კაპიტანი მარველ(ებ)ის ჩახლართული ისტორია

ბევრის გასაკვირად, პირველი კაპიტანი მარველი არ ყოფილა მარველის სამყაროდან- ის ეკუთვნოდა Fawcett Comics-ს. იგი დიდწილად სუპერმენით იყო შთაგონებული, რაც მოგვიანებით Fawcett Comics-თვის პრობლემის საფუძველი გახდა. კაპიტანი მარველი პირველად 1940 წელს, Whiz Comics-ის მეორე ნომერში გამოჩნდა. კომიქსის მთავარი გმირი იყო ბილი ბეტსონი, 12 წლის ობოლი ბავშვი, რომელიც ძველი ღმერთების  ძალებით იყო დაჯილდოებული. ამ ძალების გასააქტიურებლად, მას სჭირდებოდა წარმოეთქვა სიტყვა “შეზამი” და 12 წლის ბიჭი მომენტალურად ზრდასრულ სუპერგმად ტრანსფორმირდებოდა. თვით სიტყვა “SHAZAM” კი აბრევიატურა არის, ს – აძლევდა ბილის სოლომონის სიბრძნეს, ჰ – ჰერკულესის ფიზიკურ ძალას, ა – ატლასის გამძლეობას, ზ – ზევსის მაგიურ ძალას, ა – აქილევსის სიმამაცეს და მ – მერკურის სიჩქარეს.

1941 წელს DC-მ (მაშინ ცნობილი როგორც National Publications) უჩივლა Fawcett Comics-ს. მათ მიაჩნდათ, რომ კაპიტანი მარველი იყო დაფუძნებული სუპერმენზე, ეს კი არღვევდა მათ საავტორო უფლებებს. პროცესი რთული და გაწელილი იყო, საბოლოო ჯამში მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ კაპიტანი მარველი არ იყო სუპერმენის საავტორო უფლებების დარღვევა, თუმცა ზოგი არსებული ისტორია იყო და ეს უკვე ქვედა ინსტანციის სასამართლოს უნდა განეხილა. Fawcett Comic-მა ამჯობინა დისისთან პირდაპირი მოლაპარაკება:
საქმე იმაში იყო, რომ იმ დროისთვის, კაპიტანი მარველის გაყიდვები სერიოზულად დაეცა და ბრძოლა სასამართლოში ფინანსურად არა მომგებიანი იყო, Fawcett-მა DC-ის 400,000  დოლარი გადაუხადა და პირობა დადო, რომ მეტი არ დაბეჭდავდა კაპიტანი მარველის კომიქსებს.

პარალელურად, ბრიტანული გამომცემლობა L. Miller & Son ასევე უშვებდა კაპიტან მარველის კომიქსებს. როდესაც Fawcett Comics შეწყვიტა კაპიტანი მარველის გამოცემა, ბრიტანელ გამომცემელს მოუწია მისი ჩანაცვლება ახალი კაპიტანი მარველის მსგავსი გმირით. ასე დაიბადა Marvelman ან Miracleman, ეს კომიქსი 1954-1963 წლამდე გამოიცემოდა. 1982 წელს კი მარველმენის სერია ლეგენდარულმა ალან მურმა განაახლა, მოგვიანებით სერიაზე ასევე არა ნაკლებ ლეგენდარული  ნილ გეიმანი მუშაობდა. ბუნებრივია, ეს სერია დიდი კრიტიკული წარმატებით სარგებლობდა. ასევე საინტერესოა, რომ 2009 წელს Marvel Comics-მა ამ პერსონაჟის საავტორო უფლებები შეიძინა.

ისევ დავუბრუნდეთ 1960 წლებს. რახან კაპიტანი მარველის კომიქსები არ გამოიცემოდა და ბრენდი რეალურად მკვდარი იყო, Marvel Comics-მა გადაწყვიტა ამ ვითარების გამოყენება და კაპიტან მარველის სახელის დარეგისტრირება. ამისთვის, 1967 წელს, სტენ ლიმ და ჯინ კოლანმა შექმნეს ახალი გმირი – კაპიტანი მარ-ველი (Captain Mar-vell). ის იყო უცხოპლანეტური კრიის იმპერიის ოფიცერი, რომელსაც დაავალეს დედამიწის ზედამხედველობა. მარ-ველი გააცნობიერებს რომ კრიის მხოლოდ ბოროტი განზრახვა ამოძრავებს და გადაწყვეტს მათ წინააღმდეგ წასვლას, შედეგად ის გახდება კრიის იმპერიის მოღალატე და დედამიწის დამცველი სუპერგმირი.

კაპიტანი მარველის კომიქსში აგრეთვე ჩნდება აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერი, კეროლ დენვერსი (Carol Danvers). მოგვიანებით კრიული მოწყობილობის აფეთქებისას კეროლი სერიოზულ დაზიანებას მიიღებს, აფეთქებისას კეროლის დნმ-ი შეეჯვარება მარ-ველის დნმ-ს და ამის შედეგად ის გადაიღებს მარ-ველის სუპერძალებს. მოგვიანებით, დენვერსი გახდება სუპერ გმირი, ცნობილი როგორც მისს მარველი (Ms. Marvel), 1970 წლების ამერიკაში, წოდება “Ms.” ფემინისტურ მნიშვნელობას ატარებდა, რაც ღიად ამბობდა რომ მისს მარველს ფემინისტური საფუძველი ჰქონდა. 2019 წლის კომიქსში Life of Captain Marvel, ჩვენ ვიგებთ, რომ კეროლის დედა სინამდვილეში კრიის რასის წარმომადგენელია,  რაც ნიშნავს, რომ მარ-ველთან მომხდარმა აფეთქებამ რეალურად კი არ შეაჯვარა მათი გენები არამედ გააღვიძა კეროლის უკვე არსებული კრიის გენები.

1960 წლებში სუპერგმირების კომიქსებმა დაიბრუნეს პოპულარობა, Fawcett დადებული პირობის გამო არ შეეძლო კაპიტანი მარველის დაბრუნება, თუმცა DC-ს გაუჩნდა ინტერესი მათი პერსონაჟის მიმართ. Fawcett-თან სპეციალური მოლაპარაკების შედეგად კაპიტანი მარველი DC სამყაროს ნაწილი გახდა, თუმცა ამჯერად მათ უკვე არ შეეძლოთ სახელი “Captain Marvel” გამოყენება რადგან ეს უკვე Marvel comics უფლება იყო,  (2000ს წლებამდე DC-ს ჰქონდა ამ სახელი გამოყენების უფლება თუ ეს კომიქსის შიგნით იყო და არა გარეკანზე), ამიტომ ამის შემდეგ ის გახდა ცნობილი როგორც შეზამი (Shazam). სუპერმენთან და სამართლიანობის ლიგასთან გადაკვეთების მიუხედავად, შეზამის კომიქსის მოვლენები სხვა სამყაროში იყო. მხოლოდ 1985 წელს Crisis on Infinite Earths მოვლენების შემდეგ ის გახდა ერთიანი DC-ს სამყაროს წევრი.

კაპიტანი მარველის და მისს მარველის კომიქს სერიები არ სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით, ამიტომ 1982 წელს ჯიმ სტარლინმა (თანოსის შემქმნელმა) გადაწყვიტა კაპიტანი მარველის მოკვლა. სტარლინმა დაწერა მარველის პირველი გრაფიკული ნოველა: The Death of Captain Marvel, კომიქსს დიდი წარმატება ხვდა, მარ-ველი კი იმ იშვიათი პერსონაჟების შორისაა, რომლებიც დღემდე არ არიან გაცოცხლებულები (თუ დროში მოგზაურობას და მსგავს ხრიკებს არ ჩავთვლით).

მარ-ველის შემდეგ გამოჩნდა ახალი კაპიტანი მარველი. ეს იყო მონიკა რამბო (Monica Rambeau), საზღვაო პატრულის ლეიტენანტი, რომელიც ექპსერიმეტნალური იარაღის აფეთქების მეშვეობით მიიღებს სუპერ ძალებს. კეროლ დენვერსის მსგავსად მონიკას ძალებსაც ენერგეტიკული საფუძველი ჰქონდა, თუმცა უფრო ძლიერი, სტანდარტული სუპერ ძალის, გამძლეობის და სწრაფი ფრენის გარდა მონიკას შეეძლო თავისი სხეულის ნებისმიერი ტიპის ენერგიად ტრანსფორმირება და ასევე კონტროლი, რაც მას მარველის სამყაროში ყველაზე ძლიერ პერსონაჟებს შორის აყენებდა. მონიკა მალევე გახდა შურისმაძიებელების წევრი და მოგვიანებით ლიდერიც კი, თუმცა 1988 წელს მან დაკარგა თავისი ძალები და დატოვა გუნდი, ისევე როგორც ფსევდონიმი კაპიტან მარველი, მოგვიანებით ამ ფსევდონიმს აიღებს მარ-ველის ხელოვნურად შექმნილი გენეტიკური შვილი – ჯენის ველი (Genis-Vell), მაგრამ საბოლოოდ ის ვერ დაეუფლება თავისი ძალებს რაც მას სიგიჟემდე მიიყვანს. ჯენის-ველის შემდეგ კაპიტანი მარველის ამპლუას მისი გენეტიკური და ფაილა-ველი (Phyla-Vell) დროებით მოირგებს.

შემდეგი და (ამ ჯერზე) საბოლოო კაპიტანი მარველი კეროლ დენვერსია, ყოფილი მის მარველი. კაპიტანობამდე კეროლმა უამრავი განსაცდელი გამოიარა და ასევე სახელებიც (Binary, Warbird), შურისმაძიებლებში ყოფნისას ის გაიტაცა და გააუპატიურა მარკუს იმორტუსმა. სხვა განზომილებიდან მოსულ მარკუსს სურდა კეროლის სხეულის გამოყენება, რათა კეროლს “გაეჩინა” მისი ახალი სხეული, შედეგად ჩვენ მივიღეთ ყველაზე უცნაური და პრობლემატური კომიქს ნარატივი მარველის მთელ ისტორიაში. მეტიც- შურისმაძიებლებმა ჩათვალეს, რომ კეროლს მართლაც უყვარდა მარკუსი, როდესაც რეალურად ის იყო მისი კონტროლის ქვეშ. რა თქმა უნდა, კეროლმა შეძლო ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა. თუმცა ის იყო  იმედგაცრუებული შურისმაძიებლების არაადეკვატური რეაქციით.

მაგრამ კეროლის უიღბლობა ამით არ მთავრდება, მას ასევე თავს დაესხმება, მაშინ ჯერ კიდევ ბოროტი, მუტანტი როუგი (Rogue), რომელიც მას ძალებს და მეხსიერებას წაართმევს, კეროლი ამ შემთხვევაშიც შეძლებს რეაბილიტაციას და მეხსიერების დაბრუნებას, უმეტეს წილად პროფესორ იქსის დახმარებით. ამის შემდეგ კეროლის ყველაზე დიდი მტერი ალკოჰოლიზმი იყო, რაც ყველაფრის გათვალისწინებით ბუნებრივია, საბედნიეროდ ის მასაც მოიგერიებს. 2000-ს შუაში, მარველში გადაწყდება, რომ მათ სურთ კეროლის სტატუსის ამაღლება, Hous of M მოვლენების შემდეგ კეროლი საკუთარ ახალ სოლო სერიას მიიღებს და მოგვიანებით  შურისმაძიებლების (Mighty Avengers) ლიდერიც გახდება, ამასთან ერთად გაიზრდება მისი სუპერ ძალებიც,  ჰენკ პიმის თეორიის მიხედვით კეროლის ძალა ულიმიტოა და მხოლოდ იმაზე არის დამოკიდებული თუ რამდენ ენერგიას შთანთქავს ის, კეროლის ერთად ერთი რეალური სუსტი წერტილი მაგია არის. 2012-ში კეროლი კაპიტანი მარველის სახელს მოირგებს რათა დაიწყოს საკუთარის ცხოვრების ახალი ეტაპი და ამავე დროს პატივი მიაგოს თავის მეგობარს მარ-ველს.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Comics, Marvel, Origins, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.