სტენ ლი – ადამიანი, რომელმაც შექმნა სამყარო.

ადამიანი შეიძლება არ იყოს კომიქსების ფანი, თუმცა თუ მას, რამდენიმე მარველის ფილმი მაინც აქვს ნანახი, დიდი ალბათობით, მან იცის ვინ არის სტენ ლი, კომიქსის ავტორის ესეთი პოპულარობა იშვიათია, თუმცა ნამდვილად დამსახურებულია, სტენ ლის წვლილი კომიქსებში შეუფასებელი და განუზომელია, არ არსებობს სხვა ავტორი, რომელმაც ამდენი პერსონაჟი შექმნა, მაგრამ სტენ ლიმ უბრალოდ არ შექმნა უამრავი კომიქს პერსონაჟი, მან შექმნა ცოცხალი დინამიური სამყარო, ერთ-ერთი ყველაზე ფართო და მდიდარი ფიქტიურ სამყარო ლიტერატურაში, რომელიც დღემდე განაგრძობს არსებობას და განვითარებას. რა თქმა უნდა, სტენ ლი არ იყო ერთადერთი პასუხისმგებელი ამ სამყაროზე, ეს სამყარო არ იარსებებდა თუ არა სხვა გენიოსი ავტორების ნიჭი, მათ შორის, განსაკუთრებით გამოიყოფიან ჯეკ “მეფე” კირბი და სტივ დიტკო, რომლებსაც ჩვენ უკვე დავუთმეთ დრო.

სტენ ლი (სტენლი მარტინ ლიბერი) დაიბადა 1922 წელს ნიუ-იორკში, რუმინელი ებრაელი ემიგრანტების ოჯახში. მისი ოჯახი ღარიბად ცხოვრობდა თუმცა სტენლის ჰქონდა დიდი ოცნება დაეწერა ე.წ. “Great American Novel”; კრიტიკულად აღიარებული ნოველა, რომელიც აჩვენებს ამერიკულ კულტურას და ისტორიას (მაგ. დიდი გეტსბი, თამაში ჭვავის ყანაში). თავიდან სტენლი მუშაობდა სხვადასხვა ადგილას მწერლის პოზიციაზე, თუმცა ის ასევე ანაცვლებდა მწერლობას სხვა მცირე სამუშაოებით. 15 წლისას მან მიიღო მონაწილეობა New York Herald Tribune-ის ესეების კონკურსში, როგორც სტენ ლი იხსენებს მან ზედიზედ სამჯერ მოიგო ეს კონკურსი, რის შემდეგაც  გაზეთმა  მას მოუწოდა პროფესიონალურად დაეწყო წერა, ზუსტად ამ რჩევამ შეცვალა მისი ცხოვრება.

ბიძამისის დახმარებით, სტენლი მოეწყო Timely Comics-ში. დასაწყისში სტენლი დამხმარე ასისტენტის პოზიციაზე იყო, მის მოვალეობებში შედიოდა მხატვრების მელნით და ლანჩით მომარაგება, ის ასევე ამოწმებდა კომიქსების ტექსტებს. რამდენიმე, წლის შემდეგ სტენლიმ დაწერა თავისი პირველი კომიქსი, ეს იყო ჯო საიმონის და ჯეკ კირბის მიერ შექმნილი კაპიტანი ამერიკის მესამე ნომერი, ზუსტად აქ, მან პირველად გამოიყენა ფსევდონიმი “სტენ ლი”, როგორც ის განმარტავს, მაგ დროს კომიქსებს ძალიან დაბალი სტატუსი ჰქონდა და მას არ უნდოდა ნამდვილი სახელის გამოყენება მსგავს არასასურველ ჟანრში, რადგან მას ჯერ კიდევ სურდა წიგნების ავტორობა. თუმცა ირონიულად წლების შემდეგ მან გადაიკეთა სახელი და  ოფიციალურად სტენ ლი გახდა.

1941 წელს სტენ ლიმ პირველად მიიღო მონაწილეობა პერსონაჟის შექმნაში, ეს იყო “გამანადგურებელი” (Destroyer) კომიქსში Mystic Comics #6. 1941 წლის ბოლოს 19 წლის სტენი რედაქტორის პოზიციაზე დანიშნეს, რამაც გაამართლა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ლის კარგად ესმოდა კომიქს ბიზნესი. 1942-ში სტენ ლი ჯარში გაიწვიეს, ის მსახურობდა, როგორც მწერალი, ის წერდა ინსტრუქციებს, სატრეინინგო ფილმებს, სლოგანებს და ასევე ხატავდა, და ამავდროულად აგრძელებდა წერას Timely comics-თვის.

1950 წლებში Timely Comics გახდა Atlas Comics, სუპერგმირების ჟანრი უკვე არ იყო იმდენად პოპულარული ამიტომ სტენ ლი მუშაობდა სხვადასხვა ჟანრის კომიქსებზე, იყო ეს რომანტიკა, სამეცნიერო ფანტასტიკა, ვესტერნი, ჰორორი თუ კომედია. 1950-იანების ბოლოს ლი უკმაყოფილო იყო თავისი არსებული კარიერით, ის სერიოზულად ფიქრობდა სხვა საქმიანობაზე, თუმცა ზუსტად მაგ პერიოდში DC-იმ შექმნა ახალი კომიქსი, სუპერგმირების გუნდზე სახელად “Justice League of America”, ამის საპასუხოდ გამომცემელმა მარტინ გუდმანმა სტენ ლის დავალება მისცა: შეექმნა ახალი სუპერგმირების გუნდი. აღსანიშნავია, რომ მაგ პერიოდში Atlas-მა ისევ შეიცვალა სახელი და Marvel Comics გახდა, ეს იყო ახალი ეპოქის დასაწყისი.

ახალი კომიქსის შექმნისას სტენ ლის მეუღლემ, მას ურჩია უფრო ექსპერიმენტალური გზით წასულიყო, უფრო მეტი რისკი აეღო და ისეთი გმირები შეექმნა, რომელიც მას ნამდვილად უნდოდა, რადგან ის მაინც არაფერს კარგავდა. ლიმ გაითვალისწინა ეს რჩევა, და შექმნა ისეთი პერსონაჟები, რომლებიც განსხვავდებოდნენ 1940 წლების იდეალიზირებული სუპერგმირებისგან, მისი გმირები კომპლექსურები იყვნენ, მათ აწუხებდათ რეალური პრობლემები, სერიოზული პიროვნული ნაკლები, შიდა და გარე კონფლიქტები.

ფაქტობრივად სტენ ლიმ დაანგრია და განაახლა არსებული სუპერგმირის პროტოტიპი, ჯეკ კირბისთან ერთად სტენ ლიმ შექმნა ფანტასტიკური ოთხეული, რომელიც ნაწილობრივ იყო დაფუძნებული კირბის “ Challengers of the Unknown”-ზე, ოთხეული არ იყო უბრალო სუპერგმირების გუნდი, არამედ პირველ რიგში ოჯახი, ზუსტად ეს სუპერ ოჯახური დინამიკა, შიდა კონფლიქტი და სამეცნიერო ფანტასტიკის ნაზავი იყო ის რამაც ეს კომიქსი დიდ ჰიტად აქცია. სტივ დიტკოსთან ერთად მან შექმნა ერთ-ერთი პირველ თინეიჯერი სუპერგმირი, რომელიც არ იყო დიდი სუპერგმირის დამხმარე (როგორც რობინი), ეს იყო ადამიანი ობობა, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა სხვა გმირებისგან, პიტერ პარკერი იყო მორცხვი და დაკომპლექსებული მოზარდი, რომელსაც კლასელები დასცინოდნენ და ჩაგრავდნენ, თუმცა მისი პრობლემები მხოლოდ გამწვავდა, როდესაც ის გახდა ადამიანი-ობობა, 15 წლის ასაკში მას უწევდა სწავლა, მუშაობა, მსოფლიოს გადარჩენა და ჯონა ჯ. ჯეიმსონის ცილისწამების ატანა.

ასევე კირბისთან ერთად ლიმ შექმნა იქს-ადამიანები, მუტანტების გუნდი, რომელიც იცავდა სამყაროს რომელსაც მათი ეშინოდა. ეს კომიქსი იყო ალეგორია რასიზმზე, დისკრიმინაციაზე და სამოქალაქო უფლებების მოძრაობაზე, იქს – ადამიანების ლიდერი პროფესორი იქსი განასახიერებდა  პაციფისტურ მიდგომას დისკრიმინაციასთან ბრძოლაში, მისი მოწინააღმდეგე მაგნეტო კი ძალადობრივ მოქმედებას. ამასთან ერთად სტენ ლიმ შექმნა პირველი აფრიკელი სუპერგმირი – შავი პანტერა, რაც საკმაოდ სარისკო ნაბიჯი იყო იმ წლებისთვის. სტენ ლი ასევე ეხებოდა სხვა სოციალურ თემებს, როგორიცაა ნარკომანია და ომი. მსგავსი თემები კომიქსებში დღეს არავის უკვირს, თუმცა 1960-ანი წლებისთვის ეს სრულიად უცხო იყო. სტენ ლიმ უდაოდ შემატა კომიქსების ჟანრს რეალიზმი და კომპლექსურობა, იმის მიუხედავად, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს კომიქსები მეტწილად ბანალურები ჩანან.

ლიმ ჯეკ კირბისთან ერთად ასევე შექმნა, ჰალკი, თორი, რკინის კაცი. ბილ ევერეთთან ლიმ შექმნა დერდევილი, პროფესორ იქსითან ერთად ერთ-ერთი პირველი შშმ სუპერგმირი. სტივ დიტკოსთან ერთად ლი მუშაობდა სიურეალისტურ დოქტორ სტრეინჯზე. მან გააცოცხლა ისეთი გმირები, როგორც კაპიტანი ამერიკა და ნემორი და შექმნა ნამდვილი პასუხი DC-ის სამართლიანობის ლიგაზე- შურისმაძიებლების კომიქსი, რომელიც აერთიანებდა მარველის ახალ გმირებს და კაპიტან ამერიკას. რაც ყველაზე აუცილებელია, ყველა არსებული პერსონაჟი ერთ საერთო სამყაროში მოქმედებდა, რაც დამატებითი ინტერესს ქმნიდა მკითხველისთვის.

ამ პერიოდიდან ყველაზე მეტად გამოიყოფა ფანტასტიკური ოთხეულის გალაქტუსის ტრილოგია, ალბათ ეს არის პირველი ყველაზე მასშტაბური ისტორია მარველისთვის, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა, იმდენად, რომ 1968 წელს ლიმ დაიწყო ამ მოვლენის ერთ-ერთი პერსონაჟის – Silver Surfer-ის სოლო სერიის წერა, რომელიც დღემდე ითვლება მის ყველაზე ფილოსოფიურ ნამუშევრად. იმ დროისთვის ლის წერის სტილი გახდა უფრო სერიოზული და დახვეწილი- ის უკვე იყო გათვლილი კოლეჯის მოსწავლეებზე და არა მხოლოდ მოზარდებზე.



1972 წლისთვის ლიმ დაასრულა კომიქსების რეგულარული წერა და მარველის გამომცემლის პოზიციაზე გადავიდა, თუმცა ის ისევ განაგრძობდა მუშაობას სხვადასხვა პროექტზე, მაგრამ უფრო მცირე როლში. აქედან გამოირჩევა The Savage She-Hulk სერიის შექმნა და კომიქსი- Silver Surfer Parable, სადაც ის მუშაობდა ლეგენდარულ ფრანგ მხატვართან- ჟან ჟიროსთან ერთად, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მიობიუსი . სტენ ლი აქტიურად მუშაობდა მარველის კომიქსების ტელე და კინო ეკრანიზაციებზეც.

1990-იანებში სტენ ლი წამოვიდა მარველიდან და მიიღო სპეციალურ სტატუსი და ყოველწლიური ხელფასი 1 მილიონი დოლარის ოდენობით. ლიმ ასევე იმუშავა DC-სთან, კომიქს სერიაში “Just Imagine…”, მან შექმნა ყველა ცნობილი დისის პერსონაჟის საკუთარი ვერსია. 2001 წელს სტენ ლიმ შექმნა ანიმაციური სერიალი Stripperella, რომელიც დაფუძნებული იყო მსახიობ პამელა ანდერსონზე, ანდერსონი ასევე ახმოვანებდა მთავარ პერსონაჟს. ცნობილი ჰოლივუდელი სცენარისტი, ჩაკ ლორი იხსენებს, თუ როგორ იგდებდა ყველა კინოსტუდია აბუჩად სტენ ლის შემოთავაზებებს სუპერგმირული ფილმების შესახებ, თუმცა ამის მიუხედავად სტენ ლი არ ნებდებოდა, სტენმა საბოლოოდ გაიტანა თავისი და ზუსტად ამიტომ სტენ ლის კემოები ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან მას დიდი წვრილი აქვს არა მხოლოდ პერსონაჟების შექმნაში არამედ ამ ფილმების არსებობაში. 2008 წელს ლიმ მიიღო ეროვნული ჯილდო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის აშშს პრეზიდენტისგან.

სტენ ლიმ შეიძლება ვერ აღასრულა თავისი პირველადი ოცნება და ვერ დაწერა “Great American Novel”-ი, მაგრამ მან შექმნა გაცილებით უფრო დიდებული რამ, სხვა ავტორებთან ერთად მან შექმნა უკვდავი სამყარო, სადაც გმირები ცხოვრობენ ჩვენს რეალობაში,  რეალური პრობლემებით და განცდებით, სამყარო რომელიც გახდა ფასეული და კულტურული გავლენა იქონია მილიონობით ადამიანზე. ამ სამყაროში მან შექმნა გულახდილი გმირები, რომლებთანაც მკითხველებს შეეძლია ასოცირება და გააზრება იმისა, რომ ყველას შეუძლია გახდეს გმირი, მისი ეროვნების, სქესის, ასაკის, შეზღუდვების თუ ნებისმიერი სხვა დაბრკოლების მიუხედავად. სტენ ლიმ გვანახა, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია გახდეს გმირი.

This entry was posted in Articles, Authors, Comics, Marvel, Posts. Bookmark the permalink.