სამართლიანობის ლიგა: მიმოხილვა

სამართლიანობის ლიგის მიმართ დიდი მოლოდინები არსებობდა; “Batman V Superman” და “Suicide Squad” კრიტიკული ფიასკოს შემდეგ, ლიგა უნდა ყოფილიყო ფილმი, რომელიც სწორ გზაზე დააყენებდა დისის კინო სამყაროს. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში Wonder Woman-ის ფილმმა ორმაგი როლი ითამაშა – მან გააცოცხლა ენთუზიაზმი, თუმცა ამავე დროს აწია საკმაოდ დაბალი მოლოდინები. იმის მიუხედავად, რომ ფილმი სჯობს “ბვს” და “თვითმკვლელთა რაზმს” და პერსონაჟების მხრივ ბევრ სწორ არჩევანს აკეთებს, ის სამწუხაროდ მაინც ვერ ახერხებს ამ მოლოდინების გამართლებას.

დავიწყოთ უარყოფითით: ფილმის ქრონომეტრაჟი მოკლეა – სულ ორი საათი, როდესაც  Wonder Woman-ს დაუთმეს 2 საათი და 21 წუთი. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით ლოგიკას არის მოკლებული, როდესაც გაითვალისწინებ, რომ ფილმი არ არის ერთ პერსონაჟზე არამედ მთლიან გუნდზე, სადაც გუნდის ჩამოყალიბების გარდა სამი ახალი გმირი უნდა წარადგინო და ერთი გააცოცხლო. ამ მხრივ მარველის შურისმაძიებლებს უფრო მარტივად ჰქონდათ საქმე, რადგან მათი პერსონაჟები უკვე კარგად წარდგენილნი იყვნენ თავიანთ სოლო ფილმებში. “სამართლიანობის ლიგა” ყველა გაგებით დაჩქარებულია, მისი მოქმედება არ გაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას, ამ ტერმინის ცუდი გაგებით, ის გაყრის უამრავ სცენას, თითქოს ფილმს კი არ უყურებ არამედ ტრეილერების მონტაჟს, ამიტომ  ლიგა არ ტოვებს სრულფასოვანი სამ აქტიანი ფილმის შთაბეჭდილებას, რომელიც იგივე Wonder Woman იყო.

ცალკე გასათვალისწინებელია, რომ ფილმს რეალურად ორი რეჟისორი ყავს, ზეკ სნაიდერმა გადაღება ვერ დაამთავრა ოჯახური ტრაგედიის გამო, ამიტომ დამთავრება დაავალეს შურისმაძიებლების რეჟისორს – ჯოს უიდონს. ფილმში იგრძნობა უიდონის ხელი, განსაკუთრებით კარგ დიალოგებში. მაგრამ კარგი დიალოგების მიუხედავად, ფილმის  ზოგადი ისტორია ძალიან სუსტია, განსაკუთრებით 2012 წლის შურისმაძიებლების შემდეგ, რომელმაც უკვე წაართვა დისის პირველობა გუნდური ფილმების სფეროში. სიტყვაზე, თუ რამეს შეიძლება შეადარო ეს ფილმი, ის ყველაზე ახლოსაა Avengers Age of Ultron-ს და Suicide Squad-თან.

ფილმში არაფერია მოულოდნელი, ინტრიგა ფაქტობრივად არ არსებობს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისტორია ასეთი სუსტი გახდა მონტაჟის ან ახალი ხედვის გამო, შესაძლოა იგი თავიდანვე არ იყო საინტერესო, რაც დასანანია რადგან ჯეკ კირბის “4th World”, სადაც შედის ფილმის მთავარი ბოროტმოქმედი სტეფენვულფი და მისი პარადემონების არმია, არის დისი მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ძლიერი ელემენტი, მსგავსი არაკრეატიული მოპყრობა ამ იდეის მიმართ უბრალოდ დასანანია და დიდი იმედგაცრუებაა. ფილმის ყველაზე საინტერესო მომენტი შორეული წარსულის ფლეშბექია, რომელშიც ბევრი საინტერესო “მწვანე” “Easter egg”-ია. ამასთან ერთად არ იყო შთამბეჭდავი “იმედის” გაცოცხლება, განსაკუთრებით დეტალების მხრივ, რამაც შეიძლება გააღიზიანოს ზოგი ფანის მოლიდინები.

გამაღიზიანებელი დაჩქარებული ტემპის, რადიკალური მონტაჟის და სუსტი ისტორიის მიუხედევად, ფილმი მაინც ახერხებს გამოასწოროს BvS ბევრი შეცდომა, მათ შორის წინა ფილმის, ზოგჯერ ლოგიკას მოკლებული მოქმედება და მისი არც იმდენად სწორი პერსონაჟების დახასიათება, რაც ასევე ბევრი ფანისთვის დიდი პრობლემა იყო. სამართლიანობის ლიგამ ამ მხრივ სწორად წარმოაჩინა ძველი გმირები და წარადგინა ახლები. გუნდის ყოველ წევრს გააჩნია ინდივიდიუალურობა. თუ ფილმმა რამე წარმატებით მოახერხა, ეს არის კერძოდ ლიგა  – ფილმმა რეალურად შექმნა საინტერესო გუნდი, ის არაა სხვადასხვა გმირების უბრალო ნაკრები ერთ ეკრანზე, დროის ნაკლებობის მიუხედავად სამართლიანობის ლიგა შემდგარი გუნდია, რომელიც მუშაობს, გუნდი სადაც წევრებს შორის არის ქიმია, დინამიკა და ასევე კონფლიქტიც.

კერძოდ პერსონაჟებზე რომ გადავიდეთ, გამოიყოფა დიანას და ბრიუსის ურთიერთობა, ფილმში ჩანს ორივე პერსონაჟის განვითარება, განსაკუთრებით კარგია მათი საუბარი ლიდერობაზე. ტრეილერიდან უკვე ჩანდა რომ ფლეში იქნება ფილმის სარკასტული პერსონაჟი და ეზრა მილერი ამას შესანიშნავად ასრულებს, იმის მიუხედავად რომ ის უფრო ახლოსაა უოლი ვესტის პერსონაჟთან ვიდრე ბარი ალენის. ჯეისონ მამოას აქუამენი საკმაოდ ქარიზმატული აღმოჩნდა, რაც მისი მომავალი ფილმისთვის მეტად საჭიროა. კი – ის ბევრად განსხვავდება კლასიკური აკვამენისგან, რომელიც ბევრისთვის რეალურად უბრალოდ ქერა ზღვის სუპერმენი იყო, ამიტომ მე კარგად ვარ განწყობილი მამოას ე.წ. “AquaBro” მიმართ. ასევე კარგად მუშობს რეი ფიშერის კიბორგი. რაც შეეხება გაცოცხლებულ “იმედს”, ჩვენ მივიღეთ მისი ყველაზე კლასიკური და იმედით სავსე ვერსია რაც კიდევ ჩანს ფილმის პირველივე სცენაში. კიდევ ერთხელ მე დარწმუნებული ვარ რომ ის 20-30 წუთი, რომელიც ფილმს წაართვეს ბევრად, წაადგებოდა როგორც თვითონ ისტორიას, პერსონაჟებს.

მოქმედების გარდა ასევე დაჩქარებული ჩანს ფილმის სპეცეფექტები, რაც ხშირად თვალს ცუდად ხვდება, ეს ალბათ შეიძლება აიხსნას დამატებითი გადაღებებით, შესაძლოა ფილმი ბევრად უკეთესი იქნებოდა როგორც 2 ნაწილიანი ფილმი, და ისტორია არ იქნებოდა იმდენად დაჩქარებული, მაშინ ეს 2 საათიანი ქრონომეტრაჟი მართლა იქნებოდა გამართლებული. აშკარაა ამ ფილმის გადაღების დროს იყო გათვალისწინებული ყველა შენიშვნა რაც BvS მიმართ არსებობდა, ხალხს არ მოწონდა წინა ფილმის ზედმეტი სიბნელე, ლიგაში ჩვენ გვაქვს უფრო ღია და იმედიანი ტონი ასევე იუმორიც. ხალხს არ მოსწონდა კომპლექსური, ჩახლართული და ზოგჯერ ალოგიკური სიუჟეტი, ჩვენ მივიღეთ ზედმეტად მარტივი სიუჟეტი, აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ მიდგომა მხოლოდ ნაწილობრივ იმუშავა პერსონაჟების და ტონის მხრივ, ფილმის ისტორია კი წავიდა უაზროდ ჩახლართულიდან გამაღიზიანებლად მარტივამდე.

ფილმის ყველაზე სასიამუვნო მომენტი  იყო პოსტ კრედიტ სცენები, პირველი სცენა არის დისის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური მომენტი, მეორე, საკმაოდ კარგად გადაღებული სცენა, უფრო შეეხება ამ კინო სამყაროს მომავალს. ეს სცენები გვახსენებს თუ როგორი უნდა იყოს პოსტ-კრედიტ სცენები, როდესაც მარველისგან ჩვენ ხშირად ისეთ სცენებს ვიღებთ რომლებიც არც კი ამართლებენ ლოდინს. გულახდილად ვიმედოვნებ რომ ლიგის შემდეგი ფილმი (თუ ის საერთოდ იქნება) ამ ბოლო პოსტ-კრედიტ სცენის მოლოდინებს მაინც გაამართლებს.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ სამართლიანობის ლიგა კარგი გუნდია  სუსტ ფილმში, ლიგას ნამდვილი სიძლიერე მისი პერსონაჟებია, კრიპტონიტი კი ულტრა ბანალური ისტორია რომელიც უფრო 1970-ანი წლების “Super Friends”-ის ანიმაციური სერიალისთვის არის შესაფერისი ვიდრე დიდი ეპიკური ფილმისთვის, თუმცა ამავე ანიმაციიაში “4th World” კონცეპტი ბევრად უეკეთესად იყო გამოყენებული.

დისი საკულტო პერსონაჟები ნაღდად იმსახურებენ უკეთეს ფილმს და ისტორიას, ყველაზე ტრაგიკურლი აქ Warner Bros. მიდგომა, ამ მიდგომის პრობლემატურობზე უკვე ის ფაქტი მეტყველებს რომ მათ უპრობლემოდ გახლიჩეს თავისი ფილმი მხოლოდ იმიტომ რომ 2 საათიანი ფილმი უფრო ხშირად შეიძლება აჩვენო კინოთეატრში (და თეორიაში უფრო მეტი ფული გააკეთო), მათ სამწუხაროდ ვერ ისწავლეს გაკვეთილი Wonder Woman-იდან და ავიწყდებათ, რომ ხალხი ფულს იხდის არა “2 საათიანი ფილმში” არამედ ფილში რომელსაც კარგი პერსონაჟების გარდა აქვს ახალი, საინტერესო და ამაღელვებელი ისტორია. რომელიც არა მხოლოდ სტაჟიანი ფანებისთვის არის სასიამოვნო, არამედ რიგითი მაყურებლისთვისაც.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, DC, Movies, Posts, Reviews. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.