ ფილმის განხილვას.

ძმებ რუსოებს ჰქონდათ რთული ამოცანა – კომიქსის მთავარი იდეის გარდა მათ უნდა გაეგრძელებინათ “ზამთრის ჯარისკაცის” ისტორია წინა ფილმიდან, ჩაესვათ ფილმში უამრავი უკვე არსებული პერსონაჟი და წარედგინათ ორი სრულიად ახალი გმირი: შავი პანტერა (რომლისთვისაც ეს ფილმი ერთგვარი პერსონაჟის დასაბამი (საწყისი) ისტორიაა) და კინო სამყაროს რიგით მესამე ადამიანი-ობობა. აქედან გამომდინარე ადვილი დასანახია თუ რატომ იყო პროექტი ძნელი და რატომ შეეძლო ბევრს ეთქვა, რომ ეს ფილმი შეიძლებოდა გამხდარიყო გადატვირთული ფიასკო.

საბედნიეროდ, რეჟისორმა ძმებმა და სცენარისტებმა (კრისტოფერ მარკუსი და სტეფენ მაკფილი) დაძლიეს ყველა სირთულე და შექმნეს არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც ყველა თავის დანიშნულებას წარმატებით ასრულებს.

კანონ-პროექტის/რეგისტრაციის იდეა შესანიშნავად არის გადმოცემული, იმის მიუხედავად, რომ განსხვავება მაინც აშკარა; ფილმში არ არის საუბარი საიდუმლო ვინაობებზე, რომელიც რეალურად არც არსებობს მარველის კინო სამყაროში თუ იგივე ადამიან ობობას და ნეტფლიქსის დერდევილს არ ჩავთვლით, აქ თემა მხოლოდ სუპერგმირების დამორჩილებაა მსოფლიო მთავრობების მიერ. როგორც კაპიტანი ამბობს – ხელისუფლებებს მართავენ ადამიანები, დღეს ამ ადამიანებს ერთი მიზანი აქვთ ხვალ კი-სულ სხვა, ამის გარდა კეპი მეორე მსოფლიო ომსაც გააკრიტიკებს, რაც ასევე თავისებურად საინტერესო მომენტია.

არც ადამიან-ობობას უწევს, რომელიმე მხარის არჩევა, როგორც კომიქსში, შესაძლოა ეს თემა განვითარდეს ობობას სოლო ფილმში, რომელშიც ტონი სტარკი და სავარაუდოდ კაპიტანი ამერიკაც გამოჩნდებიან.

 თუ კომიქსში სტარკი ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ დაამარცხოს კაპიტანი ამერიკას “კრიმინალების” გუნდი, მათ შორის გამოიყენოს ბოროტმოქმედები და მკვლელები თავისი დიდი ხნის მეგობრების წინააღმდეგ, ფილმში ტონის სრულიად არ უჭირს გამონახოს დროებითი შერიგების მომენტები და თვალიც დახუჭოს ბევრ რამეზე, როგორც ეს ფილმის ფინალურ სცენაში ხდება. რეგისტრაციის კანონს არა აქვს იმდენად დიდი როლი როგორც ეს იყო მარკ მილერის ისტორიაში. თუ კომიქსში კეპს და ტონის შორის კონფლიქტი ბოლომდე რეგისტრაციის გამო იყო, ფილმში ბოლო შერკინების სცენა სულ სხვა მიზეზის გამო ხდება, უფრო პირადი და შეიძლება ითქვას დამაჯერებელი მიზეზის გამო.

ყველა პერსონაჟს მეტ-ნაკლებად პროპორციული და რაც მთავარია ეფექტური დრო აქვს, არც ერთ გმირზე ან სცენაზე არ შემიძლია ვთქვა რომ ის ზედმეტი იყო. ყველას აქვს თავისი სახასიათო მომენტი, მათ შორის პირადად ჩემთვის საუკეთესო მომენტები ვიჟენს ერგო, სადაც მისი პერსონაჟის განვითარება ჩანს.

ზუსტად ამ “თანასწორობის” გამო ძნელია ვთქვათ, არის თუ არა, ეს ფილმი მესამე კაპიტანი ამერიკა ან მესამე შურისმაძიებლები. ის რეალურად ორივეა. მინუსებიდან, ძალიან ნაადრევი მომეჩვენა სტივის და შერონის კოცნა. სპაიდის პოსტ-კრედიტ სცენაც დიდი არაფერი იყო, ნამდვილად შეიძლებოდა ამაზე მეტის ჩვენება.

ბევრი კრიტიკოსის თქმით, ადამიანი ობობა ამ ფილმში იდეალურია თუ არა- საუკეთესო, მე შორს ვარ ამ აზრისგან მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ფილმს ვხედავ როგორც ერთგვარ პრევიუს ობობასთვის, და თუ რეალურად როგორი იქნება ტომ ჰოლანდის ადამიანი ობობა წინა ორთან შედარებით უკვე მისი საკუთარი ფილმიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, თავისთავად უდავოა, რომ სპაიდერმენი ფილმში ბრწყინავდა, თავისი ბავშვურობით, იუმორით, მოუქნელობით და გამოუცდელობით.

ფილმის ექშენი სწრაფი და ენერგიულია, და მათ შორის არის როგორც უფრო რეალისტური სცენებიც ასევე უფრო ფანტასტიკურიც. აეროპორტის დიდი შერკინება საერთოდ საუკეთესო ექშენ სცენაა კომიქსს ფილმებიდან, სადაც ენტმენი/ჯაიანტმენი და ადამიანი ობობა ყველაზე მეტად გამოირჩევიან.

ფილმის მთავარი ბოროტმოქმედი – ზიმო, ერთდროულად იმედგაცრუება და დიდი წარმატებაა, იმედის გაცრუება იმიტომ, რომ ზიმოს პერსონაჟს შეიძლებოდა ქონოდა სულ სხვა სახელი და არანაირ ცვლილებას ეს არ მოახდენდა, მას არაფერი აქვს საერთო კომიქსის ზიმოსთან (ზიმოებთან), ის არც ბარონი და არც ნაცისტია. არ იქნებოდა ურიგო კეპს ეთქვა, რომ ვინმეს ბარონ ზიმოს ებრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ არა. წარმატება კი იმაში, რომ ზიმო ჩემი პირადი აზრით მარველის იდეალური ბოროტმოქმედია, რადგან ის არის ნამდვილი “შურისმაძიებელი” გასაგები მოტივაციით, რომელიც შეძლებს გააკეთოს ის რაც არც ერთ, ბევრად უფრო ძლიერ ბოროტმოქმედს არ გაუკეთებია, მან შექმნა ნამდვილი კონფლიქტი გმირებს შორის და ამით ფაქტობრივად დაშალა შურისმაძიებლების გუნდი.

ზიმო, ჩემი აზრით, hate-love-ის ღირსია, მაქვს იმედი და სურვილი რომ ის კვლავ დაბრუნდეს და სცენარისტებმა გაიხსენონ ის, რაც მისმა კომიქს ვერსიამ გააკეთა “Avengers: Under Siege”-ში, ერთ-ერთ საუკეთესო “შურისმაძიებლების” ისტორიაში, იქ ბარონ ზიმომ ტრიუმფალურად დაამარცხა შურისმაძიებლები თავისი გუნდით “Masters of Evil”.

ზოგადად ფილმის მთავარი თემა შინაარსობრივად ზუსტად შურისძიებაა და არა- სამოქალაქო ომი, როგორც ამას ვხედავთ შავი პანტერას, ზიმოს, ტონის და საკოვიაში დაღუპული სტუდენტის დედის შემთხვევაში. ზუსტად ამიტომ, უპრიანი იქნებოდა სახელი Captain America: Revenge ან რაიმე მსგავსი ყოფილიყო; კიდევ ერთხელ-სულაც არაა პრობლემა ის, რომ ფილმი არ არის ერთი-ერთში კომიქსთან (რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ) რადგან ორივე ღირსეული და თავისებური პროდუქტია. მიჭირს ფილმის ზუსტი “ქულებით” შეფასება, მაგრამ ის ნამდვილად დაიკავებს ადგილს საუკეთესო კომიქს ეკრანიზაციებს შორის.

P.S. დეიდა მეის სტრიპტიზის სცენა ბევრად აჯობებდა ბოლო პოსტ-კრედიტში.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Ant-man, Marvel, Movies, Posts, Reviews, Spider-Man. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.