“ფატალური შეცდომა” ახალი ქართული კომიქსი (ინტერვიუ და პრევიუ)

ა.შ.შ-ს საელჩომ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა განახორციელეს ქართული კომიქსის პროექტი, რისთვისაც შეარჩიეს 4 ახალგაზრდა ქართველი. კომიქსის სახელია “ფატალური შეცდომა”. კომიქსის  პრეზენტაცია 23 სექტემებრს შედგება ბიბლუს გალერეაში.

გუნდი შედგება მწერლებისგან – მარიამ აღდგომელაშვილი და თორნიკე ხვთისიაშვილი და მხატვრებისგან – ნინო ცხადაია და გეგა თურმანიშვილი. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა კითხვები დაგვესვა კომიქსის ავტორებისთვის, ამასთან მეტი გაგვეგო მათზე და პროექტზე.

ComicsPost: როგორი შეგრძნება იყო როდესაც ამ პროექტისთვის აგირჩიეს?

მარიამ აღდგომელაშვილი: უნდა ვაღიარო ჩემთვის ეს პროექტი დიდი გამოწვევა იყო, რადგან არანაირი შეხება არ მქონია არასდროს კომიქსებთან, შესაბამისად თავიდან ცოტა შემეშინდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ თავი კარგად გავართვი.

ნინო ცხადაია: საკონკურსო ნამუშევარი პროექტისთვის ერთ ღამეში დავხატე დედლაინის წინ, ამიტომ არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს ნამუშევარში და ჩემი შერჩევა პროექტისთვის მოულოდნელი იყო. მითუმეტეს, რომ ამ კონკურსში ბევრმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. კომიქსის დახატვა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ძალიან გამიხარდა, რომ ამ საინერესო პროექტში შემეძლებოდა მონაწილეობის მიღება.

თორნიკე ხვთისიაშვილი: არაერთგვაროვანი გრძნობა დამეუფლა: თან მიხაროდა საინტერესო პროექტში მოხვედრა და თან ცოტა პასუხისმგებლობისაც მეშინოდა. 

ComicsPost: მოგვიყევით თქვენს კომიქს პროექტზე, რას ეხება ის? რამდენიმე სიტყვა თუ შეიძლება მის ჟანრზე და პერსონაჟებზე

მარიამ აღდგომელაშვილი:  ჩვენი კომიქსით ვეხმაურებით საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებს: ოჯახურ ძალადობას, გენდერულ თანასწორობას, ახალგაზრდების კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებას. გარდა ამისა ვეხებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და ლტოლვილებს. უამრავ წვრილმანს, რაც ერთი შეხედვით ყველასთვის შეუმჩნეველია. ძალიან გვინდა ჩვენმა კომიქსმა თავისი პერსონაჟებით და ამბით ემოციურად იმოქმედოს მკითხველზე.

ნინო ცხადაია: კომიქსის ძირითადი იდეა სოციალური პრობლემების წამოჭრაა, თუმცა კომიქსი სკოლის მოსწავლებზეა გათვლილი ამიტომ ძირითადი იდეა ფანტასტიკური ჟანრის ისტორიაში შევფუთეთ. თავგადასავლის ცენტრალური გმირები გოგო და ბიჭი არიან, რომლებიც ვიდეოთამაშში ხვდებიან.

თორნიკე ხვთისიაშვილი:  პროექტის ორგანიზატორებმა ჩვენ სრული თავისუფლება მოგვცეს. მხოლოდ ერთი რამ  თქვეს, რომ კომიქსში უნდა ყოფილიყო ქართული სოციალურ პრობლემატიკა. 

მაგრამ ჩვენ მთავარი აქცენტი სოციალურ პრობლემატიკაზე არ გავაკეთეთ, რათა  უბრალო ნახატებიანი ბროშურა არ გამოგვსვლოდა. გავითვალისწინეთ ის, რომ ამ კომისქსის მკითხველები მეტწილად ბავშვები იქნებოდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა თანამედროვე, საინტერესო, ორიგინალური, სათავგადასავლო ამბავი, სადაც მრავლად იქნებოდა არეკლილი სოციალური პრობლემატიკა.

ComicsPost:  აღწერეთ შემოქმედებითი პროცესი. როგორი იყო მუშაობა გუნდში? როგორ დაგეხმარნენ ჩამოყვანილი კომიქსების ავოტორები (დევიდ მაკი და ვან ჯენსენი)

მარიამ აღდგომელაშვილი:  პირადად ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი პერიოდი. ვენთან და დევიდთან მუშაობის დროს ვიყავი მუდმივი სწავლების რეჟიმში. ყველაზე მეტად მომწონდა მათი უშუალობა (ჩვენს მიმართ დამოკიდებულება)  და სწავლების სტილი (როგორ შეეძლოთ მიეყვანე სწორ გზაზე მსჯელობის შედეგად, ყველანაირი დახმარების და მინიშნების  გარეშე.) ყველა სიტყვაში გაგრძობინებენ, რომ შენ ხარ არტისტი, ინდივიდი  და შენ ქმნი შედევრს. გიყურებენ ისე, როგორც მომავალ ვარსკვლავს. ყველა შენს იდეას იჭერენ, მერე ფრთებს ასხამენ და შენც გაჯერებენ, რომ ყველაფერი შესაძლებელია თუ მოინდომებ. ჩემთვის ამ ორი ადამიანის გაცნობა და მათთან მუშაობა იყო ძალიან დიდი მოტივაცია, როგორც მომავალი მწერლისთვის.

ნინო ცხადაია: შემოქმედებით ჯგუფში მუშაობა ყოველთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული, ყველას თავისი ხედვები აქვს, თავისი იდეები და ეგ მიაჩნია საუკეთესოდ. მაგრამ ყველას გვინდოდა კარგი კომიქსი შეგვექმნა და ეს იდეა გვაერთიანებდა. მუშაობის საწყის ეტაპზე დავიყავით ფუნქციები, მე, მაგალითად, ფენსილერი ვიყავი, და ამის შემდეგ ყველა ცდილობდა სამუშაოს თავისი ნაწილი რაც შეიძლება კარგად შეესრულებინა.

თორნიკე ხვთისიაშვილი:  გუნდური მუშაობის პროცესი საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან აქამდე მარტო ვმუშაობდი ხოლმე და არავის აზრს არ ვითვალისწინებდი. 

თავიდან ჩვენ ვესწრებოდით ნიკოლოზ ხომასურიძის ლექციებს და პარალელურად ვმუშაობდით კომიქსის თემაზე. როცა ვან  ჯენსენი ჩამოვიდა, ჩვენ უკვე გვქონდა კომიქსის სიუჟეტი. ვანს იდეა ძალიან მოეწონა, მაგრამ იყო  ხარვეზები, რომელებზეც ერთად ვმუშაობდით თითქმის ყოველდღე. 

დევიდ მაკის ჩამოსვლისას სცენარის პირველადი ვერსია უკვე მზად გვქონდა. დევიდთან ერთად დავგეგმეთ კომიქსი და გავაკეთეთ ჩანახატები. 

საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. 

ComicsPost: რა არის ყველაზე რთული და დიდი გამოწვევა კომიქსებზე მუშაობის დროს?

მარიამ აღდგომელაშვილი:  თვითონ კომიქსი უკვე გამოწვევა იყო ჩემთვის და შესაბამისად არც მასზე მუშოაბა აღმოჩნდა მარტივი. პირველი და ყველაზე რთული ერთ იდეაზე შეჩერებაა. მაშინ, როცა უამრავი სოციალური პრობლემის წინაშე ვდგავართ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა აგვერჩია, რომელზეც შევქმნიდით ისტორიას. არ არის ადვილი შექმნა ამბავი, რომელიც ეტაპობრივად უნდა განვითარდეს და კულმინაციას მიაღწიოს. ყველა დეტალი, ყველა წვრილმანი უნდა იყოს გაშიფრული. ყველა კითხვის პასუხი უნდა იცოდე,  რაც შეიძლება მკითველს გაუჩნდეს. ამ ამბავს უნდა ჰყავდეს გმირები, ყველა პერსონაჟს თავისი ისტორია აქვს და არცერთი ისტორია არ უნდა იყოს ბუნდოვანი. მოკლედ, იქმნება ერთი დიდი წიგნი მხატვრებისთვის, მკითხველამდე კი მხოლოდ დიალოგები მიდის. რეალურად კი ამ ერთი შეხედვით მხიარული კომიქსის უკან ძალიან დიდი შრომა იმალება, როგორც მწერლების ისე მხატვრების.

რა თქმა უნდა, ბევრი სირთულის მიუხედავად მივიღეთ უზარმაზარი გამოცდილება. ეს იყო გუნდური მუშაობის ყველაზე დიდი გამცოდილება. ვიმუშავე 3 სრულიად გასხვავებულ პიროვნებასთან, განსხვავებული აზრებით და შეხედულებებით. ხშირად ვკამათობდით, მაგრამ ყველა კამათი საბოლოოდ ჩვენი კომიქსის სასარგებლოდ გადაწყდა 🙂

ნინო ცხადაია: ყველაზე რთული, ჩემი აზრით, საბოლოო კონცეპტზე შეთანხმება იყო. ისტორიის ჩამოყალიბებამ ძალიან დიდი დრო წაიღო, დაახლოებით ორ თვეზე მეტი, ხოლო შემდეგ მუშაობა გაცილებით უფრო მაღალი ტემპით წავიდა..

თორნიკე ხვთისიაშვილი: ყველაზე რთული იყო გუნდური მუშაობა. ჩვენ ოთხნი ერთმანეთს პროექტამდე არ ვიცნობდით. გვქონდა განხვავებული სტილი,  ხასიათი,  გემოვნება და ხედვა. ამიტომ საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჯგუფში მუშაობის პროცესი. 

რთული იყო ასევე კომიქსის სიუჟეტის მოფიქრება. მასში უნდა ყოფილიყო სოციალური პრობლემატიკა და ეს ისე უნდა მოგვეხერხებინა, რომ მოსაწყენი არ გამოგვსვლოდა. 

ComicsPost: რამ შთააგონა თქვენი ხატვის სტილი? როგორი სტილის იქნება ეს კომიქსი, რეალისტური თუ “მულტფილმის მსგავსი”? ან რაიმე მათ შორის?

ნინო ცხადაია: ხატვისთვის არც ძალიან რეალისტური და არც ძალიან “კარტუნისტული” სტილი ავარჩიეთ, რაღაც შუალედური მათ შორის. ვერ ვიტყვი რომ ამ პროექტზე მუშაობისას რაიმე გამოკვეთილი სტილი ავირჩიეთ, ვცდილობდი რაც შეიძლება დრამატული ფიგურები და კომპოზიციები ამეწყო, რომლებიც სასიამოვნო იქნებოდა მკითხველის თვალისთვის.

ComicsPost: რამ იქონია გავლენა თვითონ ისტორიაზე და წერის პროცესზე? როგორი თხრობის სტილი გინდათ გქონდეთ კომიქსებში?

მარიამ აღდგომელაშვილი:  ვფიქრობ თვითონ ისტორიაზე გავლენა კონკრეტულად არაფერს მოუხდენია, უბრალოდ ვენ ჯენსენი ძალიან დაგვეხმარა სწორი მიმართულების პოვნაში. როგორც მწერლებს უამრავი რჩევა მოგვცა, ძალიან ბევრი ვისწავლეთ კომიქსის კულტურაზე და წერის სტილზე. ამის შემდეგ, როგორც კი ერთ იდეაზე შევჯერდით მალევე დავიწყეთ ნიკას და ქეთის პერსონაჟების ხასიათზე ზრუნვა და მათი ისტორიის განვითარება. კომიქსში  მთავარი პერსონაჟები თავად ყვებიან თავიაანთ ამბავს.

თორნიკე ხვთისიაშვილი: პროექტამდე დიდი ხნით ადრე  მქონდა იდეა – დამეწერა ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა ვიდეო თამაშზე.  როდესაც კომიქსის თემას ვარჩევდით, არ გვინდოდა ის ყოფილიყო ბანალური და მრავალგზის გადაღეჭილი, მაგალითად : ბულინგი ან სხვა რამ. 

გამახსენდა ეს მივიწყებული იდეა და მაშინვე გავაცანი დანარჩენებს. მათ ის მოეწონათ და ჩვენც შევუდექით მუშაობას. 

თხრობის სტილი მინდოდა ყოფილიყო რეალისტური, სისხლიანი და დეპრესიული. მაგრამ იმის გამო, რომ ეს კომიქსი სკოლებში უნდა დავარიგოთ, იძულებულნი გავხდით სისხლზე ხელი აგვეღო და დეპრესიული ფონიც ცოტა შეგვემსუბუქებინა. 

ComicsPost: თუ არის თქვენს კომიქსში სოციალური თემები, პრობელემები, და ფილოსოფიური იდეები? თუ ის უფრო მარტივია და სახალისო?

მარიამ აღდგომელაშვილი:  ერთი შეხედვით  ჩვენი კომიქსი ნამდვილად არის მარტივი და სახალისოც, თუმცა სწორედ ამ გზით გვინდა მკითხველი შემოვიტყუოთ და  ამ უწყინარი კომიქსით დავანახოთ რეალობა და ის მნიშვნელოვანი სოციალური თემები, როლებიც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დღეს საქართველოში.

თორნიკე ხვთისიაშვილი:  სოციალურ პრობლემატიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კომიქსში. პრობლემები უბიძგებს ჩვენს გმირებს  გადადგან არასწორი ნაბიჯები, დაუშვან შეცდომები. 

კომიქსი პატარაა და არ გვქონდა იმის საშუალება, რომ პერსონაჟებს ეს პრობლემები მოეგვარებინათ და ალბათ არცაა ეს საჭირო.  რაც მთავარია, ისინი  მივიდნენ ერთ ფილოსოფიურ ჭეშმარიტებამდე… მათ დაინახეს, თუ რა არის ცხოვრებაში მთავარი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამის შემდეგ მათი პრობლემები მეორეხარისხოვანი ხდება. 

ComicsPost: რადმენად განსხვადება თქვენი კომიქსის საბოლოო ვერსია თავდაპირველი იდეისგან და მონახაზისგან?

მარიამ აღდგომელაშვილი:  მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბერვი იდეა გვქონდა თავდაპირველი და მთავარი იდეა და მონახაზი, რაც იყო ისევ ის დარჩა. რა თქმა უნდა შეიცვალა ძალიან ბერვი დეტალი და დროის გასვლასთან და ერთობლივი მუშაობის შედეგად უკეთესობისკენ იცვლებოდა ყველა ის წვრილმანი, რაზეც ვკამათობდით, მაგრამ საბოლოოდ ის შედეგი მივიღეთ,რაც გვინდოდა. შეიძლება ითქვას უკეთესიც კი.

ნინო ცხადაია: საწყისი ისტორია საბოლოოსგან რადიკალურად არ განსხვავდება, თუმცა საწყისი მასალა ძალიან დიდი იყო და რამდენჯერმე საჭირო გახდა თხრობის მანერიის შეცვლა და ისტორიის შემოკლება, იმისათვის, რომ იგი კომიქსის ერთ ნომერში ჩაგვეტია.

თორნიკე ხვთისიაშვილი:  თავდაპირველი ვერსია იყო ძალიან დიდი და ჰქონდა ბუნდოვანი დასასრული, ანუ არ იყო დასრულებული და აუცილებლად საჭიროებდა გაგრძელებას.

თავიდან ვგეგმავდით 32-გვერდიან კომიქსის შექმნას, მაგრამ რადგან დრო ცოტა გვქონდა და მხატვრებიც ვერ მოასწრებდნენ ამხელა კომიქსის დახატვას, გვერდების რაოდენობა 26-მდე დავიყვანეთ.

შედეგად მივიღეთ პატარა კომიქსი, სადაც ერთი ამბავი სრულდება და არ წყდება შუაში. დასასრულს მკითხველს ინტრიგა ელოდება და ამიტომ თავისუფლად შეიძლება მეორე ნომრის გამოშვებაც. თუმცა, ამ ინტრიგის მიუხედავად გაგრძელება აუცილებელი არ არის. 

ComicsPost: რა ხერხებით აპირებთ თქვენი კომიქსის პოპულარიზაციას საქართველოში და მის გარეთ? რას გეგმავთ მომავლისთვის?

მარიამ აღდგომელაშვილი: პირველ რიგში ველოდებით ჩვენს პრეზენტაციას. სამომავლო გეგმებზე მომავალში ვილაპრაკებ

ნინო ცხადაია: ჩვენს კომიქსს ამერიკის საელჩო მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში დაარიგებს. ხოლო ამის შემდეგ ყველაზე ლოგიკური იქნება დაველოდოთ მკითხველის რეაქციას და მხოლოდ მისი შეფასების შემდეგ ვიფიქროთ რისი გაკეთება შეიძლება სამომავლოდ.

თორნიკე ხვთისიაშვილი:  ჩვენს ქვეყანაში კომიქსის კულტურა არ არსებობს და შესაბამისად რთულია მისი პოპულარიზაცია.  ჩვენ ვაპირებთ, კომიქსების დარიგებას სკოლებში და იმედი გვაქვს, რომ ამ ქმედებით ხელს შევუწყობთ, კომიქსის კულტურის დამკვიდრებას საქართველოში. 

ComicsPost: ყველას დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებთ.

კომიქსის პირველი 6 გვერდი

FatalE

ასევე მადლობა ა.შ.შ-ს საელჩოს და პირადად კულტურის ატაშეს დემიენ ვემპლერს.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Posts, ქართული. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.