დოქტორ სტრეინჯი: მიმოხილვა

“დოქტორ სტრეინჯი” მარველის სტუდიოსთვის ახალი დასაპყრობი ჰორიზონტი გახლდათ, რადგან ეს არ იყო უბრალოდ სუპერგმირული ფილმი, არამედ ფილმი მაგებზე და მაგიურ სამყაროზე. იმის მიუხედავად, რომ “თორს” ჰქონდა მაგიის უამრავი ელემენტი მარველის ფილმი მთლიანად ამ თემაზე ამჯერად მხოლოდ დოქტორ სტრეინჯია.

სპოილერები

ფილმში მაგიის თემა ესთეტიურად ლამაზად, მაგრამ შინაარსობრივად ბანალურადაა გახსნილი. რამე ახლის მოგონება რისკს წარმოადგენდა, ამიტომ მარველმა არ დაიწყო ველოსიპედის თავიდან გამოგონება და კინო მაგიის ჩვეულ ელემენტებს და ტროპებს მიმართა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ბევრად უფრო ორიგინალური ელემენტების მოგონება, მაგრამ რაც არის ისიც არ წარმოადგენს პრობლემას, მითუმეტეს როდესაც ფილმი მართლაც კარგი და რაც მთავარია წარმატებული გამოვიდა და მარველს კიდევ ერთი ფრენჩაიზი დაუმატა.

სტრეინჯის წინაისტორია ასევე ფილმის დადებითი მხარე იყო, ბენედიქტ ქამბერბატჩმა შესანიშნავად ითამაშა როლი, მისი ქირურგობის დროინდელი იმიჯი კი ჰიუ ლორის ჰაუსს გაგონებს, განსაკუთრებით რახან ორივე ინგლისელი ქარიზმატული მსახიობი ამერიკულ აქცენტს ერთმანეთის მსგავსად იმიტირებს. აშკარად ჩანს რომ ქამბერბატჩის სტრეინჯი ფილმის განმავლობაში ვითარდება როგორც პერსონაჟი.

ნათელია თუ რამდენად შეიცვალა პერსონაჟი ფილმის დასაწყისიდან ბოლო სცენამდე. პოსტ კრედიტ სცენაში სადაც სტრეინჯს თორი მიმართავს დახმარებისთვის გასაგებია, რომ იგი არა თავის თავზე შეყვარებული ცინიკოსი ქირურგი ან დამწყები მაგია, არამედ უკვე ჩამოყალიბებული დოქტორ სტრეინჯი, რომელსაც ჩვენ კომიქსებიდან ვიცნობთ.

სამწუხაროდ როგორც მარველის სხვა ფილმებში, აქაც სუსტი მხარე მთავარი ბოროტმოქმედია. მადს მიკელსენი კარგი მსახიობია და ეფექტურად თამაშობს თავის სცენებს, მაგრამ მას არ დაეთმო საკმარისი დრო რათა ჩამოყალიბებულიყო როგორც ფილმის ანტოგონისტი. ფილმი ისედაც მოკლე იყო – 1 საათი და 55 წუთი, სრულიად შესაძლებელი იყო დაემატებინათ 8-10 წუთიანი სცენა რომ მაყურებელს უფრო გაეგო მიკელსენის პერსონაჟის სრული არსი. სრულიად შესაძლებელია რომ ეს სცენები არსებობდა და ფილმის შემქმნელებმა გადაწყვიტეს რომ ისინი უბრალოდ არ ვარგოდა. სამაგიეროდ ამ ფილმში შედარებით გახსნილი იყო ბარონ მორდო, სიქველის სავარაუდო ბოროტმოქმედი, ფილმის სხვა მეორედხარისხოვანმა პერსონაჟებმაც (რეიჩელ მაკადამსი და ტილდა სუინტონი) სოლიდურად შეასრულეს თავიანთი საქმე.

როგორც აღვნიშნე ფილმი სულ 1 საათი და 55 წუთი გრძელდება და ამიტომ ძალიან მოკლე ჩანს (მაგალითისთვის პირველი რკინის კაცი 2 საათი და 6 წუთი გრძელდებოდა), ნაწილობრივ შეიძლება იმის გამოც, რომ ის არ იყო მოსაწყენი და სტრეინჯის პერსონა და ისტორია ძალიან საინტერესოა, თუმცა ის შეგრძნება რომ ფილმს რაღაც სცენები აკლდა მაინც რჩება. ფილმში აგრეთვე არის ეგზისტენციალური თემა – დრო, ეს ნებისმიერი ფილმისთვის სიძნელეს წარმოადგენს მითუმეტეს სუპერგმირულ ჟანრში, (ან ამ შეთხვევაში მაგიური სუპერგმირული ფილმისთვის) ყველაფრის მიუხედავად ეს თემა მარტივად მაგრამ ადეკვატურადაა გადმოცემული. დროის თემა პირველ რიგში “Time gem”-ის გამოცაა, მაგრამ სცენარში ეს თემა არ ჩანს ზედმეტად ან ძალით შეტანილად.

უკვე ტრეილერებიდან ჩანდა რომ ფილმის ვიზუალური მხარე იქნებოდა ოსტატურად შესრულებული და სათანადო პატივს მიაგებდა დოქტორ სტრეინჯის შემქნელის – სტივ დიტკოს (Steve Ditko) ხატვის სტილს და  ფსიქოდელიკურ  ესთეტიკას.

მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ფილმი ბანალურობაში დავადანაშაულე, სტრეინჯის და (სიურპრიზი) დორმამაუს (რომელის motion capture მსახიობი თვით ქამბერბატჩია) კონფრონტაცია იყო ყველაფერი გარდა ბანალურისა, ეს იყო მაგალითი თუ როგორ უნდა დაასრულო ფილმი ორიგინალურად (I’m looking at you Suicide Squad). ცალკე გამოსაყოფია ფილმის მთავარი მუსიკალური თემა მაიკლ ჯაკინოს მიერ, ეს რეალურად ერთადერთი შემთხვევაა მარველ სტუდიოს ფილმებში, როდესაც ის უნიკალურია, დასამახსოვრებელი და უბრალოდ კარგი მუსიკალური თემაა.

 დოქტორ სტრეინჯი შეიძლება არ იყოს იდეალური ფილმი და მას არაერთი ნაკლიც გააჩნია, მაგრამ ფილმში უამრავი დადებითი მომენტია და რაც მთავარია – იგი მაყურებელში აღვიძებს სურვილს კიდევ ნახოს სტრეინჯის ისტორიის გაგრძელება.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Marvel, Movies, Posts, Reviews. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.