ინტერნეტში დიდი დისკუსია აგორდა “იქს ადამიანები: აპოკალიფსის” პოსტერზე, რომელზეც აპოკალიფსი ახრჩობს მისტიკს. ყველაზე ხმამაღლა მისი საწინააღმდეგო პოზიცია გააჟღერა მსახიობმა როუზ მაკგოუანმა (Rose McGowan), მისი აზრით პოსტერი კონტექსტის გარეშე ქადაგებს ძალადობას ქალების მიმართ. ამან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, მაგრამ შედეგად სტუდია ფოქსმა ბოდიში მოიხადა და ჩამოხსნა ყველა მსგავსი პოსტერი.
თავისთავად ნებისმიერი კომიქს ფანისთვის ეს მართლაც გაუგებარია, მითუმეტეს როდესაც ფანებმა კარგად იციან ფილმის შინაარსი და კონტექსტი, მაგრამ ხალხისათვის რომელიც არ არის ახლოს კომიქსებთან ან იქს ადამინებთან ეს მართლაც შეიძლება სულ სხვაგვარად ჩანდეს, მითუმეტეს როდესაც დღევანდელ საზოგადოებაში ხალხი ყველაფერში ეძებს პრობლემას, ზუსტად ისევე როგორც ეს ბეტგერლის კომიქსის ყდის შემთხვევაში მოხდა.
გასაგებია რომ პოსტერი არ ქადაგებს ქალების მიმართ ძალადობას, მაგრამ აუცილებლად უნდა გვესმოდეს რომ ქალებზე ძალადობა დღესაც დიდი პრობლემაა, ბევრი ქალისთვის რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო მსგავსი პოსტერი მართლაც შეიძლება მინიმუმ არასასიამოვნო იყოს და მათ აქვთ სრული უფლება გამოთქვან თავიანთი პირადი აზრი, ეს თავისუფალი საზოგადოების უმთავრესი პრინციპია.
საინტერესოა რომ რეალური სამყაროსგან განსხვავებით, სადაც სიტუცია მხოლოდ ნელა იცვლება, კომიქსებში ქალმა პერსონაჟებმა უფრო მალე მიაღწიეს გარკვეულ თანასწორობას. ერთ ერთი პირველი სუპერგმირი ქალი ვონდერ ვუმანი ზუსტად ამ მიზეზით იყო შექმნილი, ვონდერ ვუმანი განასახიერებდა გმირს, რომელიც გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა. რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ქალები ჰიპერსექსუალურად არინ ასახული კომიქსებში და ბევრ შემთხვევაში ეს უდავოდ სექსიზმია, საბედნიეროდ ავტორები უსმენენ მკითხველებს და ჰიპერსექსუალიზაცია დღეს ბევრად ნაკლებია ვიდრე თუნდაც 90-ან წლებში. ამ ყველაფერში დიდ როლს თამაშობს ახალი მკითხველების შემოდინება, რომელთა შორის დიდი ნაწილი ზუსტად ქალები არიან.
თანამედროვე კომიქსებში ქალების უმეტესობა ძალიან შორს დგას კლიშეურ “Damsel in distress” არქეტიპისაგან, რომელიც მხოლოდ კაცის მიერ გადასარჩენად და გასართობად არსებობს. დღევანდელი კომიქსის სუპერ ქალები არიან ძლიერი და დამოუკიდებელი გმირები, მათ შორის supporting cast-ის და სუპერძალის არ მქონე პერსონაჟებიც, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფრის გადალახვა. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ნამდვილად კარგ პერსონაჟებს აქვთ თავიანთი პიროვნული პრობლემები და სირთულეები. ცალკე პრობლემაა “Mary Sue” ტიპის პერსონაჟები რომლებსაც ყველაფერი ადვილად გამოსდით და არა აქვთ არავითარი ნაკლი და პრობლემა.
როგორც ენტმენის სტატიაში აღვნიშნე, კომიქსები ასევე რეალობასაც ეხებოდნენ და მათ შორის ოჯახურ ძალადობას. ასევე იყო ძალიან ცუდი აშკარად სექსისტური ისტორიებიც; მათ შორის გამოირჩევა: “მის მარველის გაუპატიურება და დაორსულება”. უგჰ… ისტორია საიუბილეო Avengers #200-ში მოხდა, მის მარველი აღმოაჩენს, რომ ის ორსულია, ორსულობა სულ 3 დღიანი იქნება, დაბადების შემდეგ ბავშვი რეკორდული დროში გაიზრდება, უკვე კაცად გაზრდილი ბავშვი თავის თავს მარკუსს უწოდებს. მარკუსის თქმით, მისი წინა ფორმა ლიმბოში იყო ჩაკეტილი, და გამოღწევის საშუალება მხოლოდ დედამიწაზე ვინმეს “დაორსულება” იყო. მან აირჩია მის მარველი და თავის ტელეპატიური კონტროლით და მანიპულაციით გააუპატიურა და დააორსულა კეროლ დენვერსი. რატომღაც მის მარველი გადაწყვეტს რომ მას “უყვარს” თავისი “შვილი”/ გამაუპატიურებელი მარკუსი, და მასთან ერთად ცხოვრება სურს ლიმბოს განზომილებაში…
ყველაზე შოკის მომგვრელი კი მის მარველის მეგობარი შურისმაძიებლების რეაქცია იყო, რომელიც რეალურად “ოჰ, ოკ”-ს უდრიდა. ნამდვილად არ ვიცი რას ფიქრობდნენ კომიქსის ავტორები ამ ისტორიის დაწერისას… საბედნიეროდ კრის კლარემონტმა “გამოასწორა” სიტუაცია: მან სიბერისგან მოკლა მარკუსი, დედამიწაზე დააბრუნა გონზე მოსული და უკვე ტრავმირებული მის მარველი და ბოდიში მოახდევინა შურისმაძიებლებს მათი არაადეკვატური რეაქციის გამო.
ამ საშინელ ისტორიას თავისი დადებითიც ჰქონდა, ავტორები უფრო ფრთხილები გახდნენ და უფრო დიდ ყურადღებით დაიწყეს თავისი ისტორიების და ქალი პერსონაჟების წერა. შედეგად დღეს კომიქსების სამყარო ბევრად უფრო გენდერულად თანასწორი ჩანს ვიდრე რეალური, თავისთავად ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა და ბევრი გასაკეთებელია სრული პროგრესისთვის მაგრამ გარკვეული მიღწევები აშკარაა, მითუმეტეს იგივე კლერმონტის იქს ადამინების კომიქსებში სადაც უამრავი საინტერესო და კარგი ქალი პერსონაჟი იყო. ზუსტად ეს შეიძლება იყოს მიზეზი თუ რატომ არ ხედავს ზოგი კომიქს ფანი ამ პოსტერში პრობლემას, მათთვის სულ ერთი იქნებოდა ვის ახრჩობს აპოკალიფსი, რადგან მის კომიქსებში ქალები პერსონაჟები უმეტეს წილად ტოლები არიან კაც პერსონაჟებთან.
ირონიულად ამის შესანიშნავი მაგალითია ფილმი აპოკალიფსი, სადაც მისტიკი რეალურად ფილმის და მთლიანი ტრილოგიის მთავარი გმირია; ზუსტად ეს იყო მისი პოსტერზე გამოჩენის ერთ-ერთი მიზეზი, აგრეთვე ცალკე აღსანიშნავია რომ ამ ფილმში აპოკალიფსის დამარცხებას იქსმენებმი მხოლოდ და მხოლოდ ჯინ გრეის დახმარებით შეძლებენ.
რომ შევაჯამოთ, აბსოლუტურად მისაღებია რომ ჩვენ გავეცნოთ ყველა არსებულ აზრს და მათ გამომწვევ მიზეზებს, უნდა გავიგოთ, რომ ზოგ ადამიანს სულ სხვა პერსპექტივა და გამოცდილება აქვს რაც სულ სხვა თვალით აჩვენებს მათ არსებულ რეალობას, მაგრამ ასევე აუცილებელია დავინახოთ ის არც ისე მცირე მიღწევები გენდერულ თანასწორობაში რომელიც დღეს კომიქსებში არსებობს.