ჯერ კიდევ პრემიერამდე კაპიტანი მარველი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საკამათო კომიქს ფილმი. ეს პირველ რიგში ეხება ბრი ლარსონის კომენტარებს, რომლებმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეს. რა თქმა უნდა, სკანდალის ატეხვაში დიდი დამსახურება აქვს ყვითელ პრესას, რომელმაც სასტიკად გააზვიადა მისი ნათქვამი. ლარსონის ციტირება რომ მოვახდინოთ გავიგებთ, რომ ის მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ პრემიერებზე მოწვეული კრიტიკოსების შემადგენლობა უფრო მრავალფეროვანი უნდა იყოს და არა ის, რომ მას თითქოს “თეთრი კაცები სძულს”, ამის მიუხედავად ეს საკმარისი იყო ბევრი ადამიანის გაღიზიანებისთვის და ბოიკოტისთვის.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ მარველს დასჭირდა 20 ფილმი და 10 წელი რათა გამოეშვა პირველი ფილმი ქალ სუპერგმირზე. ეს ნაწილობრივ იმით იხსნება, რომ წარსულის ფილმებმა ქალ სუპერგმირებზე ვერ გაამართლა როგორც კრიტიკული ასევე ფინანსური მოლოდინები (ქალი კატა და ელექტრა) თუმცა ამის გათვალისწინებითაც მარველმა ზედმეტად დიდი ხნით გადადო ეს ფილმი. იქნებ ეს დრო საჭიროც იყო რათა მარველს ნამდვილად კარგი ფილმი შეექმნა?
ფილმის ყველაზე ძლიერი მხარე აშკარად დასაწყისია, ის ენერგიულია და ეფექტური. ფილმის მთავარი საიდუმლო დენვერსის ორიჯინ სტორის გარშემოა, რაც ძალიან კარგად მუშაობს თუმცა ფილმის შუაში, საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ ეს საიდულო არც იმდენად საინტერესო ჩანს და ამასთან ერთად ჩნდება გრძნობა, რომ ავტორებმა არც იცოდნენ რა გზით უნდა წასულიყვნენ ამის შემდეგ. შედეგად ჩვენ ვიღებთ ყველაზე სტანდარტულ ფინალს, რომელიც არა მხოლოდ 90-იან წლებში ხდება, არამედ კი გვაგონებს კიდეც 90-იანების კლიშეურ ექშენ ფილმს.
ყველაზე მთავარი პრობლემა კეროლ დენვერსის დახასიათებაა, ის იცვლება სცენიდან სცენამდე. ზოგჯერ დრამატულად დაბნეულია ზოგჯერ კი- ზედმეტად თავდაჯერებული და ხუმარა, თითქოს ბრი ლარსონს ორ სხვადასხვა პერსონაჟს ათამაშებდნენ. სასაცილო მომენტების მიუხედავად, ფილმმა უბრალოდ მასხარად აქცია ნიკ ფიურის პერსონაჟი, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება მის თვალს.
ბევრს ჰქონდა შიში, რომ ფილმი ზედმეტად პოლიტიკური და ფემინისტური იქნებოდა, თუმცა ფილმში ზუსტად იმდენივე პოლიტიკაა რამდენიც სხვა მარველის ფილმებში ან კი კიდევ უფრო ნაკლები, შესაძლოა მარველს თვითონაც არ უნდოდა ზედმეტი პოლიტიზირება, მაგრამ შავმა პანტერამ და სამოქალაქო ომმა გვაჩვენა, რომ კომიქს ფილმებს შეუძლიათ სერიოზული თემების განხილვა. ზუსტად ამიტომაც იყო შავი პანტერა წარდგენილი ოსკარზე, მაგრამ სამწუხაროდ, კაპიტანი მარველი არაფერს შვება, იმის მიუხედავად რომ ამ მხრივ, ფილმს მართლაც ჰქონდა დიდი პოტენციალი.
ფილმს შეეძლო უფრო ფართოდ გაეხსნა კეროლის ცხოვრების ისტორია და მისი წარსული, ამით მაყურებელს რეალური ემოციური კავშირი და თანაგრძნობა გაუჩნდებოდა მის მიმართ, მაგრამ ამ მხრივ ფილმმა მხოლოდ მოკლე და წამიერი ფლეშბექი შემოგვთავაზა, ის უბრალოდ ფაქტის წინაშე გვაყენებს, რომ კეროლს ჰქონდა რთული ბავშვობა, წარსული და მეგობრები, რაც არ იწვევს ემოციას. ამ მხრივ ტრეილერიც კი უფრო მეტს შვება ვიდრე თვითონ ფილმი.
ფილმს ასევე შეეძლო გაეხსნა ჯარისკაცობის, გალაქტიკური ომის და იმპერიალიზმის თემები, მაგრამ არც ეს მოხდა, თუმცა არის ნაჩვენები ომისგან გამოწვეული დევნილობა. რაც შეეხება სკრულებს, ბენ მენდელსონის თალოსის შესრულება იყო ფილმის კიდევ ერთი ძლიერი ელემენტი, თუმცა მისი პერსონაჟის გამოყენება ბევრად უკეთესად შეიძლებოდა, ასევე აღსანიშნავია, თალოსის CGI/გრიმი, რაც დიდი წინ წადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით უსიცოცხლო “Thor: Dark World”-ის ბნელი ელფის შემდეგ.
საბოლოო ჯამში, კაპიტან მარველი მარველის ყველაზე სტანდარტული ფილმია, ის უფრო იმედგაცრუებაა ვიდრე ჰიტი. მას ჰქონდა პოტენციალი გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილმი და ძლიერი პასუხი DC-ის Wonder Woman-ზე, თუმცა ის აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი დანამატი MCU-ში და ეს ყველაფერი არც ფემინიზმის და არც ბრი ლარსონის ბრალია.