კომიქს სამყაროში არ არსებობს მეორე ანტაგონისტი, რომელიც ისეთივე პოპულარულია, როგორც დისი კომიქსის ჯოკერი. მაგრამ, თუ სხვა გმირები ხალხს თავიანთი პერსონებით ხიბლავენ, რომელშიც ფანებს შეუძლიათ საკუთარი თავის დანახვა, საქმე სულ სხვაგვარადაა ჯოკერთან. ჯოკერი ყოველთვის წარმოადგენდა სიგიჟისა და ქაოსის პერსონაფიკაციას. ბევრი ჯოკერზე მომუშავე ავტორი ახასიათებდა მას როგორც ზებუნებრივ არსებასა და ბუნების უკონტროლო ელემენტს, იმის მიუხედავად, რომ მას რეალურად არ აქვს სუპერძალები და ზებუნებრივი შესაძლებლობები, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჯოკერი დანახული ყოფილიყო როგორც ბევრად უფრო მეტი, ვიდრე სუპერგმირების სამყაროში რიგითი ბოროტმოქმედი.
ჯოკერის შესრულებისთვის ორი ოსკარის შემდეგ ირონიულია იმის გააზრება რომ ჯოკერის ისტორია არა კომიქსებში, არამედ ფილმებში იწყება. ჯოკერის ავტორები (ბილ ფინგერი, ბობ კეინი და ჯერი რობინსონი) არც მალავენ რომ ჯოკერის შექმნისას მათი მთავარი შთაგონება იყო 1928 წლის ფილმი მელოდრამა “the Man Who laughs”, რომლის მთავარი გმირი დამახინჯებულია მუდმივი ღიმილით. თუმცა, კომიქსების ჯოკერი არ იყო რომანტიული მელოდრამის გმირი. თავის პირველ კომიქსში (1940 წლის Batman #1) ჯოკერი იყო შეშლილი სერიული მკვლელი, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ ყველა მისი მსხვერპლი ღიმილით იყო ნაპოვნი, რასაც თავისი სპეციალური საწამლავი გაზის მეშვეობით აკეთებდა . მნიშვნელოვანია რომ ჯოკერი არის ბეტმენის სრული საპირისპირო, ყველა გაგებით ისინი არიან ერთმანეთთან კონტრასტში, იქნება ეს ფსიქოლოგიურად (ბეტმენის მორალი და დისციპლინა და ჯოკერის სადიზმი და აღვირახსნილობა) თუ ვიზუალით (ჯოკერის ღია და ფერადი კოსტიუმი ბეტმენის ბნელ და უღიმღამო უნიფორმასთან შედარებით). სწორედ ეს და იანისებური ელემენტი ხდის ჯოკერს ბეტმენის საუკეთესო მეტოქედ.
თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, სუპერგმირულმა კომიქსებმა დაკარგეს პოპულარობა. შესაბამისად, როგორც ბეტმენის და ჯოკერის პერსონაჟებმა დაკარგეს სერიოზულობა, რადგან გამომცემლობა უფრო საბავშვო აუდიტორიაზე და მათ მოზიდვაზე მუშაობდა. თუმცა, ამ პერიოდში ჩვენ მივიღეთ ჯოკერის წარსულის ყველაზე მნიშველოვანი ისტორია, ჩვენ ვიგებთ რომ წარსულში ჯოკერი იყო კრიმინალი სახელად Red Hood-ი. ჯოკერი ის მაშინ გახდა, როდესაც ბეტმენთან ჩხუბის დროს გადახტა ქიმიკატების აუზში, რის შედეგადაც შეიცვალა არამხოლოდ მისი გარეგნობა, არამედ ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. ეს ეპიზოდი ასევე აყალიბებს ირონიულ ფაქტს, რომ ბეტმენის ყველაზე დიდი მტერი მისივე ქმნილებაა. ეს ისტორია არის ჯოკერის წარსულის ერთადერთი უცლელი ნაწილი.
60-იან წლებში ბეტმენის ტელესერიალში ჯოკერი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იყო, იმის მიუხედავად რომ ტელე-სერიალი უფრო კომედიური იყო. სიზარ რომეროს ჯოკერმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ჯოკერი გახდა მასისთვის ცნობილი პერსონაჟი.
1970-იან წლებში, ბეტმენის კომიქსების დაბალი გაყიდვების გამო გადაწყდა, რომ ბეტმენი დაუბრუნდებოდა თავის ფესვებს და უფრო სერიოზული გახდებოდა, ეს, მათ შორის, ჯოკერსაც ეხებოდა, ასეც მოხდა Batman #251-ში. 1940-იან წლების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჯოკერი ღიად კლავდა ხალხს, მათ შორის დაბრუნდა ჯოკერის საწამლავი გაზიც. ჯოკერი ისევ გახდა ქაოსის შეშლილი აგენტი.
DC სამყაროს გადატვირთვის შემდეგ კი, ჯოკერი კიდევ უფრო საინტერესო პერსონაჟი გახდა. განსაკუთრებით საინტერესოა 1988 წელი, როდესაც ჩვენ ვიღებთ ჯოკერის ორ ყველაზე მნიშველოვან ისტორიას. პირველი არის “Death in the Family”, რომელშიც ჯოკერი სადისტურად ჯერ ფსიქოლოგიურად ანადგრუბს და მერე უკვე კლავს რიგით მეორე რობინს-ჯეისონ ტოდსს. რობინის წამება ხდება მისი დაკარგული დედის თვალწინ, რაც ხაზს უსვამს ჯოკერის სადისტურ ბუნებას.
კიდევ უფრო საინტერესოა რომ რობინის მკვლელობის შემდეგ ჯოკერი მოახერხებს ირანის მთავრობის მანიპულაციას იმდენად წარმატებით, რომ ის ხდება ირანის ელჩი გაეროში. ეს ჯოკერს დიპლომტიურ იმუნიტეტეს აძლევს (მაშინაც ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობა მეტად დაძაბული იყო). გაეროს დარბაზში ჯოკერი ეცდება ყველა ქვეყნის წარმომდგენლის მოწამვლას, თუმცა ის წარუმატებას ვერ აღწევს სუპერმენის ჩარევის გამო. რობინის მოკვლის გამო ბეტმენს სურს სამუდამოდ მოუღოს ბოლო ჯოკერს, თუმცა გაქცეული ჯოკერის ვერტმფრენი ფეთქდება და ის ისევ უჩინარდება.
ამის შემდეგ ჩვენ ვიღებთ კიდევ უფრო მნიშნელოვან კომიქსს, ალან მურისა და ბრაენ ბოლანდის “Killing Jokes”. ამ კომიქსში ჯოკერი ასევე გამოირჩევა სადიზმით. ისტორიაში ის ესვრის კომისარი გორდონის შვილ ბარბარას (ბეტგერლს), რის შედეგად მისი ფეხები პარალიზდება. ჯოკერი ასევე იტაცებს ჯეიმს გორდონს და როგორც რობინს მასაც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წამებას უწყობს, თუმცა ამ შემთხვევაში ჯოკერის სადიზმს მიზანი აქვს, მას სურს ბეტმენს დაუმტკიცოს, რომ კარგი ადამიანიც, როგორიცაა კომისარი გორდონი, შეიძლება შეიშალოს და გაბოროტდეს “ერთი ცუდი დღის” გამო.
კომიქსში ჩვენ ვიგებთ რომ ეს “ერთი ცუდი დღის” მაგალითი ჯოკერის წარსულიდანაა. სანამ ჯოკერი რედ ჰუდი გახდებოდა, ის იყო გაჭირვებული კომიკოსი, რომელსაც ორსული ცოლი მოულოდნელად მოუკვდა. მისი სიკვდილით განადგურებული ჯოკერი მარტივად თანხმდება კრიმინალების შემოთავაზებას ქიმიკატების ქარხნის გაძარცვაზე რედ ჰუდის ამპლუაში.
ზუსტად აქ, ის საბედისწეროდ გადაეყრება ბეტმენს და გადავარდება ქიმიკატების აუზში, სადაც ის ჯოკერად იბადება. თუმცა ჯოკერის ჰიპოთეზა “ერთი ცუდი დღის” შესახებ იმსხვრევა, რადგან ბეტმენის მიერ გადარჩენილი ნაწამები გორდონი ბეტმენს დაჟინებით სთხოვს კანონის სრული დაცვით დააკავოს ჯოკერი.
ამასთან ერთად ირკვევა, რომ ჯოკერი არაა სანდო ნარატორი, მას უამრავი სხვა ისტორია აქვს, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება და მისი ნამდვილი ისტორია არავისთვისაა ცნობილი. გრანტ მორისონის Arkham Asylum: A Serious House On Serious Earth-ში ჯოკერის ფსიქიატრი ვარაუდობს რომ ჯოკერი არაა უბრალოდ შეშლილი, არამედ პირიქით ის შეიძლება იყოს სუპერ შერაცხადი, და მის ტვინს კი ახალი ევოლუციური მუტაცია აქვს, რომელიც აღიქვამს და იღებს უფრო მეტ ინფორმაციას ვიდრე უბრალო ადამიანის ტვინი. კომიქსში “going sane” როდესაც ჯოკერი ფიქრობს რომ მან მოკლა ბეტმენი, ის ტოვებს კრიმინალურ კარიერას და იწყებს უბრალო კანონმორჩილ ცხოვრებას, სანამ არ აღმოჩნდება რომ ბეტმენი სინამდვილეში ცოცხალია.
მსგავსი რამე ასევე ხდება Dark Knight Returns-ში, სადაც ჯოკერის აქტივობა ასევე შეწყვეტილი იყო, სანამ ასაკში შესული ბეტმენი არ დაუბრუნდა სუპერგმირობას. ფრენკ მილერი თავის კომიქსში ხაზს უსვამს, რომ ჯოკერსა და ბეტმენს შორის არსებობს არა უბრალო მტრობა, არამედ ფსიქოლოგიური დამოკიდებულების კომპლექსური ურთიერთობა. საინტერესოა, რომ მილერის კომიქსში მათი ბოლო შერკინების სცენა “სიყვარულის ტუნელში” ხდება.
პერსონაჟი უფრო პოპულარული გახდა 1989 წლის ტიმ ბარტონის ბეტმენის ფილმის შემდეგ, სადაც ჯოკერის როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა. ფილმმა ასევე მიიღო საინტერესო გადაწყვეტილება, ბრიუს უეინის მშობლების მკვლელი არა ჯოე ჩილი არამედ ახალგზარდა ჯოკერი აღმოჩნდა.
იმის მიუხედავად, რომ ნიკოლსონის შესრულება დღემდე ითვლება ეტალონად, ბევრისთვის მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ მისი წარსული არ იყო იდუმალებით მოცული, რადგან ამით გაქვრა მისი საიდუმლოს ელემენტი. ეს ელემენტი დააბრუნა კრისტოფერ ნოლანმა-ჰიტ ლედჯერის ჯოკერი ნამდვილად საიდუმლოებით მოცული პერსონაჟია, რომელზეც არავინ არაფერი იცის, ისევე როგორც კომიქსებში.
ჰოაკინ ფენიქსის ჯოკერის შემთხვევაში, ჩვენ ასევე ვეცნობით მის წინა ისტორიას, რომელიც ერთის მხრივ შორსაა ტრადიციული ჯოკერისგან, მაგრამ ამავდროულად ყველაზე ახლოსაა Killing Jokes-ის მთავარ იდეასთან, რომ ადამიანის გაგიჟებისათვის საკმარისია “ერთი ცუდი დღე”.
იქნება ეს კომიქსები, ფილმები, ანიმაცია თუ ვიდეო თამაშები, ჯოკერი ყოველთვის იკვეთება როგორც ფსიქოლოგიურად კომპლექსური პერსონაჟი და არაერთფეროვანი ბოროტმოქმედი. ჯოკერი, რომელიც წარმოადგენს ადამიანის სიგიჟის ქაოტურ და უკონტროლო იმპულსებს, გულის სიღრმეში ყველა ადამიანისთვის გასაგებია.