გალაქტიკის მცველები: მიმოხილვა

WARNING! SPOILERS!

ამ ფილმში არის ყველაფერი ის, რისი ნახვაც სურდათ ფანებს Star Wars–ის პრიქველ ტრილოგიაში და Star Trek reboot–ში, მაგრამ სამწუხაროდ იმედები არ გაუმართლდათ.
ფილმი გამოირჩევა ინტენსივობით და განუწყვეტელი მოქმედებებით, რომლებიც ისეთი დოზით მოგვეწოდება, რომ მაყურებელს არა თუ მთქნარების სურვილი, ამოსუნთქვის საშუალება ძლივს აქვს. ამიტომაც მისი ყურებისას დრო ელვის სისწრაფით გარბის და მოწყენას ვერ ასწრებ. ვერ ასწრებ ასევე იმ მინუსების და ალოგიკურობის შემჩნევას, რომელიც ფილმში ტონობითაა. და თუ ამჩნევ… დიდად არ განაღვლებს, იმდენად გახალისებს ეკრანზე მიმდინარე მოქმედებები.

Guardians of the Galaxy–ს იმდენი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მაყურებელთა, ისევე კრიტიკოსთა მხრიდან, რომ ზოგს უკვე ეშინია კიდეც თავისი უარყოფითი აზრის დაფიქსირების და ფილმის კონსტრუქციული კრიტიკის. ამიტომაც სწორედ ამას გავაკეთებ ეხლა.

ის განუწყვეტელი მოქმედებები და ინტენსივობა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ ერთი მხრივ ფილმის დადებითი მხარეა, მაგრამ მეორე მხრივ უარყოფით ფაქტორსაც წარმოადგენს. ფილმს თითქოს ეშინია რამდენიმე წუთით გაჩერდეს, შენელდეს და მოქმედებების მიღმა სხვა რაღაც დაგვანახოს. მაგალითად, პერსონაჟების ბექგრაუნდი, მათი ემოციური მდგომარეობა, რა დგას მათ მოქმედებებს მიღმა, როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს ემოციურად  ეს აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟები და აყალიბებენ ერთ შეკრულ გუნდს.

 

ერთადერთი პერსონაჟი რომელსაც ამ მხრივ პრობლემა არ აქვს, ესაა პიტერ ქუილი. ერთი შეხედვით ფილმი გუნდზეა, როგორც ავენჯერები, მაგრამ კარგად თუ დავუკვირდებით ყველაფერი მხოლოდ პიტერის გარშემო ტრიალებს (ეს პრობლემა ნაწილობრივ ავენჯერებშიცაა, სადაც ყველაფრის ცენტრში ყოველთვის ტონი სტარკია, მაგრამ ეს ცალკე თემაა და ჯერჯერობით ისე მწვავე ფორმით არაა როგორც ამ ფილმში იყო. თუმცა სპოილერებს თუ შევხედავთ… არა, მაინც ეს სხვა თემაა.) დანარჩენი პერსონაჟები კი მხოლოდ მის side kick–ებს წარმოადგენენ. ფილმი გვაჩვენებს პიტერის ბექგრაუნდს, გვიყვება მასზე (როგორც სხვების პირით, ისევე თავად პიტერის პირითაც), დამატებით ფლეშბექებს რთავს და საბოლოო ჯამში კინოთეატრიდან გამოსვლისას მასზე ყველაფერი იცი – ვინაა, რა პიროვნებას წარმოადგენს, რა მოსწონს, რა არ მოსწონს, მისი მიზნები და მიზეზები მის მოქმედებებს უკან.
თუმცა ისინი ვისაც წაკითხული აქვს Guardians of the Galaxy–ის კომიქსები, აღნიშნავენ რომ ფილმისეულ პიტერ ქუილს თითქმის არანაირი საერთო არ აქვს თავის კომიქსისეულ სეხნიასთან. ფილმში მივიღეთ ტონი სტარკის, ჰან სოლოს და  reboot–ისეული კირკის ერთგვარი ნაზავი.

 

პიტერის შემდეგ აღსანიშნავია რეაქტიული ენოტი, რომელმაც ჯერ კიდევ ტეილერებიდან მოახერხა მაყურებელთა გულის დაპყრობა. ხოლო თავად ფილმის ყურების შემდეგ ყველა მაყურებელს სიყვარულის ბუშტი გაუსკდა მასთან მიმართებაში. ის ერთადერთი პერსონაჟია პიტერის გარდა, რომლის შესახებაც ასე თუ ისე რაღაც ვიცით, რადგანაც მასზეც მოქმედებს პრინციპი „არ მოგვიყვე, გვაჩვენე!“. ვხედავთ ექსპერიმენტების კვალს მის სხეულზე, იმას როგორ აღიქვამს ის საკუთარ თავს, მის ცხოველურ მხარესაც (უარყოფითი მხრივ არა). ბოლო სცენაში როდესაც დრაქსი მას თავზე ეფერება, იგი იშმუშნება როგორც ცხოველი (ეს რეაქცია ალბათ ნაცნობია ყველასთვის ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოფერებია თუნდაც ძაღლს ან კატას). სწორედ ეს ფაქტორები ხდიან მას მაყურებლისთვის საყვარელ და მოსაწონ პერსონაჟად. ის ფაქტიც რომ იგი ენოტია, ძალიან დიდ როლს თამაშობს ამაში. იგივე ისტორია სხვა ჰუმანოიდ პერსონაჟს რომ ჰქონოდა, მისდამი ასეთ მასობრივ სიყვარულს ადგილი არ ექნებოდა.

რაც შეეხება სხვა პერსონაჟებს, აქ უკვე პრინციპი „არ მოგვიყვე, გვაჩვენე!“ მოქმედებას წყვეტს და ვაწყდებით პრობლემას. გამორას და დრაქსის მთელი ბექგრაუნდი მოქცეულია 1–2 წინადადებაში. ისინი თავის ისეტორიას ისე სხვათაშორის აბრეხვებენ შუა დიალოგში და მომენტალურად გადადიან სხვა თემაზე, რომ მაყურებელი მათდამი თანაგრძნობით გამსჭვალვას ვერც კი ასწრებს, მათ ნათქვამს უბრალო ფაქტად აღიქვამს და დიდად არც არავის ანაღვლებს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მათი ისტორიები ფეისპალმამდე ბანალურია. ყოველგვარი განცდის გარეშე მოხეული „რონანმა ცოლი და ქალიშვილი მომიკლა!“ (ვახ, რა ორიგინალურია. არცერთ ფილმში არ მინახავს მსგავსი ისტორია!) და მომენტალური გადასვლა ხუმრობაზე, რომ დრაქსს მეტაფორები არ ესმის, არანაირ ემოციას არ აღძრავს მაყურებელში. იგივეა გამორას შემთხვევაშიც. ის 2 წინადადებით ყვება, როგორ ამოუხოცა მას თანოსმა თვალწინ მთელი ოჯახი და შემდეგ მკვლელად აღზარდა (დარწმუნებული ვარ ასეთი ბექგრაუნდის შესახებ ყველას პირველად გესმით!)… და მომენტალურად გადავდივართ პიტერის წარსულის გახსენებაზე, რომლის ნაწილიც უკვე ისედაც ვნახეთ ფილმის დასაწყისში. პიტერის თხრობა კი 2 წინადადებით კი არ შემოიფარგლება, რამდენიმე წუთი გრძელდება. აქცენტი კვლავ პიტერზე გადადის.
მეტი ეფექტისთვის გამორას და დრაქსის ისტორიების ჩვენება შეიძლებოდა თუნდაც რამდენიმე წამიანი ფლეშბექებით – დრაქსი მკვდარ ცოლს–შვილს გვერდით და მისი ემოციები (ნუ აქ მარტო სცენარის ბრალიც არაა, მსახიობიც დიდად ვერ სხლავს მიმიკებში) და პატარა გამორა, რომელიც ხედავს დახოცილ ოჯახს, ტირის და ამ დროს იგი მიჰყავს თან თანოსს. (მაგალითისთვის გავიხსენოთ Pacific Rim და მაკო მორის ისტორია. ისიც საკმაოდ ბანალურია, მაგრამ მისი ფლეშბექი იმდენად გარკადაა ნაჩვენები, რომ მაინც აღძრავს მაყურებელში ემოციებს და მისდამი მეტი თანაგრძნობით და სიმპათიით გამსჭვალვაში გეხმარება).

 

რაც შეეხება გრუტს… ლამაზად ანიმირებული მოლაპარაკე ხე რომ არ იყოს, მას არც არავინ მიაქცევდა ყურადღებას. იმის გარდა რომ ის ხეა და 3 სიტყვას იმეორებს (ნუ საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა მეოთხეც სცოდნია), მის პერსონაჟს არ გააჩნია ფაქტიურად არაფერი. ის სცენაც სადაც ბავშვს ყვავილს აწოდებს ისეთი მოკლე და მოულოდნელია. არა და ტრეილერებში რაღაც გრანდიოზულ სცენად გამოჰყავდათ. კინოდან გამოსულმა მაყურებელმაც მასზე იცის მხოლოდ ეს – ხეა, ლაპარაკობს, ცეკვავს და მოკლედ comic relief–ს წარმოადგენს. მისი სახელიც მხოლოდ იმიტომ გახსოვს, რომ ის მას გამუდმებით იმეორებს.

gotg

არ შემიძლია არ დავაფიქსირო ჩემი იმედგაცრუება შემდეგი 4 პერსონაჟის მიმართ – კოლექციონერი, ნოვა, ნებულა და რონანი.
კოლექციონერის ამ ფილმში გამოჩენას ისეთი build up ჰქონდა Thor TDW–ში და შემდგომ გამორას მასზე საუბრებში, რომ გეგონებოდა აი გამოჩნდება და ეს იქნება რაც იქნებაო. თანაც საკმაოდ საინტერესო და ნიჭიერო მსახიობი ასრულებს მის როლს – ბენისიო დელ ტორო. საბოლოო ჯამში მისი სრული საეკრანო დრო მაქსიმუმ 3 წუთი აღმოჩნდა. მას არაფერი გაუკეთებია ინფორმაციის მოწოდების გარდა. ჩქარი ტაშით აგვიხსნა უსასრულობის ქვები რას წარმოადგენს და დაგვემშვიდობა. სავარაუდოდ სამუდამოდ.
საეკრანო დროის სიმცირის პრობლემა ნოვასთან მიმართებაშიც, რომელსაც პრომოს დროს არც თუ ისე მცირე ყურადრებას უთმობდნენ. იგივე შეიძლება ითქვას ნებულასთან დაკავშირებითაც, რომელსაც ფაქტიურად არაფერი გაუიკეთებია მთელს ფილმში. მასზე ყურადღება გაამახვილეს მხოლოდ იმათმა ვინც კარენ გილანის და Doctor Who–ს ფანია.
რონანი კოლექციონერის მიღმა ჩემი ერთ–ერთი უდიდესი ტკივილია. აბსოლუტურად გაუგებარია მისი ბექგრაუნდი, რა დგას მის მოქმედებებს უკან და საერთოდ რა უნდა ამ პერსონაჟს. როცა ხედავ რომ იგი უბრალოდ თანოსის რიგითი პაიკია, მისდამი ინტერესი საერთოდ ქრება. საქმეს დიდად არ ეხმარება მისი გრიმიც (თუმცა კოსტუმი და იარაღი საკმაოდ დამაინტრიგებელია), რომელიც მას მოტირალ და თან დაბნეულ ადამიანს ამსგავსებს. (ულქიორა მარტო მე გამახსენდა მისი დანახვისას? ისე კი ულქიორასაც მასთან შედარებით ემოციების მთელი თაიგული აქვს, რაც კარგი ნიშანი არაა). თეთრი ლინზების გამო შთაბეჩდილებაა თითქოს მუდამ გაკვირვებული ან დაბნეული იყურება. თვალების ქვემოთ შავი ხაზების გამო კი გგონია ტირისო. შეიძლება ჩანაფიქრი სწორედაც ეგ იყო. თითქოს იმ „მამას, მამის მამას, მამის მამის მამას…და ა.შ.“, რომლებსაც რამდენჯერმე ახსენებს, გლოვობს და მათ გამო უნდა შურისძიება. მაგრამ ამ „მამის მამის მამებზე“ და მათ სიკვდილზე არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ მოგვეწოდება. გაუგებარია რა მოუვიდათ მათ, რატომ დახოცეს ისინი და როგორ თუ მშვიდობაა დამყარებული, თუ ისინი ადვილად მოკლეს რატომაა ეს ცოცხალი და თან დაპარპაშობს, ხალხს ცოხავს ბუზებივით ა.შ. მისი ეკრანზე გამოჩენა ფაქტიურად არანაირ ემოციებს არ აღძრავს მაყურებელში (გარდა ლი პისის ფანებისა, ჩემი თამადობით. ერთადერთი მიზეზი რის გამოც მის დანახვაზე მთქნარებას არ ვიწყებდი. ცუდათ თამაშს კი ვერ დააბრალებს ადამიანი, ამ სცენარის და გრიმიის მიუხედავად მაინც ცდილობდა რაღაც მაინც ეჩვენებინა ამ პერსონაჟში). მაგალითად, აბსოლუტურად გაურკვეველი იყო Thor TDW–ში თუ რა იდგა მალეკითის და შავი ელფების მოქმედებების უკან და ბნელეთის დადგომა რატომ სურდათ ასე, მაგრამ მათგან მაინც კოლორიტული და დასამახსოვრებელი პერსონაჟები გამოვიდა. რონანი კი სამწუხაროდ მარველის ყველაზე ადვილად დასავიწყებელ პერსონაჟს წარმოადგენს.
ერთადერთი ვისზეც ასე თუ ისე მეტი გავარკვიეთ იყო იონდუ, რომელმაც პიტერი აღზარდა. მისი მამობრივი სიყვარული მთავარი პერსონაჟის მიმართ კარგად იკვეთებოდა და საინტერესო იყო. მინდოდა მათი ურთიერთობა კიდევ მენახა, მათი წარსული, როგორ ზრდიდა პიტერს, როგორ გადაარჩინა შეჭმისგან და ა.შ. მაგრამ მანდაც მხოლოდ სიტყვებით და მოყოლით შემოვიფარგლეთ.

როცა Dawn of the planet of the apes–ის ცხენზე ამხედრებული ავტომატიანი მაიმუნები უფრო მეტ ემოციებს და განცდებს აღძრავენ შენში, მათი სახელები უკეთ გამახსოვრდება პირველივე ნახვის შემდეგ, იცი ყველა მათგანის მოქმედების უკან რა დგას და ყველას მიზეზი გესმის… აქ კი მხოლოდ ლამაზ ფასადს ხედავ, რომლის მიღმაც სიცარიელეა.

 

ასევე ლოგიკას მოკლებული იყო ის, რომ რონანი, red skull, მალეკითი ასეთ დღეში ჩავარდნენ უსასრულობის ქვბთან შეხებისას. პიტერიც კი, რომელსაც წარმომავლობის გამო შეუძლია მისი ცოტა ხნით ხელში დაჭერა (და თანაც ხაზგასმულია რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ის მთლად ადამიანი არაა!), მხოლოდ მეგობრების დახმარებით ახერხებს ამას. ჯეინ ფოსტერი კი ნახევარი ფილმი aefir–ით დადის და მის სხეულს არაფერი ემართება. მისი ფსიქიკაც არ ზიანდება სხეულიდან ამ ძალის მოშორების შემდეგ. არანაირი თავის ტკივილები, თავბრუსხვევა და კოშმარები არ აწუხებს. მაგალითად, როდესაც ტონის ავენჯერებში მომხდარი მოვლენების შემდეგ ფსიქიკა შეერყა (და სასწაულებრივად განიკურნა ზედმეტი ახსნის გარეშე. ნუ სადაც რექატორი მოიშორა ერთი ხელის მოსმით, ფსიქიკური მდგომარეობის გამოსწორება რარა პრობლემაა) ან თუნდაც სიფი, რომელიც არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში იყო მას შემდეგ რაც ლოკიმ მისი სხეული დატოვა. მაშ როგორ გაუძლო ჯეინმა ამხელა ძალას? „კეთილი გული“ აქვს და იმიტომ? კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც Thor 2–ში მთელი მისი ამბავი ალოგიკური და უაზრო იყო. მაგრამ ეს სულ სხვა თემაა.

jane

კომიქსების მკითხველების აღშფოთება მოჰყვა ფილმიდან 2 პერსონაჟის ამოგდებას – ჰიზერ დუგლასი და ფილა–ველ. ორივე მათგანი სექსუალურ უმცირებობას წარმოადგენს (ბისექსუალი და ლესბოსელი), რომლებზეც რეჟისორმა ჯეიმს განმა სექსისტური და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა, რის გამოც მერე ბოდიშიც მოახდევინეს. (http://www.themarysue.com/james-gunnsuperhero-sex-post/ და http://www.glaad.org/blog/director-james-gunn-apologizes-anti-gay-and-sexist-comments-blog-post)

თუმცა განის ქალებსიადმი სექსისტური დამოკიდებულება ნათლად იხატება თავად ფილმშიც. გამორა ერთ–ერთი ყველაზე სტერეოტიპული „ძლიერი ქალია“ – თვალებს აკოტრიალებს კაცების ყველა ნათქვამზე და სახეზე მუდამ აწერია „გარს იდიოტები მახვევია“ და „ყველა კაცი პატარა ბავშვია“, პიტერს უწყებს იმის მტკიცებას რომ ის „არ გავს სხვა ქალებს“ და თითქოს აღემატება მათ მხოლოდ იმით რომ პიტერთან დაწოლა არ უნდა…ჯერჯერობით. ის ფილმში სექსუალური ლამპის როლს ასრულებს. მისი სრულიად ამოღების შემთხვევაში სიუჟეტში არაფერი შეიცვლება, რაც მის აბსოლუტურ უმაქნისობაზე მეტყველებს. შევადაროთ თუნდაც ნატაშას ავენჯერებიდან. ის ითანხმებს ბენერს შეუერთდეს ავენჯერებს, წამოაცდევინებს ლოკის თავისი მიზნების შესახებ, გონს მოჰყავს კლინტი, სუპერძალების გარეშე, თავისი ადამიანური შესაძლებლობებით ებრძვის ჩითაურის და ბოლოს პორტალსაც ნატაშა ხურავს. Iron man2 და Captain America2–ს ხო საერთოდ არც შევეხები. და რა ქნა გამორამ?
ასევე აღსანიშნავია რომ ყველა ტრეილერსა და პრომო რგოლში ტრიალებდა სცენა სადაც ის წელს ზემოთ შიშველი იყო, რომელიც საბოლოო ჯამში ფილმში არც შევიდა.
გაუგებარი იყო სცენა, როდესაც დრაქსმა მას „მწვანე მეძავი“ (green whore) უწოდა სრულიად მოულოდნელად. თან იმ დროს, როცა წესით უკვე დამეგობრებულები იყვნენ. ეს რომ ეთქვა მოწინააღმდეგეს შეურაცხვოფის და პროვოცირების მიზნით კიდევ გასაგები იქნებოდა. მაგრამ ამას ამბობს პერსონაჟი, რომელსაც არ ესმის მეტაფორები და საერთოდ არაფერი რაც გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი. ის ყველაფერს სიტყვიერად აღიქვამს. და რა შეატყო მან გამორას მეძავისა, რომელსაც არცერთ მამაკაცთან სექსუალური კავშირის დამყარების ოდნავი სურვილიც არ გამოუხატავს მთელი ფილმის მანძილზე და არც საბედისწერო მაცდუნებლის როლს არ ასრულებდა? მართალია ავენჯერებშიც უწოდეს ნატაშას mewling quim (whining cunt), მაგრამ ეს მთავარმა უარყოფითმა პერსონაჟმა – ლოკიმ გააკეთა. აქ კიდევ ამას გამორას მეგობარი და თანამებრძოლი ამბობს, რომელიც ცოტა ხნის წინ აცხადებდა რომ მათ გვერდით სიკვდილი მისთვის პატივი იქნებოდა. სამაგიეროდ მერე ესროლა ნებულას, რომელმაც უმაქნისი და შტერი უწოდა გამორას. სად იყო ამ სცენაში ლოგიკა? თუ განს უბრალოდ სექსისტური ხუმრობები ახალისებს? თუნდაც ავიღოთ პიტერის სცენა ფილმის პირველ აქტში, სადაც თავის გემზე მყოფი ქალის არა თუ სახელი, არამედ მისი არსებობაც არ ახსოვს. ძაააალიან სასაცილოა და დადებიტად წარმოაჩენს ჩვენს მთავარ გმირს. მსგავსი 90–იანი წლების ბოევიკების შტამპების დანახვა მთლად გასახარებელი არ იყო.

 

მიუხედავად ყველაფრისა ფილმი მაინც ერთ–ერთი ყველაზე სახალისო იყო რაც ამ ბოლო პერიოდში მინახავს. უკვე 3–ჯერ ვუყურე და ეჭვიც არ მეპარება რომ კიდევ არაერთხელ ვნახავ.
გასახარებელია ის ფაქტიც რომ ამ ფილმის შემდეგ ბევრი დაინტერესდა GOTG–ის წაკითხვით (ჩემი ჩათვლით).
ვისაც სურს კომიქსებს გაეცნოს – http://avenge.co.vu/post/92498218493/a-bunch-of-comics-a

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, Movies, Posts, Reviews. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.