ჯეკ კირბი – კომიქსების “მეფე”

სუპერგმირული ფილმების გამო ახალბედა ფანებს შორის ნაწილობრივ მცდარი წარმოდგენა დაინერგა – თითქოს სტენ ლი (Stan Lee) არის მარველის გმირების ერთადერთი ავტორი (მადლობა მის კომედიურ კამეოებს მარველის ფილმებში), რაც სინამდვილეში ნაწილობრივ სიმართლეა, უდაოდ სტენ ლი კომიქს სამყაროს უდიდესი გენიოსია, მაგრამ მარტო ის ვერ შექმნიდა ჩვენთვის საყვარელ გმირებს, ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა სტენ ლის მარველის ეპოქის შექმნაში, იყო კომიქსების “მეფედ” წოდებული, მხატვარი ჯეკ კირბი (Jack Kirby) (1917-1994). სამწუხაროდ ჯეკი ვერ მოესწრო მარველის ფილმებს და კამეოებს.

ჯეკ კირბის სტენ ლიზე არანაკლები, ზოგ შემთხვევაში მეტი წვლილიც კი მიუძღვის მარველის სამყაროს შექმნაში. ჯეკ კირბი (ნამდვილი სახელი იაკობ კურტზბერგი) დაიბადა 1917 წელს, ის გაზიარდა ნიუ იორკში, ღარიბ ოჯახში. პატარა ჯეკი გატაცებული იყო ხატვით, მან ხატვა ისწავლა იმ იმ დროინდელი კომიქს სტრიპების გადახატვით, რაც შესანიშნავად გამოსდიოდა და მის ნიჭზე მეტყველებდა

1930-იან წლებში კირბი შევიდა კომიქს ინდუსტრიაში და უკვე 1940 წელს ჯო საიმონსთან (Joe Simons) ერთად შექმნა კაპიტანი ამერიკა (Captain America) იმ დროინდელი Timely Comics-თვის, რომელიც მომავალში გახდა Marvel Comics. 10 ნომრის შემდეგ ჯეკი და ჯო გადავიდნენ National Comics-ში (როემლიც შემდგომ გახდა DC Comics), აქ მათ შექმნეს ორი სუპერ გუნდი “Boy Commandos” და “The Newsboy Legion”.

მეორე მსოფლიო ომში მსახურობის შემდეგ კირბიმ ფრილანსერად იმუშავა უამრავ კომიქს გამომცემლობაში ასევე სხვადასხვა ჟანრში (ჰორორი, რომანტიკა, სამეცნიერო ფანტასტიკა). ამ პერიოდში კირბიმ დეივ ვუდთან (Dave Wood) ერთად შექმნა გუნდი “Challengers Of The Unknown”, ზუსტად ამ კომიქსში კირბის სტილმა დაიწყო თავისი უნიკალურობის მოპოვება

ამის შემდეგ ის დაუბრუნდა Timely comics-ს, რომელიც იმ დროისთვის “Atlas Comics” სახელით იყო ცნობილი, როდესაც ატლას კომიქსი “Marvel” გახდა, 1961 წელს ჯეკ კირბიმ და სტენ ლიმ ერთად შექმნეს სრულიად ახალი რევოლუციური ეპოქა კომიქსების ისტორიაში. მათი პირველი ქმნილება იყო ფანტასტიკური ოთხეული (Fantastic Four) კომიქსი წარმოადგენდა სამეცნიერო ფანტასტიკის და სუპერგმირული ჟანრების სინთეზს, ის ნაწილობრივ იყო დაფუძნებული კირბის წინა სერიაზე “Challengers Of The Unknown”.

კომიქსი მალევე გახდა ჰიტი, ფანტასტიკურმა ოთხეულმა ჩამოაყალიბა მარველ კომიქსის ტიპური ელემენტები – თავისი კონფლიქტური გმირებით პრობლემებით და ეპიკური მოვლენებით; ამან გახადა მარველის სამყარო და გმირები ისეთი როგორსაც ჩვენ ვიცნობთ მათ დღეს. რეალურად, ჯეკ კირბი და სტენ ლი კომიქს სამყაროს პოლ მაკარტნი და ჯონ ლენონი გახდნენ. ამ წარმატებამ ხელი შეუწყო მარველის, როგორც კომპანიის და ბრენდის გაძლიერებას, პოპულარიზაციას და კომიქს ბაზრის ლიდერად გაახადა. კირბიმ და სტენმა კომიქსზე 10 წელი იმუშავეს, შედეგად ფანტასტიკური ოთხეული გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კომიქსი რომელზეც ორი ავტორი ერთად შეუწყვეტლივ მუშაობდა (სულ 102 ნომერი), ეს რეკორდი მოიხსნა მხოლოდ 2006 წელს ბრაინ მაიკლ ბენდისის და მარკ ბაგლის “Ultimate Spider-Man” კომიქს სერიაში, სადაც ორმა ავტორმა 110 ნომრის განმავლობაში იმუშავა.

სტენი და ჯეკი ამაზე არ გაჩერდნენ, ოთხეულის პარალელურად მათი შემდეგი პროექტი იყო, იმ დროსთვის ნაკლებად პოპულალური, იქს ადამიანები (X-Men) და ჰალკი (Hulk), ასევე კომიქსში Journey Into Mystery #83 მათ წარადგინეს თორის (Thor) კომიქს ვერსია. კირბიმ აგრეთვე შექმნა რკინის კაცის (Iron Man) პირველი ჯავშნის დიზაინი. მოგვიანებით ლიმ და კირბიმ შექმნეს მარველის ახალი გუნდი – შურისმაძიებლები (Avengers), მარველის პასუხი დისის სამართლიანობის ლიგას (Justice League), გუნდში გაერთიანდნენ მარველის უკვე ცნობილი გმირები და მათი ლიდერი გახდა კირბის შექმნილი კაპიტანი ამერიკა, ეს კომიქსიც  ჰიტი გახდა. კირბიმ მონაწილეობა მიიღო ბევრი სხვა მარველის პერსონაჟის შექმნაში რომლებიცაა: ვერცხლის სერფერი (Silver Surfer), დოქტორ დუმი (Doctor Doom), გალაქტუსი (Galactus), უატუ (Uatu the Watcher), მაგნეტო (Magneto), ენტმენი (Ant-Man), კრაზანა (Wasp), ეგო ცოცხალი პლანეტა (Ego the Living Planet), არაადამიანები (Inhumans) და მათი ქალაქი ატილანი (Attilan), აგრეთვე კირბიმ და ლიმ შექმნეს პირველი აფრიკელი სუპერგმირი შავი პანტერა (Black Panther).

ბევრ შემთხვევაში კირბი არ იყო უბრალოდ მხატვარი და დიზაინების ავტორი, ის იყო სავსებით სრულფასოვანი მწერალიც და ზოგ შემთხვევაში სტენ ლი მხოლოდ დიალოგს ავსებდა კირბის უკვე მზა კომიქსებში.

1970 წელს კირბიმ ჩათვალა რომ მას უსამართლოდ ექცეოდნენ მარველში, რამაც შექმნა სერიოზული კონფლიქტი, აღსანიშნავია რომ ის ძალიან სწრაფად ხატავდა სხვა მხატვარებთან შედარებით და მისი ხარისხი ყოველთვის მაღალი იყო, მაგრამ ეს არ აისახებოდა მის ხელფასზე,

კომიქსის მხატვრებს ზოგადად ძალიან ცოტას უხდიდნენ იმ პერიოდში, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა კირბის 5 სულიანი ოჯახისთვის, რასაც ჯეკ კირბი ითხოვდა ფინანსურად დღეს ნორმად ითვლება, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რამდენად განვითარდა კომიქს ინდუსტრია.

1970-ში კირბი მარველის კონკურენტებთან, დისიში გადავიდა; იქ მან, უკვე დამოუკიდებლად, შექმნა “მეოთხე სამყარო” (Fourth World) საგა და მთელი “New Gods” პერსონაჟების პანთეონი, მათ შორის დისის სამყაროს უდიდესი ბოროტმოქმედი დარკსაიდი (Darkseid), ასევე გმირები რომლებიცაა: ორიონი (Orion) მისტერ მირიკალი (Mr. Miracle), ბიგ ბარდა (Big Barda) მეტრონი (Metron) და რეალურად მეოთხე სამყაროს ყველა პერსონაჟი, იმის მიუხედავად რომ ამ კომიქსების გაყიდვები არ იყო მაღალი, ჯეკ კირბის შექმნილი ახალი ღმერთების პერსონაჟები გახდნენ დისის სამყაროს მითოსის მნიშვნელოვანი ნაწილი.

როგორც მოგეხსენებათ დისის ახალ ფილმებში კერძოდ Justice League (2017) ზუსტად New Gods პერსონაჟებს გამოიყენებენ, მაგალითად:  სტეპენვულფი (Steppenwolf), დარკსაიდი და პარადემონები, (რომლებიც უკვე გამოჩნდენ Batman V Superman: Dawn Of Justice ერთ ერთ სცენაში.). “ახალი ღმერთები” არ იყო კირბის ერთადერთი სერია დისიში, მან აგრეთვე შექმნა კომიქსები: ომაქი (Omac), კამანდი (Kamandi: The Last Boy On Earth), დემონი ეტრიგანი (Etrigan, The Demon) რაც იყო დისის რედაქტორების მოთხოვნის შედეგი ახალ ჰორორ კომიქს სერიაზე, კირბის დიდად არ სურდა ამ კომიქსზე მუშაობა და მას არ მოეწონა ის ფაქტი რომ კომიქსის პირველი ნომრები კარგად გაიყიდა.

კირბი ისევ დაუბრუნდა მარველს, ამჯერად იგი მუშაობდა კაპიტან ამერიკაზე და შავ პანტერაზე, ასევე შექმნა “ახალი ღმერთების” მარველის ანალოგი “Eternals” და “Devil Dinosaur and Moon-Boy”

პერსონაჟების და ისტორიების შექმნის გარდა აღსანიშნავია კირბის მთავარი ნიჭი – ხატვა, სულ თავიდან კირბის სტილი საკმაოდ ნეიტრალური იყო და იმ დროის სხვა კომიქსების მსგავსი, მაგრამ დროსთან ერთად ის განიცდიდა ევოლუციას, რაც საბოლოოდ გამოაშკარავდა ფანტასტიკურ ოთხეულში.

კირბიმ, რეალურად, შექმნა საკუთარი, უნიკალური ხატვის სტილი, რომელმაც სათავე დაუდო კომიქსის მომავალი მხატვრების სტილებს. კირბის სტილი გამორჩეულია, ის გახდა 60-იანი წლების კომიქსების ყველაზე პოპულარული “სახე”.

იმის მიუხედავად, რომ კირბის შესანიშნავად ესმოდა ადამიანის რეალისტური ანატომია, ის არ ცდილობდა რეალისტურად ხატვას-პირიქით მისი პერსონაჟები სტილისტურად დახატულები იყვნენ, თითქოს არაორგანულად, კვადრატულად და რობოტულად. კირბის ნახატები ყოველთვის გამოირჩეოდა გადამეტებული დინამიკით მაშინაც კი როდესაც მოქმედება მშვიდი იყო, კირბი ცდილობდა თითოეული პროპორციის და მოქმედების გაზვიადებას რაც ძალიან უნიკალურ შედეგს იძლეოდა კომიქსში, მას ძალიან საინტერესო პერსპექტივა ჰქონდა, შეიძლება ითქვას, რომ კირბი იყო კომიქსების ერთგვარი იმპრესიონისტი.

პერსონაჟები ხატვის გარდა კირბის გასაოცარი არქიტექტურული დიზაინები გამოსდიოდა, იქნებოდა ეს სუპერ კომპიუტერები, ფუტურისტული მანქანები, ლანდშაფტი, უცხოპლანეტელების ტექნოლოგიები, რობოტები თუ უბრალო შენობები.

სერიალში “Superman: The Animated Series” (1996-2000), ანიმაციის შექმნელებმა გადაწყვიტეს, რომ კირბის შექმნილი პერსონაჟი, პოლიციელი დენ ტურპინი,  ვიზუალურად დაფუძნებული  ყოფილიყო ჯეკ კირბის პიროვნებაზე, მისი ხსვონის პატივისცემის ნიშნად.

2006 წელს მარკ ვეიდის (Mark Waid) და მაიკ ვერინგოს (Mike Wieringo) ავტორობის დროს “Fantastic Four #511”-ში ფანტასტიკური ოთხეული შეხვდება მარველის ერთგვარი “ღმერთის” მანიფესტაციას, რომელიც ჯეკ კირბის ფორმას ატარებს.

ასევე საინტერესოა, რომ კირბი მუშაობდა ნოველა “Lord Of Light “ კინო ადაპტაციაზე. საინტერესო იმიტომ, რომ ზუსტად ეს პროექტი იყო გამოყენებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ როგორც “cover up” ოპერაცია, რათა მათ გამოეყვანათ მძევლად აყვანილი ამერიკული საელჩოს მუშაკები რევოლუციური ირანიდან. ამ მოვლენაზე ბენ აფლეკმა გადაიღო ოსკარის მფლობელი ფილმი “არგო” (Argo), ერთ-ერთ სცენაში ბენ აფლეკის პერსონაჟი ხვდება ადამიანს, რომელიც კირბის პერსონაზეა დაფუძნებული.

კირბის ყოველთვის სჯეროდა, რომ კომიქსები არ იყო უბრალო გასართობი ბავშვებისთვის, არამედ რეალური შემოქმედება, მას სჯეროდა რომ მომავალში კომიქს მხატვრები ისეთივე პოზიციებს და აღიარებებს მიიღებდნენ როგორც სხვა “ტრადიციული” ცნობილი მხატვრები.ჯეკი როდესაც იწყებდა თავის კარიერას კომიქსები ითვლებოდა, როგორც მოკლე გასართობი საკითხავი, რომელიც უნდა გადააგდო ნაგავში, მისი ცხოვრების განმავლობაში ეს იდეა რადიკალურად შეიცვალა ხალხმა დაიწყო კომიქსების დაფასება და აღიარება, როგორც ლეგიტიმური, სამხატვრო ხელოვნების ჟანრი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისტორიამ აღიარა  და დააფასა კირბის უდიდესი შრომა და ღვაწლი, რომელიც ჯეკს კომიქსების სამყაროს შექმნაში მიუძღვის.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Authors, Comics, DC, Marvel, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.