დევიდ ბოუი და კომიქსების სამყარო

დღეს კომიქსების პერსონაჟებს დიდი ადგილი უკავიათ კინო და ტელე ინდუსტრიაში, თუმცა არც წინა საუკუნეში იყო  კომიქს პროექტების ნაკლებობა და არანაკლები იყო განუხორციელებელი პროექტი. ერთ-ერთი მათგანი იყო შავი ქვრივის (Black Widow) ტელე სერიალი. 1975 წელს,  დევიდ ბოუის (David Bowie) მაშინდელმა ცოლმა, ენჯი ბოუიმ (Angie Bowie)  სტენ ლისგან (Stan Lee) შავი ქვრივის და დერდევილის (Daredevil) სატელევიზიო ეკრანიზაციის უფლებები შეისყიდა, 1 წლის ვადით. ენჯის დიდი სამსახიობო ამბიციები ჰქონდა და მისი აზრით, ზუსტად ამ სერიალს შეეძლო მისი კარიერის “დაქოქვა”. რაც შეეხება დერდევილის კასტინგს, მის როლზე შეირჩა ბენ კარატერსი (Ben Carruthers) (The Dirty Dozen, Shadows).

ენჯიმ და ბენმა საცდელი  სურათებიც   გადაიღეს ფორმებში. სხვათაშორის, ეს კოსტუმები დაამზადა  დევიდ ბოუის პირადმა დიზაინერმა ნატაშა კორნიკოფმა (Natasha Kornikoff),  ნატაშა Ziggy Stardust პერიოდში მუშაობდა ბოუიესთან, რაც შეეხება თვითონ ფორმებს, დერდევილის ფორმაში, ერთ-ერთი ცვლილება იყო სრული ნიღბის შეცვლა სახის საღებავით, შავი ქვრივის ფორმა  კი ფაქტობრივად  შეუცვლელი დარჩა.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ფინანსური და ტექნიკური მიზეზების გამო სერიალი არ შედგა, თუმცა მაინც საინტერესო იქნებოდა თუ რა გამოვიდოდა ამ პროექტიდან და თუ ითამაშებდა ( და თუ კი, ვის ითამაშებდა) არანაკლები მსახიობური ამბიციის მქონე დევიდ ბოუიე. საინტერესოა ისიც, რომ ეს არ იყო ენჯი ბოუის პირველი მცდელობა კომიქსების პერსონაჟის განსახიერება,  1974 წელს მან  Wonder Woman ტელეფილმში მთავარი როლის კასტინგში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ პირადი უთანხმოების გამო მან პროტესტის ნიშნად კასტინგი დატოვა, ვონდერ ვუმანის როლზე კი (ქერა….) კეტი ლი კროსბი (Cathy Lee Crosby) აიყვანეს.

რაც შეეხება, დევიდ ბოუის კომიქს როლებს, ჯერ კიდევ 1983 წელს, როდესაც დაიწყო ბეტმენის ახალ ფილმზე მუშაობა, ჯოკერის როლზე განიხილებოდა დევიდ ბოუის კანდიდატურა,  ბეტმენის როლზე კი-კომიკოსი ბილ მიურეი (Bill Murray), მაგრამ საბოლოოდ როლები  მაიკლ კიტონმა (Michael Keaton) და ჯეკ ნიკოლსონმა (Jack Nicholson) გაინაწილეს.

ბოუის და ჯოკერს შორის აშკარა მსგავსება შეიძლება დავინახოთ ფრენკ მილერის (Frank Miller) ლეგენდარულ კომიქსში Dark Knight Returns.

მწერალმა გრანტ მორისონმა (Grant Morrison), თვითონაც არაერთხელ აღნიშნა, რომ როდესაც ის მუშაობდა ბეტმენის კომიქსებზე და წერდა ჯოკერს, მისი შთაგონების მთავარი წყარო დევიდ ბოუის პერსონა იყო რომელიც მატებდა ჯოკერს დეკადენტურ, უცნაურ და კოკაინზე დამოკიდებულ ნარკომანის თვისებებს (როგორც თვითონ მირისონი კარიერის დასაწყისში), ამასთან ერთად მორისონის წარმოდგენილი ჯოკერის პერსონა ყოველთვის განიცდის ცვლილებას, როგორც თვითონ ბოუი მისი კარიერის მანძილზე.

მწერალი ნილ გეიმანი (Neil Giman), რომელიც ადრე როკ მუსიკის ჟურნალისტი იყო, აგრეთვე ადასტურებს რომ კომიქს “სენდმენ”-ზე (Sandman) მუშაობისას ლუციფერის (Lucifer) პერსონაჟი ნაწილობრივ ახალგაზრდა დევიდ ბოუიმ შთააგონა, რაც აშკარად ჩანს ამ კომიქს პანელზე.

უდავოა რომ დევიდ ბოუი იყო ნამდვილი გენიოსი, რომელსაც გააჩნდა არაბუნებრივი “სუპერ ადამიანური” ქარიზმა, ზუსტად, ეს არის მიზეზი, რატომაც ის იყო უამრავი  შთაგონების წყარო ნებისმიერ სფეროში და მათ შორის კომიქსებშიც

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Other, Posts, TV. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.