სენდმენი – სიზმრების მეფე

ნილ გეიმანი (Neil Gaiman) თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მთხრობელია და სულაც არ იქნებოდა მისთვის ზედმეტი ამ სტატიის მთავარი გმირის ტიტული – „Prince of Stories“. ეს ბრიტანელი მწერალი მთელს მსოფლიოშია ცნობილი თავისი ფენტეზი ჟანრის წიგნებით, მეტწილად urban fantasy ჟანრში. მაგალითად, მას ეკუთვნის Coralline, Stardust, American Gods და სხვანი. 

თუმცა, მისი შემოქმედების მწვერვალად, ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი: პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კომიქსმა World Fantasy Award მოიგო, მას მერე აკრძალეს კომიქსების გატანა) არც თუ ისე მოკრძალებული აზრით, Sandman უნდა ჩაითვალოს.

შენიშვნა: მარველის ქვიშისსხეულიან, არც თუ ისე ბრწყინვალე გონების მქონე supervillian-თან საერთო არაფერია

ვინც მსოფლიო ფოლკლორს ასე თუ ისე იცნობს, გაიხსენებს, რომ Sandman ანუ ქვიშის კაცი არის მითიური არსება, რომელიც ჯადოსნურ ქვიშას აყრის ადამიანებს თვალებში და ასე აძინებს მათ.
თავად გეიმანი ფოლკლორსა და მითოლოგიას ასე თუ ისე კი არა, ზედმიწევნით კარგად იცნობს. სწორედ ათასნაირი მითოლოგიური და ფოლკლორული პერსონაჟით არის დასახლებული მისი შექმნილი სამყარო. თუმცა ყველაფერი ცოტა უფრო სხვანაირადაა, ვიდრე ელი.

გრაფიკული ნოველაში დიდ როლს თამაშობს 7 და-ძმა:  Destiny, Death, Dream, …, Desire და Despair, Delirium (who was once delight).

ანუ, უფროსისაგან უმცროსისაკენ: ბედისწერა, სიკვდილი, სიზმარი, (მეოთხე გამოტოვებულია, რადგან გვიან ვიგებთ მის ვინაობას), ტყუპები – სურვილი და სასოწარკვეთა და, ბოლოს, უმცროსი და – ბოდვა/სიგიჟე.

ამ შვიდეულს Endless-ები, უსასრულოები ეწოდებათ. ისინი ბუნების 7 ასპექტის პერსონიფიკაციები არიან. Endless-ები არ არიან ღმერთები, რადგან, ღმერთთაგან განსხვავებით, უსასრულოები არასოდეს არ მოკვდებიან, სანამ ეს სამყარო იარსებებს. ხოლო როდესაც ეს სამყარო დასრულდება, შუქის ჩაქრობა და კარის გახურვა სიკვდილს მოუწევს.

ამ შვიდისაგან მთავარი პერსონაჟია Dream, სიზმარი. ასევე ცნობილი, როგორც Sandman, ანდაც Morpheus: მისი სახელების სია ძალიან გრძელია. ისტორია კი მისი 70-წლიანი დატყვევებით იწყება. მასვე მივყვებით მის მოგზაურობებზე, როდესაც ის ტყვეობიდან ბრუნდება და ვეცნობით ამ უზარმაზარ და საინტერესო სამყაროს, სადაც ლოგიკა და საღი აზრი რეალობის აღქმის მხოლოდ ერთ-ერთი, საკმაოდ მყიფე და სუსტი მეთოდია.

თავად სიზმარი კარგად დაწერილი, ჩამოყალიბებული, ძალიან საინტერესო პერსონაჟია. იშვიათია, ასეთი სამგანზომილებიანი პერსონაჟი ასე იოლად შექმნას, გაგაცნოს და შეგაყვაროს მწერალმა. სულ რამდენიმე თავის მერე გგონია, რომ კარგად იცნობ და შენი დიდი ხნის მეგობარია, იმის მიუხედავად, რომ ფრიად საშიში არსებაა და სამყაროს ადამიანთათვის სრულიად გაუგებრად უყურებს.

სამაგიეროდ ხომ მას ღირსებისა და მოვალეობის გრძნობა აქვს საოცრად განვითარებული და ყოველთვის სწორად მოქცევას ცდილობს. ზოგიერთი და-ძმისაგან განსხვავებით, ის ზემოდან არ უყურებს ადამიანებს, არამედ დადებითადაა განწყობილი მათ მიმართ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, სენდმენის მთავარი პერსონაჟობის მიხედავად, კომიქსის ბევრ ნომერში იგი მხოლოდ მცირე დოზით გვევლინება, თუმცა ეს მცირე გამოჩენები შესანიშნავად ახასიათებენ მას.

რჩევა მკითხველებს: კარგად დაიმახსოვრეთ ყოველი ახალი პერსონაჟი, 80% შანსია, რომ შემდეგ რომელიმე ნომერში ის პროტაგონისტი იქნება. ამ სხვადასხვა რასის, სახეობის და რეალობის წარმომადგენელი პერსონაჟების თვალიდან ვხედათ მრავალ ფანტასტიკურ და არარეალურ ისტორიას, რომლებშიც ყოველთვის ფიგურირებს ჩვენი მორფეუსი. და ფერია იქნება, უბრალო ადამიანი, ისტორიული პირი, ღმერთი, მეტაადამიანი თუ სხვა, ყველა POV-პერსონაჟი საინტერესო და კარგად ჩამოყალიბებულია.

კომიქსი DC-ს, კერძოდ კი მის შვილობილს – Vertigo-ს ეკუთვნის, მაგრამ mainstream DC პერსონაჟები მხოლოდ პატარა კამეოებით შემოიფარგლებიან.

თუმცა, მაინც სახალისოა, როდესაც Martian Manhunter-ისა და მორფეუსის დიალოგს წავაწყდებით, ან წავიკითხავთ, თუ როგორ ფიქრობს სენდმენი ჯონ კონსტანტინის შესახებ, „მაგან რა უნდა ქნას, უბრალო ადამიანიაო“.

იმის მოკლედ  თქმა, თუ რა ხდება Sandman-ში, საკმაოდ რთულია. როგორც წიგნის ერთ-ერთი ბოლო თავი გეუბნება, „შენ ახლაღა გეღვიძება სიზმრიდან და თანდათან გავიწყდება, რაც ნახე“.

შენიშვნა: მცირეოდენი პარაფრაზირება გავაკეთე

მართლაც, როცა გაიხსენებ თუ რა წაიკითხე, აღმოაჩენ, რომ ეს 75-ნომრიანი გრაფიკული ნოველა სიზმრისებრი იყო: გახსოვს,  რა ხდებოდა, მაგრამ ბუნდოვნად, ეპიზოდურად, დეტალები კი გადღაბნილია. სამაგიეროდ შეგრძნება და ემოცია არის მკაფიოდ შემორჩენილი. მე ვთვლი, რომ გეიმანის ძალიან დიდი ოსტატობა ჩანს აქ: მან მოახერხა და სიზმრის შესახებ ამბავი ისე დაწერა, რომ მისი წაკითხვის მერე სიზმრიდან გამოღვიძების შეგრძნება გვრჩება.

ილუსტრაციას რაც შეეხება, ნახატები ძირითადად გოთიკურ სტილშია გადაწყვეტილია. მხატვრები და ხატვის სტილი კი ნომრიდან-ნომრამდე ხშირად იცვლება, მაგრამ ყველა მათგანი საუცხოოდ ქმნის ისტორიის შესაბამის გარემოს.

დასკნვის სახით ვიტყვი, რომ, თუ არ ვცდები, ეს კომიქსი ფენტეზის ყველა მოყვარულისთვის მოსაწონი იქნება. რაც შეეხება კომიქსების მოყვარულებს – თუ თქვენთვის მთავარი სუპერძალებიანი ხალხის ორთაბრძოლები არაა, აუცილებლად ჩაგითრევთ და დაგაინტერესებთ ჩვენი დროის ლიტერტურის ეს შედევრი.

–G.A.B.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Comics, DC, Vertigo. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *