კაპიტანი ამერიკის პატრიოტიზმი

პოპ-კულტურაში ამერიკული იდეალების უდავო სიმბოლო, კაპიტანი ამერიკა,  მასმედიისთვის ისევ აქტუალური გახდა, როდესაც კომიქსში აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ის  იყო ბოროტი ორგანიზაციის, “ჰიდრას” საიდუმლო აგენტი. “ჰიდრა” პირდაპირ დაკავშირებული იყო ნაცისტებთან. მალევე ცნობილი გახდა, რომ ეს  ნაცისტი კაპიტანი არის “ჰიდრის” წარსულის მანიპულაციის შედეგი, ნამდვილი კაპიტანი კი სხვა განზომილებიდან ბრუნდება და (რა თქმა უნდა) ამარცხებს ნაცისტ კაპიტან ამერიკას. ამ ორი კაპიტანი ამერიკის არსებობამ  დააყენა საკითხი რა არის ის ფასეულობები, რაზეც ნამდვილი კაპიტანი ამერიკა დგას?

ამისთვის მოკლედ გადავხედოთ მის ისტორიას. კაპიტანი ამერიკა 1944 წელს ჯოე საიმონმა და ჯეკ კირბიმ შექმნა, კომიქსს აშკარად ჰქონდა პროპაგანდისტული ფუნქცია, ის ხშირად ასახავდა გერმანელებს და იაპონელებს რასისტულ კარიკატურებად, თუმცა ამის მიუხედავად  კაპიტანი იბრძოდა ამერიკული იდეალებისთვის – სიმართლე და თავისუფლება ყველა ადამიანისთვის. რადგან მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სუპერგმირებმა დაკარგეს პოპულარობა, კომიქსებში კაპიტანი ამერიკა მხოლოდ 1960-იან წლებში ბრუნდება, როდესაც  მარველის ეპოქა დაიწყო.

ამ პერიოდში პროპაგანდისტულმა ნაწილმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ყველაფერი უფრო რადიკალურად შეიცვალა 1974 წელს: Captain America #180-ში კაპიტანი იგებს, რომ ა.შ.შ. მთავრობის ზედა ეშელონების პირები, მათ შორის პრეზიდენტიც (ამის დიდი მინიშნებაა), სინამდვილეში იყვნენ იმ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები, რომელსაც კაპიტანი ამერიკა ებრძოდა. ამ მთავრობის პირებს უფრო მეტი, აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება სურდათ. ეს კომიქსი აშკარა კომენტარი იყო  პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაციის დროს მომხდარი უოტერგეიტის სკანდალზე.

ამ მოვლენამ დიდი ზეგავლენა იქონია კაპიტან ამერიკის მსოფლმხედველობაზე. ამის შემდეგ იმედგაცრუებული კაპიტანი გადაწყვეტს, რომ მას მეტი არ შეუძლია იყოს ამერიკული იდეალების სიმბოლო. ცოტა ხანში ის ახალ ალტერ ეგოს ქმნის სახელად ნომადი (Nomad) – ადამიანი ქვეყნის გარეშე, თუმცა მალევე უბრუნდება ძველ ალტერ ეგოს, ის ხვდება, რომ ის ა.შ.შ. სახელმწიფოს კი არ უნდა წარმოადგენდეს, არამედ ამერიკულ იდეალებს, მას ესმის, რომ  თუ ამ იდეალებს არ ექნებათ სიმბოლო მთლიანად ქვეყანას უფრო უარესი ბედი შეიძლება ეწიოს.

ამის შემდეგ კაპიტანი ამერიკის სკეპტიციზმი სახელმწიფოს მიმართ მხოლოდ იზრდება. 1980-იანებში კაპიტანი ამერიკა დერდევილთან (Daredevil) ერთად შეებრძოლა გაგიჟებულ  “პატრიოტ” სუპერ ჯარისკაცს. კაპიტანი ამერიკა აღმოაჩენს, რომ ეს სუპერ ჯარისკაცი დიდი კრიმინალური ფიგურის, კინგპინის, მიერ იყო დაქირავებული, ეს კი კორუმპირებული გენერლის მეშვეობით მოხდა. თვით ჯარისკაცი კი იმავე საიდუმლო სახელმწიფო პროექტის ექსპერიმენტია, რამაც მიანიჭა კაპიტანს სუპერ ძალები.  კაპიტნის ამ ქექვის საპასუხოდ  სახელმწიფო კომისია მას  ულტიმატუმს დაუყენებს, რათა ის გახდეს ა.შ.შ. მთავრობის მორჩილი აგენტი, რადგან როგორც კაპიტნის ძალები, ასევე მისი უნიფორმა, ფარი და სახელიც კი ამერიკის სახელმწიფოს საკუთრებაა, ის, რა თქმა უნდა, ამაზე უარს ამბობს. მას ნათლად ესმის რომ ის იქნება გამოყენებული ბინძური სახელმწიფო საქმეებისთვის. ამის შემდეგ ის უბრალოდ “კაპიტანი” ხდება, თუმცა ეს კომიქსებია და არც ეს გაგრძელდა დიდ ხანს, ცოტა ხანში, ის ისევ გახდა კაპიტანი ამერიკა.

ამ ორმა მომენტმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რომ კაპიტანი ამერიკა არაა მთავრობის მარიონეტი, ის  არ არის სახელმწიფოს მიმართ ერთგული გმირი, ის მხოლოდ ამერიკული იდეალების ერთგულია, რაც არის სამართლიანობა და თავისუფლება ყველა ადამიანისთის. კაპიტანის სკეპტიციზმი სახელმწიფოს პოლიტიკის მიმართ ასევე იქნება ნაჩვენები 2006 წლის კომიქსში “Civil War”, სადაც ის ეწინააღმდეგება და ებრძვის სუპერგმირების სახელმწიფოს რეგისტრაციის აქტს, ეს კომიქსი ასევე იყო კომენტარი 9/11 ტერაქტების შემდეგ “პატრიოტის” აქტის შემოღებაზე, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა სამოქალაქო თავისუფლებებს.

მაგრამ ყველაზე კარგად  კაპიტანი ამერიკის პატრიოტიზმი არის ილუსტრირებული სხვა არა კანონიკურ ისტორიაში, What if #44 (1983), რომელშიც მოვლენების ალტერნატიული ვითარებაა ნაჩვენები, სადაც კაპიტანი ამერიკა ჯერ ისევ გაყინულია, მის ადგილას კი სხვა ყალბი კაპიტანია. ამ ყალბი ვერსიისთვის ამერიკის სახელმწიფოს კრიტიკა და პროტესტი სრულად მიუღებელია, ის ყოველთვის ერთგულია სახელმწიფოს მიმართ, სწორია ის თუ არასწორია,  მისთვის ყველა კრიტიკოსი “კომუნისტია” და ანტიამერიკელი, თავისუფლება მას მოსწონს მხოლოდ როგორც გამოთქმა და არა როგორც ფასეულობა. ამ ყალბ კაპიტანს აიძულებენ, რომ მან დაუჭიროს მხარი მესამე პარტიის პოლიტიკოსს, რომელიც თავისთავად მოიგებს არჩევნებს.  ეს სენატორი ქსენოფობიური და ნაციონალისტურ პოლიტიკის გატარებას დაიწყებს, რათა “დაიცვას” სამუშაო ადგილები „ნამდვილი“ ამერიკელებისთვის არალეგალებისგან და უმცირესობებისგან. იწყება ემიგრანტების რეგისტრაცია, რაც ასევე პარალელია ებრაელების რეგისტრაციასთან ნაცისტურ გერმანიაში, ა.შ.შ. კი დღითიდღე პოლიციურ სახელმწიფოდ იქცევა.  აღმოჩნდება, რომ ამ პროცესით სინამდვილეში ბოროტი ჯგუფი  მანიპულირებს.

რა თქმა უნდა, ნამდვილი კაპიტანი ამერიკა ბრუნდება და აჩერებს ამ პროცესს,  მაგრამ ისტორიის დასასრულს კომიქსის დიალოგი უფრო  საინტერესოა, ვიდრე ბრძოლა, რაც კარგად აჩვენებს სხვაობას ნაციონალისტური პატრიოტზმის და კაპიტანი ამერიკას პატრიოტიზმის შორის. ყალბი კაპიტანი მიიჩნევს, ამერიკას დიდებულებისთვის ავტორიტარული “დამუშავება” სჭირდება, რაც თავისუფლებაზე უარის თქმას გულისხმობს. მაგრამ ეს მისთვის დასაშვებია, რადგან თავისუფლება დიდი მიზნისთვის იზღუდება. გამარჯვების შემდეგ, ნამდვილი კაპიტანი ამერიკა პასუხობს, რომ მისი “ამერიკა” ნაგავია თუ ის არ არის ერთგული თავისუფლების იდეალის მიმართ ყველა ადამიანისათვის, ამის გარეშე ერი არაფერია, დროშა უბრალოდ ნაჭერია. ის დასძენს, რომ ის შეებრძოლა ჰიტლერს არა იმიტომ, რომ ამერიკა დიდებული იყო, არამედ იმიტომ, რომ ამერიკის თავისუფლება მყიფე იყო, მას ესმოდა, რომ თუ არა ეს ბრძოლა, ამერიკაც ისივე მარტივად დაკარგავდა თავისუფლებას, როგორც ნაცისტური გერმანია და გადაიქცეოდა უბრალო ავტორიტარულ სახელმწიფოდ, რომელიც შიშით არის მართული, ზუსტად იგივე რაც ემართება ამერიკას ამ კომიქსში.  გარშემო მყოფი ხალხი კი გაოცებული ამბობს, რომ ეს მართლაც ნამდვილი კაპიტანი ამერიკაა.

პუბლიკა აჩვენებს  აღტაცებას  კაპიტან ამერიკას, თუმცა ის მათ აჩერებს და მკაცრად ეუბნება, რომ ისინი უკვე ბრმად მიყვებოდნენ ერთ ლიდერს, რამაც ისინი ბოროტებისკენ მიიყვანა, მათ არ უნდა გაცვალონ ერთი ლიდერი მეორეს ნაცვლად, არამედ დამოუკიდებლად უნდა დაიწყონ ფიქრი, ჩაიხედონ საკუთარ თავებსა და გულებში და ზუსტად მაქედან მოძებნო გზა უკეთესი ამერიკისკენ.

საბედნიეროდ, კაპიტანი ამერიკის წარმოდგენები შესანიშნავადაა ნაჩვენები მის სამივე ფილმში, ამიტომ როგორც კომიქსებში, ასევე ფილმებში კაპიტანი ამერიკის პატრიოტიზმი არის დაფუძნებული არა სახელმწიფოს დროშის სიყვარულზე, ეროვნულ გამოთქმებზე ან ერის გენეტიკურ უპირატესობაზე, არამედ ნამდვილ იდეალებზე, როგორიცაა პრინციპულობა და თავდადება სიმართლის, თავისუფლების და სამართლიანობის მიმართ. კაპიტანმა ამერიკამ ბევრი შეიძლება ასწავლოს პატრიოტიზმზე და ღირსებაზე არა მხოლოდ მოზარდებს, არამედ ძალიან ბევრ ზრდასრულ ადამიანს, მათ შორის იმათაც, ვისაც დღეს დიდი სახელმწიფო პოსტი უკავია.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Comics, Marvel, Posts, X-Men. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.