როგორ შექმნა ო. ჰენრიმ და ჰორორის ჟანრმა მარველი

ბევრისთვის ცნობილი ისეთი სერიალები, როგორებიცაა თანამედროვე Black Mirror, American Horror Story, Love Death + Robots, წარსულში კი Twilight Zone, Tales from The Crypt და მრავალი სხვა საშინელებათა/ფანტასტიკის ჟანრის ანთოლოგიური გადაცემები, რომელთა ფორმატიც მოკლე ეპიზოდურ ისტორიებს მოიცავს მოულოდნელი და შოკისმომგვრელი დასასრულით. მსგავსი სერიალები ყოველთვის სარგებლობდნენ პოპულარობით, თუმცა ნაკლებად ცნობილია ის, თუ რამდენად ღრმა კავშირი აქვთ მათ კომიქსებთან.

Crypt Keeper

მაგალითად, მანამ სანამ 90-იანებში Tales from The Crypt წარმატებული სერიალი გახდებოდა, ის იყო პოპულარული ჰორორის ჟანრის კომიქსი 1950-იანებში. რომლის გამომცემლობაც იყო ლეგენდარული EC comics, რომელიც სპეციალიზებული იყო ანთოლოგიური კომიქსების ფორმატში. მათ ჰქონდათ ცალკე ჰორორის ხაზი, სადაც შედიოდა The Vault of Horror, The Haunt of Fear და Tales from The Crypt. ცალკე იყო სამეცნიერო ფანტასტიკის ხაზი, სადაც შედიოდა Weird Science და Weird Fantasy. ყოველ ჯერზე EC-ის კომიქსების ხაზი მკითხველს სთავაზობდა ახალ ეპიზოდურ ჰორორისა და სამეცნიერო ფანტასტიკურ ისტორიებს ო. ჰენრის სტილის მოულოდნელი და ირონიული დასასრულით.

EC- ის კომიქსები

ბუნებრივია, რომ ამ ჟანრის მზარდი პოპულარობის გამო 1950-იან წლებში ზუსტად ეს ფორმატი გამოიყენებოდა სხვა კომიქს გამომცემელთა უმეტესობის მიერ, მათ შორის იყო DC ისეთი ჟურნალებით, როგორიცაა House of Mystery და House of Secrets, EC comics-ს ასევე ბაძავდა Marvel-იც. ერთ-ერთ ინტერვიუში სტენ ლიმ აღნიშნა, რომ 50-იანებში მარველი EC-ის გაყიდვების ტრენდების მიხედვით ბეჭდავდა ახალ კომიქსებს. შესაბამისად, ეს ფორმატი ტელევიზიებამდე ადრე კომიქსებში გამყარდა.

თუმცა, აქ საუბარი არაა ჰორორისა და ფანტასტიკის ჟანრის შექმნაზე, არამედ ისტორიების თხრობის კონკრეტულ სტილზე. ყველა ამ ფანტასტიკის/ჰორორის სერიალსა თუ კომიქსს ახასიათებს მოულოდნელი და ირონიული დასასრული, რაზეც არის აგებული მთელი ისტორია, მსგავსი მოკლე ისტორიების სტილი კი მოდის ლეგენდარული ამერიკელი მწერლის ო. ჰენრის შემოქმედებიდან, ზუსტად მან გახადა ე.წ. “twist ending” სტილის ისტორიები პოპულარული დასავლურ ლიტერატურაში, რომელმაც შემდგომ კომიქსებსა და სერიალებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა.

“ო.ჰენრის სტილის” კომიქსებს თავისი დაუწერელი წესები ჰქონდა. მაგალითად, ეს ისტორიები შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ ერთი ეპიზოდით, აქედან გამომდინარე ეს კომიქს ჟურნალები იყვნენ ანთოლოგიები ანუ სხვადასხვა ისტორიების კრებულები, რომლებსაც საერთო ჰორორის/ფანტასტიკის თემა აერთიანებდათ. როგორც წესი, ეს ისტორიები 5-8 გვერდისაგან შედგებოდა, ერთ კომიქსზე დაახლოებით სამი ისტორია იბეჭდებოდა. რაც ყველაზე მთავარია, ისინი უმეტესად არასდროს სრულდებოდნენ ტრადიციული Happy End-ით და მკითხველს სთავაზობდნენ არამხოლოდ დროის გაყვანას, არამედ ისეთ ისტორიებს, რომელზეც კითხვის დასრულების შემდეგაც დაგაფიქრებდა. ხშირად ამ კომიქსების ნამდვილი ჰორორი არა ფანტასტიკურ მონსტრებსა და უცხოპლანეტელებში გამოიხატებოდა, არამედ ადამიანთა ვერაგ ბუნებაში.

მსგავსი კომიქსის ერთ-ერთი გავრცელებული ნიშანი იყო ე.წ. წამყვანის/ნარატორის არსებობა, რომელიც წარადგენდა და შესავალს უკეთებდა ყოველ ახალ ისტორიას. მაგალითად, Tales from the Crypt-ში ეს იყო ქარიზმატული Crypt Keeper, DC-ის House of Mystery და House of Secret-ში ეს იყო ბიბლიური ძმები კაენი და აბელი, რომლებიც წლების შემდეგ ნილ გეიმანის Sandman კომიქსის პერსონაჟები გახდნენ, რადგან მათდამი გეიმანს დიდი ნოსტალგია აკავშირებდა. ასევე ბევრს ავიწყდება ის ფაქტი, რომ Vampirella-ს პერსონაჟი პირველად შექმნილი იყო როგორც ზემოდ ხსენებული ანთოლოგიის კომიქსის ნარატორი და არა თვითმყოფადი პერსონაჟი თავისი ისტორიით, როგორსაც დღეს მას იცნობენ.

Vampirella

ამ ფორმატის კომიქსების დადებითი მხარე ასევე ის იყო, რომ ამ კომიქსების ისტორია ორიგინალური და ერთჯერადი იყო, შესაბამისად, მკითხველს არ სჭირდებოდა წინა ნომრების ან ისტორიების ცოდნა, ეს კი ახალ მკითხველს უფრო მეტად იზიდავდა, როდესაც თანამედროვე სერიულ კომიქსებში ერთი ნომრის გამოტოვებაც კი შეიძლება მკითხველისთვის დამაბნეველი გახდეს, რომ არაფერი ვთქვათ უკვე არსებული ისტორიების წარმოუდგენელ რაოდენობაზე, რაც ახლა მკითხველებს ხშირად აშინებს.

მაგრამ, ყველაზე საინტერესოა ისაა, რომ ზუსტად ამ ფორმატის მეშვეობითა და გავლენით შეიქმნა მარველის თანამედროვე სამყარო და ისეთი პერსონაჟები, როგორიცაა ადამიანი ობობა, ენთმენი, ჰალკი, გრუტი და სხვა მრავალი სხვა.

ზუსტად ეს ეპიზოდური ფანტასტიკის, ჰორორის და კრიმინალის ჟანრი კომიქსების იყო პოპულარული 1950-იანები წლების ბოლოს, რადგან ამ პერიოდში სუპერგმირული ჟანრი აღარ სარგებლობდა ისეთივე პოპულარობით, როგორც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, თუმცა, ამავე დროს, ამერიკის სახელმწიფო აქტიურად ცდილობდა კომიქსების რეგულაციას და ცენზურის დაწესებას, განსაკუთრებით იმ კომიქსებზე, რომელიც შეიცავდა საშინელ ამბებს, მკვლელობებს, ძალადობას და კრიმინალს, რადგან მათი აზრით ის უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ბავშვებსა და მოზარდებზე, ამის მაგალითად კი EC Comics იყო მოყვანილი როგორც ყველაზე საშიში და ძალადობრივი კომიქსების გამომცემელი, ამ ნეგატიურმა გაშუქებამ კი ფაქტობრივად ერთ დღეში დაასრულა ამ გამომცემლობის საქმიანობა, ამის შემდეგ ისინი მხოლოდ საკულტო სატირულ კომიქსების ჟურნალს “Mad”-ს უშვებდნენ.

შესაბამისად საშინელებათა ჟანრის კომიქსების გამოშვება უფრო სარისკო იყო ვიდრე სუპერგმირების, ამავე დროს DC-ის ახალი “Justice League of America” კომიქსის პოპულარობა ისევ გააჩინა გარკვეული ინტერესი სუპერგმირების მიმართ, ზუსტად ამიტომ 1960-იან წლებში, დაბალი გაყიდვების ფონზე, Marvel-ის დამწყებმა მწერალმა სტენ ლიმ გადაწყვიტა რისკის აღება ამ ანთოლოგიური ჰორორ/ფანტასტიკის ფორმატის სუპერგმირულ ჟანრთან შერწყმა.

სტენ ლის ექსპერიმენტმა გაამართლა, კომიქსების გაყიდვები გაიზარდა თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია ამან რეალურად დაბადა თანამედროვე მარველი. შედეგად ჩვენ მივიღეთ ახალი ტიპის სუპერგმირები რომლებიც იწერებოდნენ არა ტრადიციული გზით არამედ კომიქსებში არსებული ო. ჰენრის და ჰორორის/ფანტასტიკური ფორმატის წესების მიხედვით.

Amazing Adult Fantasy

მაგალითისთვის ავიღოთ ადამიანი-ობობას პირველი ისტორია, რომელიც გამოიცა ფანტასტიკური ჰორორის ჟურნალში სახელად Amazing Adult Fantasy, რომელიც სიტყვა Adult-ით ცდილობდა ზრდასრული და ჩამოყალიბებული მკითხველის მოზიდვას თუმცა სამწუხაროდ გაყიდვებით დაბალი იყო, ზუსტად ამიტომ გადაწყდა რომ სტენ ლის “ექსპერიმენტი” ამ კომიქსის ბოლო 15-ნომერში მოხდებოდა. ამ კომიქსში, ადამიანი-ობობას ისტორია იყო ერთ-ერთი იმ სამ მოკლე ისტორიას შორის, რომელიც ტრადიციული ჰორორისა და სამეცნიერო ფანტასტიკის სტილში იყო.

კარგად თუ დავაკვირდებით, აშკარა ხდება, რომ კომიქსში არაა გამოკვეთილი ტრადიციული სუპერგმირობა.
ამ ისტორიაში პიტერ პარკერი არის დაცინვისა და ბულინგის მსხვერპლი, თუმცა ის საერთოდ არაა ჩვეულებისამებრ კეთილი თვისებების მქონე, პირიქით, მას მისი დამცინავი კლასელები მიმართ შურისძიების სურვილი ამოძრავებს და ობობას სუპერძალების შეძენის შემდეგ პიტერი არა გმირობას ცდილობს, არამედ ფულის შოვნას, რათა შთაბეჭდილება მოახდინოს თავის კლასელ გოგოებზე. ამ ფულის შოვნის პროცესში კი ის შეცდომას უშვებს; შეცდომას, რომელსაც პიტერისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ეწირება ისე, რომ პიტერს ყოველთვის ეცოდინება რომ მას შეეძლო ბიძამისის სიკვდილი შეჩერება, რომ არა მისი ამპარტავნება.

შესაბამისად, ადამიანი ობობას პირველი კომიქსი იმეორებს ო.ჰენრის და ეპიზოდური ჰორორ ფანტასტიკის ფორმატის ყველა კლიშეს და მიეკუთვნება იმ ისტორიების სიას, სადაც კრიტიკის საგანი ადამიანის ბუნებაა, ამ შემთხვევაში- ამპარტავნება.

მეტიც, კომიქსი არამხოლოდ Happy end-ის გარეშე მთავრდება, არამედ ბოლოს უცნობია თუ ის საერთოდ გახდება სუპერგმირი, რადგან ერთადერთი მეტ-ნაკლებად “გმირული” საქციელი მისგან ბიძამისის მკვლელზე შურისძიება იყო. სტენ ლის ამ უჩვეულო და კრეატიულმა მიდგომამ იმუშავა და ადამიანი-ობობა პოპულარული გახადა მხოლოდ ერთი 11 გვერდიანი ისტორიით, შედეგად ობობამ, პერსონალური კომიქსი The Amazing Spider-Man მიიღო.

ობობას პირველი კომიქსი Amazing Fantasy იყო, ენთმენის- Tales to Astonish, Iron Man-ის Tales to Suspense, Thor-ის Journey into Mystery- ყველა ეს კომიქსი იყო ფანტასტიკური ისტორიების კრებული ჟურნალები, თუმცა სუპერგმირთა პოპულარიზაციას მოჰყვა ამ ფორმატის ნაწილობრივი დავიწყება და შერწყმა სუპერგმირულ ჟანრთან, რომელიც იყო არა ერთჯერადი ისტორიები, არამედ სერიული, რამაც შედეგად განაახლა და ახალი ცხოვრება მისცა სუპერგმირულ ფორმატს, რამაც ისტორიები აქცია დინამიკური, დრამატული და საინტერესო მკითხველისთვის. ამ ჟანრების შერწყმამ ახალი კრეატიული მიმართულება გახსნა და რეალურად გადაარჩინა სუპერგმირული კომიქსები დავიწყებისგან.

Ant-man-ის შემთხვევაში ეს უფრო აშკარა იყო, რადგან მისი პირველი ისტორია არც სუპერგმირული კოსტიუმი იყო და არც სახელი. ისტორია გვიყვება მეცნიერ ჰენკ პიმზე, რომელიც თავისი ექსპერიმენტის შედეგად იმაზე მეტად პატარავდება, ვიდრე მას გათვლილი ჰქონდა და შედეგად ჭიანჭველების მსხვერპლი ხდება, რასაც ძლივს გადაურჩება, თუმცა რამდენიმე ნომრის შემდეგ ჰენკ პიმი ბრუნდება, ამჯერად როგორც სუპერგმირი Ant-Man-ი.

სუპერგმირული კოსტიუმები არც ამ პერიოდის ყველაზე წარმატებულ კომიქს გმირებს- Fantastic Four-ს ჰქონდათ, მაგალითად მათი კოსტიუმები მხოლოდ მესამე ნომერში გამოჩნდა, თუმცა კომიქსი აშკარად უფრო სამეცნიერო ფანტასტიკას ეხებოდა ვიდრე სუპერგმირობას. Journey Into Mystery ასევე იწყება როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორია ხეიბარ ექიმზე, რომელსაც ბოროტი უცხოპლანეტელები გაიტაცებენ, თუმცა საბოლოოდ ისტორია იმით მთავრდება, რომ ეს სუსტი ექიმი აღმოაჩენს მის რეალურ ვინაობას- ის ასგარდის ღმერთი თორია. სამეცნიერო ფანტასტიკის ჰორორი ასევე ნათელია ჰალკის შემთხვევაშიც, სადაც ატომური ექსპერიმენტის შედეგად ბრიუს ბენერი გადაიქცევა წარმოუდგენელი ძალის მქონე მონსტრად, რომელიც არც კი არის სუპერგმირი. გრუტი კი უბრალოდ “ამ კვირის” ახალი უცხოპლანეტელი მონსტრი იყო Tales to Astonish-ის ერთ ერთ ნომერში.

სტენ ლი და მარველი მიხვდნენ, რომ ჟანრების შერევა სუპერგმირების ისტორიებს უფრო საინტერესოს ხდის, რაც მართალი აღმოჩნდა. მარველის რევოლუციამ ახალი სული შთაბერა იმ კომიქსებს, რომლებიც 1950-იან წლებში ძლიერ სტაგნაციას განიცდიდნენ, თუმცა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მართალია მარველის კომიქსების რევოლუცია იყო უფრო მეტი, ვიდრე ჟანრების შეერთება, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გაგებაც, რომ თუ არა ეს ექსპერიმენტალური მიდგომა, თანამედროვე მარველის სამყარო არ იარსებებდა.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.