დოქტორ სტრეინჯის შექმნის იდეა გაუჩნდა მხატვარ სტივ დიტკოს (Steve Ditko), რომელსაც უნდოდა ახალი, განსხვავებული გმირის შექმნა მარველის ახალგაზრდა სამყაროში. დოქტორის მთავარი თემა იქნებოდა შავი მაგია. სტენ ლის (Stan Lee) ეს იდეა მეტად მოეწონა და მას იმედი ჰქონდა, რომ მისგან “რამე” გამოვიდოდა. დოქტორ სტრეინჯის პირველი ისტორია იყო მეორეხარისხოვანი დამატება Strange Tales #110 (1963 ივლისი) კომიქსისთვის, აქედან მოდის სახელი სტრეინჯი. თავიდან სახელად განიხილებოდა “მისტერ სტრეინჯი”, მაგრამ უკვე არსებული მისტერ ფანტასტიკის გამო გადაწყდა დოქტორის წოდება. საინტერესოა, რომ პერსონაჟი სახელით დოქტორ სტრეინჯი უკვე არსებობდა მარველის სამყაროში ის იყო მეორეხარისხოვანი ბოროტმოქმედი. სტრეინჯი იყოფდა კომიქსს “Strange Tales” ადამიან ჩირაღდანთან (Human torch) ფანტასტიკური ოთხეულიდან.
Strange tales #115 ნომერში მკითხველმა გაიგო სტრეინჯის წარმოშობის ისტორია, წერის დროს სტენ ლი შთაგონებული იყო “Chandu the Magician” რადიო გადაცემით. დღევანდელი გადმოსახედიდან დოქტორ სტრეინჯის პირველი ისტორია არის სავსე გაცვეთილი კლიშეებით, თუმცა 60-ანი წლების სტანდარტებისთვის ეს სიახლე იყო. სტენ ლის ისტორიის მიხედვით სტეფან სტრეინჯი იყო ნიჭიერი მაგრამ ეგოისტი ქირურგი, რომლის ცხოვრებაც კარდინალურად შეიცვლება საავტომობილო კატასტროფის შემდეგ. ინციდენტმა მძიმედ დააზიანა სტრეინჯის ხელები, რამაც ხაზი გადაუსვა მის ქირურგიულ კარიერას.
სტეფან სტრეინჯი ბევრ დროს და რესურს დახარჯავს განკურნების ძებნის მცდელობაში, მათ შორის ალტერნატიულ მეთოდებშიც. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ იგი მოხვდება ჰიმალაებზე მისტიკურ “უძველესთან” (Ancient One). ლეგენდების მიხედვით მას ნებისმიერი სენის განკურნება შეუძლია, თუმცა იგი სტრეინჯს უარით გაისტუმრებს, რადგან მიაჩნია, რომ სტრეინჯი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. სახიფათო ამინდის გამო სტრეინჯს მოუწევს ღამის გატარება უძველესის სასახლეში, ამასობაში სტრეინჯი გაიგებს, რომ უძველესის მოსწავლე – ბარონ მორდო (Baron Mordo) გეგმავს მასზე თავდასხმას, სტრეინჯი შეეცდება უძველესის გაფრთხილებას, მაგრამ ამაოდ, რადგან მორდოს მაგიური შელოცვა მას მუნჯად აქცევს. ერთადერთი რაც სტრეინჯს რჩება არის გახდეს უძველესის მოსწავლე, ამის მერე აღმოჩნდება რომ უძველესმა ყველაფერი იცოდა მორდოს გეგმაზე და ეს რეალურად სტრეინჯისთვის გამოცდა იყო.
სტრეინჯი გახდება უძველესის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, ბარონ მორდო კი – სტრეინჯის მთავარი მტერი. 7 წლიანი სწავლის დამთავრების შემდეგ დოქტორი ბრუნდება ნიუ-იორკში და სახლდება “Sanctum Sanctorum” ტაუნჰაუსში თავის დამხმარე – ვონგთან (Wong) ერთად. დოქტორ სტრეინჯი ასე ხდება მარველის სამყაროს მცველი მისტიკური საფრთხეებისგან.
დოქტორ სტრეინჯი, მართლაც, გამოდგა მარველის, ყველაზე უჩვეულო გმირი, ეს არ იყო უბრალო კომიქსი მაგიაზე – სტრეინჯით მკითხველებს თავაზობდნენ სიურეალისტურ, მითოლოგიურ და ფსიქოდელიკურ ელემენტებს, რაც განსაკუთრებით პოპულარული იყო 60-იან წლებში ამერიკელ სტუდენტებს შორის. ფსიქოდელიკურ ესთეტიკა უმეტესად სტივ დიტკოს ხატვის სტილის დამსახურებაა. მაგიური პერსონაჟების გარდა სტრეინჯის კომიქსმა წარადგინა უამრავი კონცეპტი და პერსონაჟი მარველის სამყაროში, მათ შორის კოსმოსური მნიშვნელობის არსება – მარადისობა (Eternity), რომელიც სამყაროს პერსონიფიკაციას წარმოადგენს და ცოცხალი ტრიბუნალი (Living Tribunal), არსება რომელიც ინარჩუნებს ბალანს მულტივერსის სამყაროებში.
#169 ნომრიდან Strange tales გახდა ცნობილი, როგორც “Doctor Strange”, თუმცა 15 ნომრის შემდეგ სერია დასრულდა. ოთხი წლის შემდეგ 1974-ში სტრეინჯმა ახალი სოლო სერია მიიღო, რომელიც 81 ნომერი გაგრძელდა (1974 წლის ივნისიდან 1987 წლის თებერვლამდე). ამ პერიოდში დოქტორი შეებრძოლა უამრავ მაგიურ ბოროტმოქმედს და საფრთხეს, მათ შორის: სიზმრების განზომილების მბრძანებელი “კოშმარი” (Nightmare) და ბნელი განზომილების მბრძანებელი “დორმამუ” (Dormammu). დორმამუსთან ბრძოლაში სტრეინჯს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს უცნობი ქალი სახელად ქლია (Clea) რომელიც თავისი ადამიანური გარეგნობის მიუხედავად აღმოჩნდება დორმამუს დისშვილი. ქლია გახდება სტრეინჯის პარტნიორი, შეყვარებული და შემდგომ (მოკლე დროით) ცოლიც კი.
ხანგძლივი სწავლის შემდეგ სტრეინჯმა „უზენაესი მაგის“ (Sorcerer supreme) წოდება მოიპოვა, ამისათვის მას დაჭირდა დაახლოებით ორი ათწლეული, როდესაც იგივე უძველესს დასჭირდა ორი საუკუნე, რაც კიდევ ერთი დასტურია სტრეინჯის მაგიური ოსტატობის.
დოქტორი ისევ დაუბრუნდა “Strange Tales” სერიას და ამჯერად კომიქსს “Cloak & Dagger” იყოფდა, სერიამ სულ 19 ნომერი გასტანა. 1988-ში სტრეინჯმა მესამე სოლო სერია მიიღო, რომელიც უკვე 90 ნომერი გაგრძელდა (1988 წლის ნოემბრიდან – 1996 წლის ივნისამდე). 2000 წლებში სტრეინჯს არ ჰქონია საკუთარი მიმდინარე სოლო სერია, თუმცა ჰქონდა რამდენიმე კარგი მინი სერია (მაგ. Doctor Strange: Oath). ის ასევე მრავალჯერ გამოჩნდა სხვადასხვა კომიქს სერიებში, მათ შორის Amazing Spider-Man და New Avengers. თავისი მაგიური სტატუსის გამო სტრეინჯი ხშირი სტუმარია სხვა კომიქსებში და მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება გლობალური ქროსოვერ მოვლენების დროს. სტრეინჯი შურისმაძიებლების საპატიო წევრია, აგრეთვე საიდუმლო ილუმინატების (Illuminati) წევრი, მისტიკური “შუაღამის შვილები”-ს (Midgnight Sons) წევრი და დამცველების (Defenders) გუნდის დამფუძნებელი ნემორთან, ჰალკთან და ვერცხლის სერფერთან.
“World War Hulk-ის” დროს, როდესაც დედამიწის სუპერგმირები ებრძოდნენ მათზე განრისხებულ ჰალკს, სტრეინჯმა მიმართა ბნელ მაგიას, მან აგრეთვე გამოიყენა ბნელი მაგია, როდესაც ის ეხმარებოდა ახალ შურისმაძიებლებს ჰუდის (Hood) ბოროტ მოქმედთა არმიის მოსაგერიებლად. ამ ყველაფერმა ნეგატიური ზეგავლენა იქონია სტეფანზე და მან გადაწყვიტა რომ ის არ იყო “უზენაესი მაგის” ტიტულის ღირსი, ამის შედეგად ეს ტიტული ერგო ძმა ვუდუს (Brother Voodoo), თუმცა რამდენიმე წელში ძმა ვუდუმ გაწირა საკუთარი თავი დედამიწის გადასარჩენად და სტრეინჯს ისევ მოუწია “უზენაესი მაგის” ტიტულის ტარება.
კოსმოსური არსების “მარადისობის” (Eternity) თქმით სტრეინჯი არი უძლიერესი მაგი მთელ კოსმოსში, თუმცა ავტორები გააცნობიერებენ რომ უზომოდ ძლიერი დოქტორ სტრეინჯი არ არის საინტერესო მკითხველებისთვის, შესაბამისად გადაწყდება მისი ძალების ოდნავი დასუსტება.
მაგიური ძალების გარდა დოქტორ სტრეინჯი შესანიშნავად ფლობს ბრძოლის ხელოვნებას. ძლიერი მაგიური ცოდნის და შელოცვების გარდა სტეფანს აქვს ორი ძლიერი მაგიური არტეფაქტი: ლევიტაციის მოსასხამი (Cloak of Levitation), რომელიც აძლევს სტრეინჯის ფრენის საშუალებას, თავიდან ის ლურჯი ფერის იყო თუმცა შემდეგ წითელი გახდა. მოსასხამს აქვს შესაძლებლობა სუბსონიკურ სიჩქარემდე ავიდეს ასევე შეუძლია გარკვეული წონის გადატანა. მოსასხამები ემორჩილება თავისი მფლობელის ყველა აზრს, კომიქსებში მოსასხამს არ გააჩნია თავისი გონება ან რამე მსგავსი, თუმცა ყველაფერი შეიცვალა მინი სერიაში “Doctor Strange: Oath”, სადაც ნაჩვენები იყო რომ მოსასხამს გარკვეული ტიპის ავტონომიური გონება გააჩნია, რაც კიდევ იყო გამოყენებული დოქტორ სტრეინჯის 2016 წლის ფილმში.
აგამოტოს თვალი (Eye of Agamotto) სტრეინჯის ამულეტია, პირველი ლეგენდის მიხედვით აგამოტომ (რომელიც ვიშანატის სამეულის წევრია), ვარსკლავებს შორის მოძებნა ეს თვალი, მეორე ვერსიით მან თვითონ შექმნა ის. აგამოტოს თვალს გააჩნია სიბრძნის ძალა, ის აძლევს დოქტორ სტრეინჯის შესაძლებლობას დაინახოს ყველა ილუზია, წარსული მოვლენები, ასევე მიაკვლიოს ნებისმიერი მაგიური არსების კვალს. თვალის ნათება ასუსტებს ზოგ მისტიკურ არსებას. ამულეტით სტრეინჯის შეუძლია სხვისი აზრების წაკითხვა, ძლიერი მაგიური ფარების შექმნა და პორტალების გახსნა სხვა განზომილებებში, ასევე სხვა არსებების და ობიექტების ტელეპორტირება ნებისმიერ ადგილას. აღსანიშნავია რომ 2016 წლის ფილმში აგამოტოს თვალი დროის ძვირფასიქვაა (Time gem).
დოქტორი სტრეინჯის არსენალში აგრეთვე შედის “ვიშანტის წიგნი“ (The Book of the Vishanti) რომელიც თეთრი მაგიის ცოდნის ერთადერთი წყაროა მთელ დედამიწაზე. ძლიერი შელოცვების და მაგიური ცოდნის გარდა წიგნი შეიცავს ინფორმაციას მარველის სამყაროს მოვლენებზე და არსებებზე. სტრეინჯს სასახლეში ასევე აქვს აგამოტოს სფერო (Orb of Agamotto), რომელიც მას რეალური მკითხაობის შესაძლებლობას აძლევს.
2016 წლის ბენედიქტ კამბერბეტჩის ფილმი არ არის სტრეინჯის პირველი ან თუნდაც მეორე ფილმი, 1978 წელს გამოვიდა სატელევიზიო ფილმი “Dr. Strange” მთავარ როლში მონაწილეობდა პიტერ ჰუტენი (Peter Hooten). 1992 წელს დაიწყო მუშაობა სტრეინჯის ახალ ფილმზე, თუმცა პროდიუსერებმა დაკარგეს ეკრანიზაციის უფლებები, ამიტომ მათ მოუწიათ ფილმში ბევრი ცვლილების შეტანა და სახელის გადარქმევა “Doctor Mordrid-ად”. ხოლო 2007 წელს სტრეინჯის ეკრანიზაცია ანიმაციური ფილმის საშუალებით მოხდა „Doctor Strange: The Sorcerer Supreme“.
რაც შეეხევა ვიდეო თამაშებს, დოქტორ სტრეინჯი არჩევადი პერსონაჟია შემდეგ თამაშებში: Marvel: Ultimate Alliance, Ultimate Marvel vs. Capcom 3, Marvel Super Hero Squad Online, Marvel Avengers: Battle for Earth, Marvel Heroes, Lego Marvel Super Heroes, Lego Marvel’s Avengers .
წასაკითხი კომიქსების სია:
STRANGE TALES #115 “THE ORIGIN OF DOCTOR STRANGE”
STRANGE TALES #130-146 “THE ETERNITY SAGA”
DOCTOR STRANGE AND DR. DOOM: TRIUMPH AND TORMENT
DOCTOR STRANGE: INTO SHAMBALLA
DOCTOR STRANGE: THE OATH