DMZ – დემილიტარიზებული კომიქსი

An inside look at a war without end…

DMZ ანუ დემილიტარიზებული ზონა არის 72 ნომრიანი კომიქსი, რომელიც შექმნა ბრაინ ვუდმა (Brian Wood) და რიკარდო ბურჩიელიმ (Riccardo Burchielli). უნდა ითქვას ისიც, რომ ვუდი მუშაობდა არა მარტო სიუჟეტზე, არამედ აგრეთვე ყდებსაც თვითონ ასრულებდა. სიუჟეტი შეეხება მანჰეტენის ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც ამერიკის მეორე სამოქალაქო ომის შემდეგ სასაზღვრო ზონად იქცა შეერთებულ შტატებსა და თავისუფალ შტატებს შორის.

ცხადია, ქვემოთ შეხვდებით ე.წ. სპოილერებს, ამიტომ ვინც აპირებს ამ მშვენიერი კომიქსის წაკითხვას, ვურჩევ რომ წაკითხვისგან თავი შეიკავოს. შევეცდებით განხილვისას მივყვეთ იმ თანმიმდევრობებს რომელიც კომიქსშია მოცემული და ცალკ-ცალკე გამოვყოთ ყოველი შემადგენელი სიუჟეტი.

ნაწილი პირველი

“On The Ground”

მანჰეტენის ხედი

კომიქსი იწყება საინფორმაციო გამოშვებით, სადაც აღწერენ, თუ როგორი სიტუციაა იმ დროისთვის ამერკაში. გადაცემა გადის შეერთებული შტატების მიერ კონტროლირებად მხარეში, რაზეც მეტყველებს გადაცემის პათოსი, სადაც თავისუფალი შტატების მებრძოლებს მკვლელებს და ნარკომანებს უწოდებენ. ირკვევა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტი, ვიკტორ ფერგიუსონი სამხედრო ვერტმფრენით უნდა გაემგზავროს დმზ-ში, სადაც ის მოამზადებს სიუჟეტთა სერიას იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ამ რეგიონში. უნდა ითქვას, რომ ეს ინფორმაცია, ვგულისხმობ დმზ-ში არსებული ინფორმაცია საიდუმლოთი იყო მოცული მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის და თან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტს გზავნიდნენ დმზ-ში. საინტერესოა იმ არხის სახელიც, რომელიც ახორციელებდა ამ პროექტს – LIBERTY news for america and americans. რეპორტაჟის დასრულების შემდეგ, ჩვენ გადავდივართ არხის ჰოლში, სადაც ვხედავთ, თუ როგორ ემზადება ფერგიუსონი და მისი ჯგუფი დმზ-ში გასამგზავრებლად. სწორედ ამ მომენტში ჩნდება კომიქსის მთავარი გმირი – მეთიუ როტი ( Matthew Roth) პირველად.

ირკვევა, რომ ის ახლახანს აიყვანეს სამსახურში და მისთვის ამ მისიაზე გაგზავნა მოულოდნელია. როდესაც ვერტმფრენში ჩაჯდებიან, ფერგიუსონი მას გააფრთხილებს რომ მისი აყვანა არ იყო მისი სურვილი, არამედ ეუბნება, რომ როტის მამამ გამოიყენა მისი კავშირები, რათა მის შვილს მიეღო ეს ადგილი, აგრეთვე დაამატებს რომ ის დღეიდან არის მისი უფროსი და მეთიუს მოვალეობაა უსიტყვოდ შეასრულოს მისი ყოველი მითითება. აფრენის შემდეგ, მათი გამცილებელი ოფიცერი როტს აფრთხილებს რომ იყოს ძალიან ფრთხილად და რომ ყოველი ურბანული ლეგენდა, რაც კი გაუგია არის სიმართლე დმზ-ში. როდესაც ვეტრმფრენი მიაღწევს დანიშნულების ადგილს და დაიწყებენ ინვენტარის გადმოტვირთვას, აღმოჩნდება რომ მათ მოუწყვეს ჩასაფრება. უცნობი/უხილავი მტერი შენობებიდან ცეცხლს გაუხსნის და გამცილებელი სამხედროების უმეტესობა პირველივე წამებში დაიხოცება. ფერგიუსონი მიასწრებს ვერტმფრენამდე და როტს დატოვებენ ბრძოლის ზონაში, თუმცაღა აღმოჩნდება, რომ მთავარ გმირს ბედი ქონია. როდესაც ვეტრმფრენი აფრინდება, მას ჩამოაგდებენ და იქმნება შთაბეჭდილება რომ ყველა დაიხოცა. როტი როგორღაც მოახერხებს რომ გაერიდოს სახიფათო არეალს და დაიმალება სწორედ ამ დროს შეხვდება ის ზიის (Zee) რომელიც შემდგომში დიდ როლს შეასრულებს განვითარებულ მოვლენებში. გადატანილი სტრესის გამო, როტი გონებას დაკარგავს. როდესაც ის გონს მოვა, ნახავს რომ ის ზიის წამოუყვანია მის სახლში. მასპინძელი ეტყვის რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მას ტელეფონი ურეკავდა. ირკვევა, რომ ფერგიუსონს ურეკავდნენ სატელევიზიო კომპანიიდან. როტი მათ შეატყობინებს რომ ფერგიუსონი მკვდარია. ისინი შეპირდებიან რომ ისინი მას დმზ-დან გამოიყვანენ. ზიი კი როტს შეპირდება, რომ ის მას მიიყვანს ევაკუაციის ადგილამდე, თუ სანაცვლოდ იმ პირველადი დახმარების მედიკამენტებს მისცემს, რომელიც მას ჩანთაში აქვს. ისტორიის განვითარებასთან ერთად ვიგებთ, რომ ზიი ომის დაწყებამდე სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა და ახლა ის ზრუნავდა იმ ხალხზე რომელსაც არ შეეძლო ემკურნალა ან რაიმე პრეპარატები ეშოვნა. როდესაც მეთიუ და ზიი მიაღწევენ ევაკუაციის ადგილს, სამხედროები, რომლების მეთიუს გადასარჩენად არიან მოსულები, ჩათვლიან რომ უფრო ადვილი იქნება თუ ტერიტორიას თავიდანვე გაწმენდენ და ამისათვის ააფეთქებენ მთელს მიმდებარე არეალს. ამის შემხედვარე, როტი გადაწყვეტს, რომ უმჯობესი იქნება დმზ-ში დარჩეს და იქ გაარკვიოს სიმართლე.

მეთიუს და ზიის შეხვედრა.

დმზ-ში გატარებული მეორე დღე მეთიუსთვის პროფესიული კუთხით საინტერესოდ დაიწყო. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ კიდევ ერთი ფაქტორი, რაც განსაკუთრებულ ხიბლს ძენს ამ კომიქსს არის არის თხრობისა და ხატვის განსაკუთრებული მანერა. თხრობის სტილი არის თითქოსდა ორად გაყოფილი- ერთის მხრივ უბრალოდ დიალოგები და მეორეს მხრივ როტის ფიქრები და ჩანაწერები, რომელიც მუდამ ცდება მიმდინარე მოვლენებს და არ მოიცავს მშრალ აღწერას მარტოოდენ. საუბარია ზოგჯერ ომის წამოწყების ცნობილ მიზეზებზე, განვითარებაზე და შესაძლო შედეგებზე. ანალიზისას დიდი როლი ეთმობა როტის დამოკიდებულებას საკითხის მიმართ. ხატვის სტილს რაც შეეხება, განსაკუთრებით მომხიბვლელია ფერთა შეხამების ცვალებადობა… ასეთი განსხვავებული ხატვის სტილი, უნდა ითქვას რომ ჰიკმენის Pax Romana-შიც შეინიშნება. როტისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ერთ-ერთი სახლის დათვალიერება, სადაც კუსტარული საავადმყოფო იყო მოწყობილი და იქ ცდილობდნენ ემკურნალათ დაშავებული ბავშვებისთვის.

დღის ბოლოსთვის მეთიუ დაწერს ორ სტატიას და გაუგავის კომპანიას. მათ შორის გამართული დიალოგის შემდეგ, გადაწყდება, რომ მეთიუ დარჩება დმზ-ში და მიაწვდის ინფორმაციას LIBERTY news-სს, ამის სანაცვლოდ კი ისინი თავიდან დაეხმარებიან და მიაწვდიან ინფორმაციას იმაზე თუ რას გეგმავს ხელისუფლება.

ასე დაიწყო ოფიციალურად მეთიუს კარიერა დმზ-ში.

შემდეგ კი იყო შეხვედრა აჩრდილებთან (ghosts), რომელიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი თავია კომიქსში. ჭორების თანახმად, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერირებდა იდუმალებით მოცული გუნდი, რომელიც ამ ტერიტორიას იცავდა, თუმცა დანამდვილებით ვერავინ ამბობდა, მართლაც არსებობდნენ თუ არა ისინი. სწორედ მათი არსებობა/არასებობის დასადგენად წავიდა მეთიუ. როდესაც მან საბოლოოდ მიაღწია ცენტრალურ პარკს, ის შეხვდება თეთრ კამუფლაჟში ჩაცმულ პატრულს, რომელებიც მას ტრანკვილიზატორით გათიშავენ და თავიანთ ბაზაზე გადაიყვანენ. ბაზა აღმოჩნდება ყოფილი ზოოპარკი. ჯგუფის მეთაური, სოამესი უარყოფს რომ ისინი არიან აჩრდილები, პირიქით, ის ამტკიცებს რომ ისინი საერთოდ არ არსებობენ. ხოლო თვითონ სოამესი და მისი თანამოაზრეები კი არიან მეცნიერები, ყოფილი სტუდენტები და უბრალო მოქალაქეები, რომლებიც ზრუნავენ ზოოპარკზე. ცხადია, ეს არ არის სიმართლე და სწორედ სოამესია აჩრდილების დამაარსებელი. ომის დაწყების შემდეგ, ისინი ზოოპარკში გამაგრდნენ, ბაზები მიწის ქვეშ განათავსეს და იქ დაიწყეს საქმიანობა. ბაზაზე მათ ყავდათ სხვადასხვა ცხოველი, მათმა მოახერხეს რომ თითქმის სრულად შეენარჩუნებინათ ზოოპარკში მყოფი ცხოველები. აგრეთვე დაიწყეს ბამბუკის მოყვანა, რომელსაც იყენებდნენ სამშენებლო მასალად, აგრეთვე ბარტერისთვის და პანდების საკვებად. სოამესი სთხოვს მეთიუს რომ გაავრცელოს ინფორმაცია მათ შესახებ, შეიძლება ითქვას რომ რეკლამირებას ითხოვდნენ რათა ხალხს შეეტყო მათ შესახებ. ერთის მხრივ იმედოვნებდნენ, რომ შესაძლოა ხელისუფლება დახმარებოდა მათ ზოოპარკის შენარჩუნებაში, აგრეთვე შესაძლოა ეპოვათ ხალხი, რომლებიც დაინტერესდებოდნენ ბამბუკის ყიდვით . მეთიუ ამაზე დათანხმდება იმ პირობით, თუ მას წაიყვანენ პატრულზე. პატრულირების დროს, ისინი შეხვდებიან სხვა დაჯგუფებას. მათ შორის მოხდება შეტაკება, სადაც დაიღუპება ერთ-ერთი აჩრდილი, რომლიც სიკვდილამდე მეთიუს მისცემს სახლის გასაღებს, სადაც მას შეეძლება გაჩერება განუსაზღვრელი დროით და აგრეთვე პირობას ჩამოართმევს, რომ ხალხს მიაწოდოს ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება დმზ-ში…

სოამესი და აჩრდილები.

აჩრდილებთან შეხვედრა ასე გამოკვეთილად იმიტომ აღინიშნა, რომ შემდეგში ამას გავლენა ექნება ისტორიის განვითარებაზე…

ნაწილი მეორე

 Body of a Journalist

შეიძლება ითქვას, რომ ასე თუ ისე, მეთიუ დაფუძნდა დმზ-ში, თუმცა მისი სრულად ადაპტირება ადგილობრივ გარემოსთან არ მომხდარა. განსაკუთრებით რთული კი, სხვა პრობლემებთან ერთად იყო დეზინტერიასთან ბრძოლა. არსებითად მართალია, კი ხდებოდა დროგამოშვებით წყლის დარიგება, მაგრამ ზოგჯერ ესეც კი ვერ ხერხდებოდა, მიზეზი კი შეიძლება ყოფილიყო როგორც წყლის მოწოდების შეუძლებლობა, აგრეთვე ტერორისტული აქტები, რომელიც არც თუ ისე იშვიათი იყო. ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც რომელიმე ძალის სურვილი, სხვებისთვის დაენახვებინათ თავიანთი ძალა, აგრეთვე თავისუფალი შტატების ან აშშ-ს მიერ ჩატარებული ოპერაციები. ლინკოლნის გვირაბიდან იწყებოდა თავისუფალი შტატებს იგივე F.S.A-ის ტერიტორია. მეთიუს პირველი კონტაქტი მათთან მაშინ მოხდა, როდესაც მისი ნივთები, მოიპარეს და ქურდზე დევნამ ის საზღვრამდე მიიყვანა.

F.S.A.-ის საზღვარი.

ერთ დღესაც, მას დაურეკეს და უთხრეს, რომ თავისუფალი შტატებიდან ურეკავდნენ. გააცნეს სურვილი იმისა, რომ როტი მათთან მისულიყო და ინტერვიუ ჩაეწერა. როგორც ჟურნალისტი, რა თქმა უნდა, მთავარი გმირი ამ შემოთავაზებას დათანმხდა. მგზავრობა, როტისთვის არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა, მას ჩამოართვეს ტელეფონი, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე მიიყვანეს თავისუფალი შტატების ბაზაზე. ირკვევა, რომ თურმე ვიკტორ ფერიგიუსონი ცოცხალი ყოფილა. თავისუფალი შტატების ლიდერმა, მას შემდეგ რაც მეთიუმ მოახდინა ფერგიუსონის იდენტიფიკაცია, როტს დაავალა რომ წასულიყო აშშ-ში და შეტყობინებინა მათთვის რომ როტი ცოცხალა და ტყვედ ყავს F.S.A-ს. ფერგიუსონის განთავისუფლების სანაცვლოდ ერთ დღესაც, F.S.A.-იმ წამოაყენა სამი პირობა

– სამ წუთიანი ჩართვის უფლება ლიბერთი ნიუსის ეთერში

– 120 მილიონი დოლარი ან ევრო

– აშშ-ს გაეყვანა თავის შენაერთები მანჰეტენიდან და მისი დასავლეთ ნაწილი ჩაებარებინათ თავისუფალ შტატებზე.

ცხადია, წამოყენებული პირობები იყო თითქმის შეუსრულებადი, განსაკუთრებით კი მისი ბოლო ნაწილი. მეთიუ ვარაუდობდა, რომ ეს პირობები, რეალურად შეერთებული შტატების კონფლიქტში ჩასათრევად იყო შეთავაზებული, თუმცა უშვებდა იმის ვარაუდსაც, რომ ფერგიუსონი, როგორც სიმბოლო ამ საფასურად ღირდა. ამაზე კი, ვილსონმა, მისი ნაცნობმა, ჩინური უბნის მმართველმა უთხრა, რომ უკვე მეთიუ იყო სიმბოლო, ხალხის სიმბოლო, რომელსაც ისინი ხედავდნენ და აფასებდნენ. როგორც ზემოთ აღინიშნა, როტის მონოლოგებში ხშირია მიმდინარე მოვლენებიდან გადახვევა. ერთ ასეთ შემთხვევაში, ის კითხულობს Times-ის ნომრებს და აფასებს გაზეთის დამოკიდებულებას ომისადმი. საინტერესოა ის მომენტიც, რომ უკანასკნელი ნომერი, რომელიც ქალაქის ევაკუაციამდე გამოვიდა, მხოლოდ 8 გვერდით იყო ჩვეულ ნომერზე დიდი. როტი იხსენებს, თუ როგორი მოულოდნელი იყო ამერიკელებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის ვინც შეერთებული შტატების მხარეს აღმოჩნდა ომის გააზრება. თავიდან, როდესაც თავისუფალმა შტატებმა საკუთარი ხელისუფლება ჩამოაყალიბა მათ სერიოზულად არავინ არ აღიქვამდა, მათზე იცინოდნენ, თუმცა სიცილი დიდხანს არ გაგრძელდა. ერთადერთი ძალა, რომელიც ამერიკაში იყო და შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ამბოხებულებისათვის იყო ნაციონალური გვარდია, თუმცა მათმა უმეტესობამ იარაღი დაყარა, ნაწილი თავისუფალ შტატებს შეუერთდა, ნაწილი კი სახლებში ჩაიკეტა. საზღვარგარეთ საბრძოლველად გაგზავნილი ჯარები F.S.A.-ს სამხედრო დანაყოფს ალენთაუნთან შეხვდა, თუმცა ახლადჩამოსულ, დაღლილ და არაორგანიზებულ არმიას თითქმის არც უბრძოლია ისე დანებდა მტერს. პენტაგონიც უძლური აღმოჩნდა, მაშინ როდესაც თავისუფალი შტატების იდეოლოგიური მანქანა კარგად მუშაობდა. ისინი არწმუნებდნენ ხალხს რომ მათ მხარეზე ებრძოლათ, ეუბნებოდნენ რომ ამერიკა აღარ იყო ის, რა ქვეყნადაც მისი შექმნა იყო ჩაფიქრებული. საბოლოოდ, როდესაც, პენტაგონმა მოახერხა ძალების ასე თუ ისე მობილიზება, რესურსები ორივე მხარეს თითქმის თანაბრად ქონდა, ამიტომაც ბრძოლა გაჭიანურდა. თავისუფალი შტატები, რაც მთავარია, არ იყო ტერიტორიული წარმონაქმნი, არამედ ის იდეოლოგიური გაერთიანება იყო, რომელიც სხვადასხვა ადგილებში იყო გავრცელებული.

თავისუფალი შტატების გავრცელების არეალი.

მოვლების თანამედროვე განვითარებისას, აშშ-ს სამხედრო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ როგორც ფერგიუსონი, ასევე როტი ტყვედ იყო აყვანილი, რაც არსებითად სიცრუე იყო, რამდენადაც როტს მთელი დმზ-ის ტერიტორიის თავისუფლად მიმოსვლის საშუალება ჰქონდა. ეს იყო საბაბი იმისა, რომ ხელისუფლებას გაემართლებინა F.S.A.-ზე თავდასხმა და ეთქვა, რომ ოპერაცია ჩატარდა ტყვეების გასათავისუფლებლად. თუმცა ეს არ იყო დასასრული. ტელევიზიებმა შემდეგ განაცხადეს, რომ როტი მკვდარი იყო და ის თავისუფალი შტატების ძალების მიერ იქნა მოკლული სწორედ მაშინ როდესაც აშშ-ს სამხედრო ნაწილები მის დახსნას ცდილობდა. ამ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საფუძველი ისიც იყო, რომ მეთიუმ 20 საათით დაკარგა გონება, როდესაც კიდევ ერთი შემოტევა ქონდა. მას დიზენტერიისგან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ასევე, სამხედრო წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თუ ფერგიუსონის განთავისუფლება არ მოხდებოდა 24 საათში, ისინი წამოიწყებდნენ სრულმასშტაბიან შეტევას თავისუფალი შტატების ბაზაზე. ამავდროულად, შეერთებული შტატების ნაწილები, აგენტის მეშვეობით ათავისუფლებენ ფერგიუსონს და ცდილობენ ის გადაიყვანონ შტატების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს აშშ-ს ძალების შემოსვლა დმზ-ში, მეთიუ გადაწყვეტს, რომ დაეხმაროს თავისუფალი შტატების ლიდერს, დაიბრუნოს ფერგიუსონი. ამით როტი დაამტკიცებს რომ ისიც და ფერგიუსონიც, ორივენი ცოცხლები არიან. დაადგენენ რა მარშრუტს, რა გზითაც გადაყავთ ფერგიუსონი, ისინი შეეცდებიან რომ მათ გზა გადაუღობონ. მას შემდეგ რაც, აშშ-ს სამხედროები მიხვდებიან, რომ შეუძლებელია ფერგიუსონის გაპარება ყურადღების მიპყრობის გარეშე და დიდი ალბათობით, F.S.A მას ხელში ჩაიგდებს, ისინი კლავენ მას და მის გვამს ტოვებენ ქუჩაში.

ვიკტორ ფერგიუსონის სიკვდილი.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, აშშ-ს სამხედროებმა მოამზადეს საფუძველი მანჰეტენზე შეტევის წამოსაწყებად. დაიწყო სრულმასშტაბიანი შეტევა. ამის პარალელურად, მეთიუ ახერხებს შეხვდეს კელი ქონოლს , Independent World New-ის ჟურნალისტს და სთხოვს მას დახმარებას. ისინი გადაიღებენ ფოტოების ასლებს, იმ შემთხვევისთვის, რომ თავი დაიზღვიონ. როტი დაუკავშირდება გამომცემლობას და შეატყობინებს რომ მას ხელთ აქვს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ფერგიუსონი აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს. მანჰეტენზე შეტევის ხელმძღვანელი მას მოლაპარაკებებს შესთავაზებს, რაზეც როტი დათანხმდება და წამოაყენებს შემდეგ პირობებს: უნდა შეწყდეს მანჰეტენში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია, უნდა გაუქმდეს მისი კონტრაქტი ლიბერთი ნიუსთან, თუმცაღა უნდა შეუნარჩუნდეს პრივილეგიები, ტელევიზიით განაცხადონ რომ ის ცოცხალია და დაისაჯონ ფერგიუსონის მკვლელები. გენერალი დათანხმდება ყველა ამ პირობას. ამის შემდეგ, უკან გამოიხმობენ სამხედრო ნაწილებს და სიტუაცია დროებით კვლავ დაწყნარდება.

ნაწილი მესამე

Public Works

მოვლენათა განვითარებაში ერთვება კიდევ ერთი ახალი ძალა, Trustwell, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია, რომელის კლიენტებს შორის აშშ-ს სამხედრო ძალებიცაა. ორ ძალას შორის დაიდება გარიგება, რომლის თანახმადაც, კომპანიას მიენიჭება ექსკლუზიური უფლება, აღადგინოს მანჰეტენის ის ნაწილები, რომლებსაც შეერთებული შტატები აკონტოლებს. ამავდროულად, ცნობილია ისიც, რომ Trustwell-ს აქვს შეხება უკანონო გარიგებებთან და კორუფციასთან, თუმცა მიუხედავად ათეულობით ჩატარებული შემოწმებისა, ვერცერთი ფაქტი ვერ დადგინდა. ძირითადად, Trustwell სპეციალიზაციაა კონფლიქტების შემდგომი ზონების აღდგენაში. მეთიუ გადაწყვეტს გამოიძიოს თუ რა ხდება სინამდვილეში კომპანიის შიგნით. საბოლოოდ, კელის დახმარებით ის მოახერხებს რომ მოეწყოს მუშად. ასევე მისი ინტერესის ფარგლებში შედიოდა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც კომპანიის შიგნით მოქმედებდა და დროგამოშვებით აწყობდა საბოტაჟებს Trustwell-ის წინააღმდეგ. გარკვეული ხანის შემდეგ, მეთიუ მოიპოვებს ტერორისტული დაჯგუფების ნდობას და ისინი მას თავიანთ რიგებში მიიღებენ. ამ ნდობის მიუხედავად, მას კვლავ მოუწყობენ ტესტს, სასიკვდილო ტესტს, თითქოსდა Trustwell-ის მცველებმა ის გაიტაცეს და წამების მუქარით აიძულებდნენ ეთქვა თუ ვინ იყვნენ ორგანიზაციის წევრები. მიუხედავად წამებისა, მეთიუმ მათ არ გაუმხილა ის ინფორმაცია, რაც მან იცოდა. ამის შემდეგ ის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ორგანიზაციის წევრები იყოფოდნენ ორ ჯგუფად, ფანატიკოსებად- ისინი, ვინ დავალებებს ასრულებდნენ, მიდიოდნენ სუიციდზე მისიის გამო და ბიზნესმენებად- ხალხი რომელიც ამ საქმიანობით თანხას იღებდა. მეთიუც ერთ-ერთი ბიზნესმენი გახდა. მისი პირველი მნიშვნელოვანი დავალება იყო ერთ-ერთი ფანატიკოსის, ამინას მიყვანა დანიშნულების ადგილას, სადაც ის თავს აიფეთქებდა. კერძოდ, დანიშნულების ადგილი იყო კონფერენცია, სადაც Trustwell-ის დირექტორი და აშშ-ს შეიარაღებული ძალების ლიდერი გამოდიან სიტყვით. იმისდა გამო, რომ მეთიუს გაუჩნდა გარკვეული გრძნობები ამინას მიმართ და ამავდროულად მას არ შეეძლო ის სასიკვდილოდ გაემეტებინა, ამიტომაც ის გადაარჩენს ამინას, მოახდენს ე.წ. “ჯიჰადის ქამრის” დეტონაციას, მაგრამ დაგეგმილი ოპერაცია ნაწილობრივ მაინც ჩატარდება. კერძოდ ესკორტის მარშრუტი დანაღმული იყო. ამასთანავე, მეთიუმ ტერორისტული ორგანიზაცია მტრადაც გადაიკიდა. ჩატარებული ტერორისტული ოპერაციის საპასუხოდ Trustwell-მა ჩაატარა სპეცოპერაციათა კასკადი, რომელიც განსაკურებული სისასტიკით გამოირჩეოდა. არ ხდებოდა ეჭვმიტანილთა დაკავება, არამედ მათი ადგილზე ლიკვიდაციის ბრძანება იყო გაცემული, აგრეთვე, მინიჭებული ქონდათ სრული თავისუფლება და არა მარტო შესაძლო ტერორისტებზე, არამედ უბრალო მოქალაქეებსაც ხოცავდნენ. თუმცა, შემდეგ როდესაც მეთიუ F.S.A.-ის ლიდერს შეხვდება, იქ ნახავს კიდევ პიროვნებას, რომელიც შეგზავნილია Trustwell-ში და მუშაობს დაცვის სამსახურის უფროსად. ირკვევა, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი Trustwell-ის მიერ. თვითონ კომპანია აფინანსებდა ტერორისტებს, რათა ქაოსის შექმნის შემდეგ სრული კონტროლი აეღოთ მანჰეტენზე. თუმცა F.S.A. ქონდა თავისი გეგმაც, კერძოდ მათმა აგენტმა მოახერხა და გამოიტანა საიდუმლო მასალები კომპანიიდან. F.S.A. გეგმავდა, რომ ამ ინფორმაციის სანაცვლოდ, კომპანიისგან მოეთხოვა მანჰეტენის დათმობა. თუმცა მათი გეგმა ჩავარდა, როდესაც მეთიუმ მოახერხა რომ ინფორმაცია მიეწოდებინა კელი ქოლონიზე, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია პირდაპირ ეთერში მოხვდა და Trustwell-ის საქმიანობების შესახებ ყველამ გაიგო. საბლოოდ, Trustwell-აც და F.S.A-აც მოუწიათ დმზ-ს დატოვება.

უნდა ითქვას, რომ ეს მონაკვეთი, ერთ-ერთი ყველაზე სუსტია მთელს სერიაში. უბრალოდ საეტაპო ნაწილი, რომლიც მერე გავლენას ახდენს სიუჟეტის განვითარებაზე.

ნაწილი მეოთხე

FriendlyFire

ჩემი აზრით, ეს საუკეთესო და ყველაზე საინტერესო მონაკვეთია კომიქსის, არა მარტო სიუჟეტურად, არამედ სტრუქტურულადაც. სიუჟეტი შეეხება 204 დღის ტრაგედიას როდესაც ამერიკელმა სამხედროებმა მშვიდობიანი დემონსტრანტები დახვრიტეს. მეთიუს უწევს შეხვედრა სხვადასხვა პირებთან, მათ შორის ინციდენტს გადარჩენილებთან და იმ სამხედროებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ სასაკლაოში. მოვლენა წარმოჩინდება სხვადასხვა პირების ხედვიდან. ერთადერთ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ პირთა მიერ მოვლენის აღწერა არის შედარებით მცირე დროის მონაკვეთზეა გავრცელებული და მხოლოდ 204 დღის ტრაგედიით შემოიფარგლება.

სიუჟეტის აღწერისას, მოვლენები დავყოთ მონაკვეთებად, კერძოდ გამოვყოთ რესპოდენტების მონათხრობები.

თხრობა იქნება პირველ პირში.

რესპოდენტი №1. პირველი კლასის რიგითი სტივენსი- საცხოვრებელი ადგილი სამხრეთ დაკოტა. იმისდა გამო, რომ თავისუფალი შტატების ჩამოყალიბების ახლოს ვცხოვრობდით, ჩვენთვის უფრო ადრე გახდა ნათელი მოვლენების შესაძლო განვითარება. ყველამ დაიწყო მისთვის შესაფერისი მხარის არჩევა, ნაწილი შეერთებული შტატების არმიას უერთდებოდა, ნაწილი კი- თავისუფალი შტატებისას. სასამართლოს ბრძანებით გამოცხადდა გაწვევა და მათთვის ვინც თავს აარიდებდა სამხედრო სამსახურს სასჯელი იყო 18 თვიანი პატიმრობა. ვიფიქრე, რომ სამხედრო სამსახურში წასვლა უფრო უსაფრთხო იქნებოდა ვიდრე დურფეში ჩაჯდომა. თანაც ამერიკაში ომი ცოტა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. ექვს კვირიანი კარანტინის შემდეგ ნიუ ჯერსიში გაგვიშვეს. საბოლოოდ, ნიუ იორკში გაგვამწესეს საომრად. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ყველა მხრიდან გვესროდნენ, არ ვიცოდით თუ ვინ იყო მტერი, ჩვენი რუკები და მომარაგება არაფრად არ ვარგოდა. სამი დღის შემდეგ ასე თუ ისე მოვახდინეთ მოვლენებთან ადაპტირება. წარმოვიდგენდი რომ კომპიუტერულ თამაშს ვთამაშობდი- სროლა, გადატენვა, ახალ დონეზე ასვლა. სროლა, გადატენვა, ახალ დონეზე ასვლა. რაღაც წარმატებასაც მივაღწიეთ. გვეგონა, რომ ომს ვიგებდით. თითქმის ერთი თვით სიტუაცია დაწყნარდა. შემდეგ კი, თავისუფალმა შტატებმა შეტევის ახალი ტალღა დაიწო, ოღონდ განსხვავებული და უფრო დალაგებული. ხელმძღვანელობა გვეუბნებოდა, რომ F.S.A. მოსახლეობას იყენებდა ცოცხალ ფარად, ჯარში კი ხმა გავრცელდა რომ მოსახლეობა თავისი ნებით უჭერდა მათ მხარს . ფაქტი კი ერთი იყო, ჩვენ უპირატესობა დავკარგეთ და თანდათანობით პოზიციებს ვთმობდით. 3 თვის შემდეგ კი ისინი გამოჩნდნენ. არავინ არ იცოდა, თუ ვინ იყვნენ ისინი. ყურადღებასაც არ გვაქცევდნენ, მხოლოდ ჩუმად მარშირებდნენ. მთელი კვირის დაძაბულობისგან ძალა გვქონდა დაკარგული, ჰალუცინაციები დამეწყო, მომეჩვენა, თითქოს სისხლის მდინარეში ვიდექი და მარშის მონაწილეები ამ მდინარიდან ჰაერში ადიოდნენ. გავიქეცი, რომ მათი ვინაობა შემემოწმებინა. მომეჩვენა, რომ ერთ-ერთი მათგანი იარაღს იღებდა. ვიყვირე, რომ იარაღი ქონდა. სერჟანტმა ნუნიესმა ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. ამის შემდეგ ბაზაზე დავბრუნდით. ისე ვიქცეოდით, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. როდესაც ჯგუფის შეიარაღება შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მე არ გამესროლა. ამის გამო ნუნიესმა არასანდოდ მიმიჩნია და მისი დანაყოფიდან გამათავისუფლა. ყოველ დღე იმ შემთხვევაზე ვფიქრობდი, ვცდილობდი აღმედგინა დეტალურად ყველაფერი და მივმხვდარიყავი რა მოხდა სინამდვილეში. შემდეგ ხელისუფლებამ გამოძიების ჩატარება დაიწყო. ნუნიესმა მისი სამხედროები გამომიგზავნა და შეამოწმა “ზუსტად” თუ მახოვდა რაც მოხდა 204-ე დღეს. ბოლოს მივხვდი, რომ არაფერი აღარ მაინტერესებდა და პრესკონფერენცია მოვიწვიე, სადაც ყველაფერი ვთქვი, რაც მახსოვდა. ამის შემდეგ კი დამაპატიმრეს და აქ ჩამსვეს.

რესპოდენტი №2. ნუნიესი – ნიუ იორკში, 103-ე ქუჩაზე დავიბადე. როდესაც თავისუფალი შტატების ნაწილები ნიუ იორკში შემოვიდნენ ჩემს მოვალეობად მივიჩნიე რომ ამერიკაში დავბრუნებულიყავი და აქ მებრძოლა. ამ დროს მე ერაყში ვიყავი განაწილებული და ტერორისტებს ვებრძოდი. როდესაც ხელმძღვანელობას ჩემი აშშ-ში დაბრუნება ვთხოვე, გაიცინეს და მითხრეს რომ ჯერ საკმარისი ტერორისტი არ მყავდა მოკლული. ვერ ვხვდებოდი, რა იყო ასე სასაცილო. თუმცა რამოდენიმე კვირის შემდეგ მათ სიცილი შეწყვიტეს და ჩემი მოთხოვნა, აშშ-ში დაბრუნებაზე დააკმაყოფილეს. ჰაიტიში, სომალიში, ავღანეთსა და პაკისტანში ვიბრძოდი, ერაყში სამჯერ წავედი, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ომი მე შემეხებოდა, ეს ჩემი ომი იყო.

ნუნიესი ბრძოლის ველზე.

როდესაც მარშის მონაწილეები გამოჩნდნენ, არ ვიცოდი ვინ იყვნენ ისინი, მაგრამ ისინი ჩემს ზონაში მოძრაობდნენ. ომს აქვს თავისი წესები, მაგრამ ამ წესების საპირისპიროდ მე მათ ცეცხლი არ გავუხსენი. შემდეგ სტივენსი რატომღაც მათკენ წავიდა და დაიძახა რომ ერთერთ მათგან იარაღი ქონდა. ამის შემდეგ ჩემს ჯგუფს სროლის ბრძანება მივეცი. ჩემს ჯგუფში სტივენსი ყველაზე სუსტი იყო. ჩვენ ყველანი მებრძოლები ვიყავით, ის კი ტურისტი იყო. როდესაც საპატრულოდ გავდიოდით ის ფოკუსირებას ვერ ახერხებდა და შენობებს ათვალიერებდა. ბაზაზე დაბრუნების შემდეგ დაგვკითხეს. ჩვენ ვუთხრით რომ ერთ-ერთ მათგანს იარაღი ქონდა. გამოძიებისას მართლაც იპოვეს იარაღი. თანაც გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეს ომის დასაწყისი იყო და არც ვიცოდით ვინ შეიძლება ყოფილიყო ჩვენი მტერი.

მეთიუ როდესაც აფასებს ჩანაწერებს, ამბობს რომ ნუნიესის ტონი მოწმობდა, რომ მას მართლა მიაჩნდა რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ერთდერთი გამოსავალი იყო და ამიტომაც აბსოლუტურად გამართლებულიც.

ამის შემდეგ მეთიუ უკვე მიდის დმზ-ში, სადაც ცდილობს მოძებნოს მოვლენის მონაწილეები და თვითმხილველები და მათგან გაიგოს თუ რა მოხდა.

რესპოდენტი №3. დინა. 204-ე დღის გადარჩენილი. ბევრი არაფერი არ მახსოვს. არ ვიცი, თუ როგორ ან რატომ დაიწყო სროლა. მხოლოდ ის ვიცი, რომ მხოლოდ იმან გადამარჩინა, რომ მანიფესტანტების შუაში ვიდექი და ტყვიებმა ჩემამდე მხოლოდ იმიტომ ვერ მოაღწია, რომ ისინი ჩემი მეგობრების სხეულებმა შეაჩერა.

ვილსონმა თქვა, რომ როდესაც 204 დღე მოხდა, ის და მისი ოჯახი სადილობდა. ოჯახში იგულისხმება მისი შვილიშვილები, რომლებიც ამავდროულად მის პირად არმიას წარმოადგენენ. სროლის დაწყების შედეგ, მან თავის შვილისშვილებს უბრძანა რომ არ დაეტოვებინათ მაგიდა, რომ ყველაფერი, რაც ჩაინათაუნს ტერიტორიის მიღმა ხდებოდა არ იყო მათი საქმე.

ზემოთ დამავიწყდა აღმენიშნა, რომ 204-ე დღეს 198 ადამიანი დაიღუპა.

როდესაც იმ სამხედროების სასამართლო გაიმართა, რომელებიც 204-ე დღის ტრაგედიაში მონაწილებდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილებით უმრავლესობა ჯარიდან დაითხოვეს და სახლებში გაუშვეს, შედეგად ამას დმზ-ში არეულობა მოყვა, რადგანაც აპროტესტებდნენ ასეთ მსუბუქ სასჯელს. გარკვეულ ხანში, ეს არეულობა კვლავ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დმზ-ის მოქალაქეებმა ამერიკელ სამხედროებზე დაიწყეს ნადირობა.

 

იმისდა გამო, რომ ნუნიესს, როგორც გამორჩეულ ჯარისკაცს, რომელსაც მრავალი ჯილდო ქონდა მიღებული სამშობლოს დაცვისათვის მხარს უჭერდა როგორც მისი ქვედანაყოფი, აგრეთვე გენერალიტეტი და ისინი ყველანაირად ცდილობდნენ მისი ბრალი მიეჩქმალათ. იმისათვის რომ აჯანყებული დმზ-ი დაეწყნარებინათ, ლიდერებმა მიიღეს მეტად მარტივი გადაწყვეტილება. გაიტაცეს რა სტივენსი, ვერტმფრენით გადაიყვანეს დმზ-ის ერთ-ერთ მონაკვეთში, სადაც საპროტესტო აქცია იმართებოდა და მომიტინგეებს სტივენსი ჩაუგდეს, რომლებმაც, მას შემდეგ რაც გაარკვიეს მისი ვინაობა ის ლინჩის წესით გაასამართლეს და ცემით მოკლეს. ამის შემდეგ დმზ-ში სიტუაცია თანდათანობით ჩაწყნარდა და ცხოვრება ყოველდღიურობას დაუბრუნდა. შესაბამისად, გამოვიდა ისე, რომ მხოლოდ სტივენსი დაისაჯა 204-ე დღის გამო, ხოლო სხვა მონაწილეები ან დააწინაურეს, ან იგივე თანამდებობაზე დატოვეს, ხოლო ერთეულები კი, სასჯელის სახით ჯარიდან გაანთავისუფლეს.

სერჟანტი სტივენსი

 

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Comics. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *