“იქს ადამიანები: აპოკალიფსი” მიმოხილვა

t8iSlC9

“აპოკალიფსი”  ახალი იქს ტრილოგიის მესამე ფილმია; ის ასრულებს ისტორიას, რომელიც დაიწყო “პირველ კლასში”, რაც  ძალიან აშკარად ჩანს ფლეშბექებში, და ასევე იწყებს ახალ ისტორიას განახლებული ახალგაზრდა მსახიობებით, მთავარი შეკითხვა კი შემდეგშია – რამდენად კარგად “დაამთავრა” და “დაიწყო” “აპოკალიფსმა”?

სპოილერები!

პირველ რიგში თავიდანვე ჩანს, რომ ფილმის პირველი ნაწილი უდაოდ  გადატვირთულია და ცდილობს მოყვეს უფრო მეტი პერსონაჟის ისტორია ვიდრე ეს შესაძლებელია, სამწუხაროდ ეს მხოლოდ ართულებს თხრობას და ფილმისგან სიამოვნების მიღების შესაძლებლობას. ეს განსაკუთრებით უფრო აშკარად ჩანს “Days of future past”-ის ბევრად “ორგანულ” და თანმიმდევრულ ისტორიასთან შედარებით.

ფილმის მეორე ნაწილში, სადაც პრინციპში ის ნაკლებად გადატვირთული და უფრო ლაკონურია, უცნაური გადაწყვეტილებებია მიღებული მონტაჟთან რაც უბრალოდ ცუდ “გემოს ტოვებს” ფილმის ნახვის შემდეგ. ურიგო არ იქნებოდა ერთი დიდი ექშენ სცენა ფილმის პირველ ნაწილში (როგორც სამოქალაქო ომის ლაოსის მოქმედება); ენჯელის და ნაითქროულერის 1 წუთიან ბრძოლას ვერანაირად ჩავთვლი დამაკმაყოფილებელ ექშენად. 

ფილმში უამრავი დეტალია ტიპიურ 80-იანების სტილში, მაგრამ წინა ორი ფილმისგან განსხვავებით (კუბის კრიზისი და ვიეტნამის ომი/კენედის მკვლელობა) ეს ფილმი არ არის დაკავშირებული არც ერთ დიდ პოლიტიკურ მოვლენასთან.  პოლიტიკურ მოვლენებთან კავშირი ერთ ერთი მთავარი ხიბლი იყო წინა ფილმებში. რა თქმა უნდა “აპოკალიფსისთვის” ეს არაა დიდი მინუსი, მაგრამ ზოგადად ტრილოგიის სინქრონისთვის მეტად აუცილებელი რამეა.

ირონიულია, რომ ჯინას ფრაზა – რომ მესამე ფილმი ყოველთვის უარესია (რაშიც რეალურად ბრეტ რატნერის “X-Men 3” იგულისხმებოდა) ასევე სწორია  “აპოკალიფსის” შემთხვევაშიც.

ზემოდ ხსენებული პრობლემების მიუხედავად ფილმს აქვს ბევრი დადებითიც:

თავისთავად ყველაზე დიდი “+” ქვიქსილვერია, როგორც წინა ფილმში აქაც პიტერსმა “მოიპარა შოუ” როგორც თავისი ექშენით და თამაშით, ასევე მისი პერსონაჟი თითქოს სუპერ ძალების მიუხედავად ყველაზე ახლოს არის უბრალო ადმიანთან და ამავე დროს  გარკვეული გაგებით მან განვითარებაც მოასწრო, იმის მიუხედავდა რომ ისევ დედამისთან ცხოვრობს. აგრეთვე ძლიერი მომენტები ჰქონდა მის მამიკოს – მაგნეტოს, მისი სცენები ფილმში მხოლოდ აფართოებს პერსონაჟის უკვე არსებულ დრამატულობას და მისი პერსონალური ტრაგედიის სიღრმეს.

თავი კარგად გამოიჩინეს “ახალწვეულებმაც”, ჩემდა გასაკვირად განსაკუთრებით გამოირჩევა სოფი ტერნერის ჯინ გრეი, ტერნერმა დამაჯერებლად შეასრულა თავისი როლი, ასევე დამაჯერებელი იყო ახალი შტორმი და კურტ ვაგნერი, კურტი ქვიქსილვერს კომედიურ მომენტებში კონკურენციასაც კი უწევს. ცალკე დიდი “გიკ მომენტი” იყო ლოგანის  Weapon X სცენა, რომელიც თუნდაც მხოლოდ იმიტომ არის დასაფასებელი, რომ ის ესთეტიურად და ვიზუალურად ძალიან ახლოს დგას თავის კომიქს ფესვებთან. ექზევიერი და ჰენკი სტაბილურად კარგები გამოვიდნენ, ჯენიფერ ლოურენსის შესრულება სტანდარტული იყო, წინა ფილმში ის უკეთესი მეჩვენებოდა.

ბევრმა კრიტიკოსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ოსკარ აიზეკეის ნიჭი დაიკარგა აპოკალიფსის გრიმის ქვეშ, რასაც მე ვერ დავეთანხმები. აიზეკის აპოკალიფსი შეიძლება არ იყოს ყველა დროის საუკეთესო ვილიანებს შორის და კლიშეური ბოროტი პერსონაჟის სუნიც ასდიოდეს, მაგრამ ამ ფილმში ის აშკარად  არ არის “ჩაფლავებული” პერსონაჟი, კი რაღაც მომენტებში მართლაც წააგავს Thor Dark World-ის ბნელ ელფს, მაგრამ ელფთან შედარებით აიზეკის აპოკალიფსი ბევრად “ღრმა” პერსონაჟია; თავისთავად ეს  შედარება ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ უარესიც შეიძლებოდა გამოსულიყო, იგივე “იმპროვიზირებული” ჯესი აიზენბერგის  ლუთორი რომ მოვიყვანოთ მაგალითად.

სხვათა შორის, აპოკალიფსი ბევრად უფრო საშიში იქნებოდა თუ მას უფრო მეტ ტანადობას შემატებდნენ და ზომაში ოდნავ გაადიდებდნენ როგორც ეს ფილმ “300-ში” ქსერსეს შემთხვევაში გააკეთეს. პსაილოკი და ენჯელი რეალურად არც გაგვაცნეს როგორც პერსონაჟები, რაც კარგია რადგან ეს ნამდვილად არ იყო საჭირო ფილმის უკვე არსებული გადატვირთულობის ფონზე, ისინი რეალურად სპეცეფექტების მთავარი ვიზუალური გმირები არიან. არქენჯელს საშინელი არა აეროდინამიული ვარცხნილობა აქვს, ბევრად აჯობებდა კომიქსების ვარიანტი. 

ფინალური ექშენ სცენა შეიძლება ითქვას “ეპიკური” და რაც მთავარი თავის ვიზუალურ სტილში იყო,  ალბათ ეს ექშენ სცენა საუკეთესოა იქს ადამიანების ფილმებს შორის, შეიძლება ზოგს ის ძალიან ტრივიალური მოეჩვენოს, მაგრამ რაღაც გაგებით ის უფრო ახლოსაა სუპერ გმირულ ექშენთან. ასევე წარმატებული იყო ფენიქსის ძალის გამოყენება- საბედნიეროდ პროდიუსერებმა არ დაგვასპოილერეს და არ ჩასვეს ეს სცენა ტრეილერში.

ასევე “გიკური მომენტი” იყო ფინალური გუნდის “წარდგენის” სცენა, რომელშიც იგრძნობოდა იქს ადამიანების კომიქსის  “სული”, არ ვიცი ეს “Danger room-ის” წყალობითაა, სენტინელების თუ კლასიკური სტილის კოსტიუმების . პოსტ კრედიტ სცენა ცალკე სასიამოვნო იყო; პირველ რიგში იმიტომ, რომ ის აშკარად იყო გათვლილი ფანებზე და არა მასობრივ აუდიტორიაზე და მეორე  იმიტომ რომ ის რეალურად საინტერესოა და დამაფიქრებელიც. Hint: X-23 and Mr. Sinister.

საბოლოოდ, იმის მიუხედავად, რომ ფილმი ჩამოუვარდებოდა მის ორ წინამორბედს (დღეები და პირველი კლასი), ჩემივე გასაკვირად “აპოკალიფსი” არ არის დიდი იმედგაცრუება და გადატვირთულობის მიუხედავად  ფილმი მაინც დამაკმაყოფილებელ და ბევრ მომენტში სასიამოვნო სანახაობას ქმნის რადგან ის შინაარსობრივად კარგად ასრულებს რეივენის, ჩარლზის და ერიკის ისტორიას და იმედიანად იწყებს ახალი გუნდისას: რაც ყველაზე მთავარია ფილმი  ახლოს არის იქს ადამიანების კომიქს დნმ-თან.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Marvel, Movies, Posts, Reviews, X-Men. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.