Wonder Woman: მიმოხილვა

როგორც იქნა, ამდენი სუპერ გმირული ჟანრის ფილმების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ პირველი ფილმი ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე ცნობილ ქალ სუპერგმირზე, რა თქმა უნდა, რაღაც გაგებით დასანანია, რადგან ჩვენ, საკმაოდ დიდი ხანი ველოდებოდით Wonder Woman-ის ფილმს, სამწუხაროდ Warner Bros. სტუდია ბეტმენის და სუპერმენის გარდა დიდად არც ცდილობდა დისის სხვა გმირებზე ფილმების გადაღებას, თუმცა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლოდინი მართლაც ღირდა. ეკრანებზე პირველად ქალი საოცრება გამოჩნდა დაახლოებით ერთი წლის წინ, ფილმში “ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ”, ამ ფილმმა, ბევრი კარგი მომენტის მიუხედავად, ნეგატიური შეფასებები მიიღო, რაც გასაგები იყო, რადგან ფილმს არაფოკუსირებული და გადატენილი სცენარი და არა ორგანული მონტაჟი ჰქონდა, თუმცა ბევრმა აღნიშნა რომ ამ ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ზუსტად ქალი საოცრება იყო. იმ პერიოდში აგრეთვე დისის კიდევ ერთი ფილმი გამოვიდა – თვითმკვლელთა რაზმი, კარგი შემოსავლების მოუხედავად ეს ფილმიც აღმოჩნდა კრიტიკული წარუმატებლობა, ამან რეალურად დაბლა დაწია მოლოდინები, რომ “Wonder Woman” კარგი ფილმი იქნებოდა.

ჩვენდა საბედნიეროდ, ფილმის რეჟისორმა პეტი ჯენკისმა შეძლო ჩვენი “გაოცება”, Wonder Woman, მართლაც კარგი ფილმია, ფილმმა შეძლო სტილისტურად დარჩენილიყო  ამ ახალი დისის სამყაროს ნაწილი, მაგრამ ამავე დროს მოახერხა ყველა იმ პრობლემის არიდება, რაც დისის წინა ფილმებს ჰქონდა. ამ ფილმებთან შედარებით “Wonder woman”-ის სცენარი თანმიმდევრული და მთლიანად ფოკუსირებულია დიანაზე და მისი პერსონაჟის განვითარებაზე და ჩამოყალიბებაზე. გელ გადოტმა კარგად გადმოსცა ახალბედა დიანას პერსონა, რომელსაც მიამიტურად მაგრამ გულწრფელად სურს მსოფლიოს ომისგან გადარჩენა, დიანას პერსონაჟის აღქმას ასევე ეხმარება გელ გადოტის აქცენტი რომელიც მას უფრო რეალისტურ ხდის, ან თუ რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს პერსონაჟი მეომარი ქალი ამაზონების კუნძულიდან, რომელიც ფაქტობრივად ყველა ენას და ბრძოლის ტექნიკას ფლობს. ფილმი აგრეთვე გვაჩვენებს თუ როგორ ინგრევა დიანას მიამიტური წარმოდგენა ადამიანების კეთილშობილებაზე, რაც ხსნის მის ოდნავ ნიჰილისტურ ხასიათს “ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ”-ში, თუმცა ფილმი ბოლოს დიანა იხსენებს მის დავიწყებულ იდეალებს, შესაბამისად სამართლიანობის ლიგაში ჩვენ უფრო დაბალანსებული და გამოცდილი დიანა უნდა ვიხილოთ.

ფილმის დადებითი მხარე არა მხოლოდ დიანაა, არამედ მეორედ ხარისხოვანი პერსონაჟების კრებული, ჩემი აზრით, პირველ რიგში რეჟისორის პეტტი ჯენკისს დამსახურებაა, ნათელი რომ მას ესმის თუ როგორ უნდა გადმოსცე პერსონაჟის ემოციური სამყარო, იქნება ეს მთავარი პერსონაჟი თუ მეორედ ხარისხოვანი, (აღსანიშნავია, რომ თავისი ფილმით “მონსტრი” ჯენკინსმა შარლიზ ტერონს პირველი ოსკარი მოაგებინა). კრის პაინმა შესანიშნავად ითამაშა ქარიზმატული სტივ ტრევორის როლი, მისი და დიანას ურთიერთობაც დამაჯერებელია, რაც ასევე კარგად გამოიხატება ფილმის ოდნავ სარისკო იუმორში. თუმცა სტივ ტრევორის გარდა აღსანიშნავია მათი გუნდის წევრებიც, დროის აშკარა სიმცირის მიუხედავად თითოეულმა გუნდის წევრმა გადმოსცა თავისი არსი, და შესძლო საინტერესო და უნიკალური პერსონაჟების გუნდის შექმნა, რაც ასევე კარგი და ფოკუსირებული სცენარის და სწორი დახასიათების დამსახურებაა. თუმცა სამწუხაროდ, როგორც მარველის ფილმებში აქაც ყველაზე სუსტი რგოლი ფილმის ბოროტმოქმედებია, საბედნიეროდ ფილმის მოულოდნელი პლოტ ტვისტის გამო ეს არც იმდენად პრობლემატურია.

ფილმს აქვს სწორად დასმული პოლიტიკური აქცენტები, რაც Wonder Woman-ის პერსონაჟს შეესაბამება, ფილმი თავისთავად ეხება სექსიზმს, რომელიც მაგ პერიოდში ჩვეულებრივი რეალობა იყო, მაგრამ ფილმი ამას აკეთებს არა ძალით და გადამეტებულად, როგორც ბევრ თანამდროვე ნაწარმოებში, არამედ ის უბრალოდ აჩვენებს დიანას ბუნებრივ პროტესტს და აღშფოთებასა იმ არა თანასწორი და არა თავისუფალ წარმოდგენას ქალის როლზე, რაც მაშინ არსებობდა და გარკვეულად დღესაც არსებობს, მაგრამ საბედნიეროდ ბევრად უფრო დაბალი დოზით. ფილმი ასევე ეხება ომის და ადამიანის ბუნების თემას, აქაც ის არ ცდილობს, რაღაც ფსეუდო ინტელექტუალური​ ანალიზის წარდგენას, ის უბრალოდ ცდილობს დაგვანახოს ადეკვატური განწყობა და იმ ბუნებრივ საპირისპირო აზრებს რაც დიანას და სტივს გააჩნია. თავისთავად ომის თემატიკის გამო ბევრი ამ ფილმსს შეადარებს ფილმს: “კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი”, აშკარად ამ ორ ფილმს შორის ბევრი მსგავსებაა, პირველ რიგში, იმიტომ რომ ორივე კომიქს პერსონაჟი უშუალოდ იყო მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი, შესაბამისად ამიტომაც ფილმის მოვლენები გადაიტანეს პირველ მსოფლიო ომის დროს და არა მეორეში როგორც ეს კომიქსებში იყო, მაგრამ თუ კაპიტანი ამერიკა უფრო აწვებოდა ფანტასტიკურ ჰიდრას ხაზსს, ამ ფილმში ჩვენ გვაქვს ომის უფრო მეტად ისტორიულად კორექტული ასახვა, როგორც შინაარსობრივად ასევე ესთეტიურად, რაც კიდევ ერთხელ ანსხვავებს მას პირველი კაპიტანი ამერიკის ფილმისგან

ფილმის ექშენი შესანიშნავია, რა თქმა უნდა, აქ ჩანს ზაკ სნაიდერის გავლენა, რაც ამ შემთხვევეში დადებითი, რადგან მას მართლაც შეუძლია ლამაზი და შთამბეჭდავი ექშენის შექმნას, იმდენად რომ მასთან თუნდაც გაცვეთილი შენელებული კადრი შესანიშნავად გამოიყურება, ეს ასევე ფილმს სტილისტურად ხდის დისი კინო სამყაროს ნაწილად, ამაზონების ბრძოლის სცენა კი შეგახსენებს სნაიდერის 300 სპარტანელს. ყველა ექშენ სცენაში დიანა ბრწყინვალეა, და უნიკალური იმ მხრივ, რადგან ჩვენ ჯერ არ ვართ მიჩვეული სუპერმენის მსგავსი სუპერ ძლიერი ქალების ექშნეს (Man Of Steel ფეორას თუ არ ჩავთვლით). თუმცა ფილმის ფინალური სცენა საკმაოდ სტანდარტული სანახაობა გამოდგა, როგორც “საბოლოო ბოსი”. ცალკე სალაპარაკოა ვიზუალური ტონალური კონტრასტი მზიანი თემისკირას და დანარჩენ ბნელი სამყაროს შორის, რაც უხდება ომს. წინა დისის ფილმები ზუსტად იმიტომ იყვნენ გაკრიტიკებული, რომ მათ მხოლოდ ბნელი ვიზუალი ჰქონდათ, რაც გარკვეულად აწუხებს თვალს და ამ სიბნელეს მხოლოდ აზიანებს, საბედნიეროდ Wonder Woman-ის ფილმში ჩვენ გვაქვს, ნანატრი, ვიზუალური კონტრასტი.​ ​

საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ ახალ დისის კინო სამყაროს პირველ სოლიდური ნაწილი, ფილმს აქვს თანმიმდვრული სიუჟეტი, კარგად გადმოცემული მთავარი გმირი და დამხმარე პერსონაჟები, სწორად დასმული პოლიტიკური აქცენტები, ძლიერი ექშენი და კარგი დაბალანსირებული ვიზუალი, რაც განსაკუთრებით წინა ფილმების ნაკლების ფონზე უფრო უკეთესად გამოიყურება, ფილმი არ არის გენიალური საოცრება, ფილმი უბრალოდ აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას რაც კარგი სუპერგმირული ფილმისგან გინდა. შეიძლება ითქვას, რომ ამდენი წლის შემდეგ ლოდინი მართლაც ღირდა, ჩვენ მივიღეთ “Wonder woman” დონის გმირისთვის საკადრისი ფილმი, იმედია რომ ეს დისის კინო სამყაროს წარმატების მხოლოდ დასაწყისია, ამას კი უკვე სამართლიანობის ლიგის გამოსვლასთან გავიგებთ.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: DC, Movies, Posts, Reviews. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.