“გზააბნეულნი” – არარსებული კომიქსის სრულყოფილი ეკრანიზაცია

კომიქსების სტუდია “Sop. Dilikauri” იშვიათად, მაგრამ ხარისხიანი შემოქმედებით გვანებივრებს ხოლმე. კომიქსზე “გზააბნეულნი” მუშაობა ჯერ დაწყებულიც არ ჰქონდათ, როცა ცნობილმა რეჟისორმა, ერმალო მაღრაძემ ამავე სახელწოდების ფილმზე მუშაობა დაასრულა და 2013 წლის დეკემბერში ფილმ “გზააბნეულნის” ეკრანიზაცია ვიხილეთ. ფილმზე მოლოდინი გაჩნდა ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში, ArgoTV და TV Zestaponi-ზე გასული სიუჟეტიდან, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნულ კომიქსზე ეკრანიზაციის უფლება შეძენილი, ხოლო გადაღებები დაწყებული იყო და მზად იყო ქსელში გასაშვებად. გთავაზობთ ფილმ “გზააბნეულნის” განხილვას. წინასწარ ის შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი გახსნილი სიუჟეტის მქონე ფილმი ჯერ არ მინახავს.

კინო ერთ-ერთი საშუალებაა ომების ასაცილებლად, ადამიანებს შორის სიყვარულისა და სათნოების დასათესად. ფილმი „გზააბნეულიც“ ასე იწყება, ბატონი ერმალოს ციტატითა და ანჯელინა ჯოლის კაცთმოყვარეობის მაგალითებით. ეს ფილმი, ისევე როგორც მისი სხვა ფილმები, უხვად არის გაჟღენთილი რელიგიით, მორალითა და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო კადრებით, ამასთან, ჭკუისსასწავლებელი ცხოვრებისეული სიტუაციებითაც.

ფილმის სიუჟეტი ორი დამოუკიდებელი მთავარი ხაზიდან იწყება, რომელიც მოგვიანებით ერთ მუშტად იკვრება, ძმობის მტკიცე ხელივით. აქ არის რამდენიმე ეპიზოდური სიუჯეტური ხაზიც, რომელიც, ალბათ, რეჟისორის მარკეტინგული ჩანაფიქრია, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, მათზე სრულიად ახალი ფილმების აგება შეიძლება, რომელთაც ბესტსელერად გადაქცევის ისეთივე შანსი აქვთ, როგორც ცალკე აღებულ „გზააბნეულს“ ჰქონდა და გამოიყენა კიდეც. ესენია იასა და გიოს სასიყვარულო ისტორია და დიადია სემის ისტორია.

დავუბრუნდეთ პერსონაჟებს. ბადრი. იგი დილით იღვიძებს და სამსახურში წასასვლელად ემზადება. ცოლი უსიტყვოდ უგებს და ყავას წინასწარ უმზადებს. რაზე შეიძლება ელაპარაკოს ცოლი ქმარს დილით ყავაზე? რათქმაუნდა, იჭორაოს, ოღონდ ოფიციალურ დონეზე. ოფიციალური საუბრები მთელი ფილმის ლაიტმოტივია, მაგრამ დააკვირდით მესამე ხმას, არ გეგონოთ, რომ სადმე რომელიმე ტაბში საინფორმაციო გადაცემა დაგრჩათ ჩართული, ეს ამ ოთახის საუნდტრეკია – ფილმის გადაღების დროინდელი ახალი ამბები, რომელიც საინტერესოს ხდის ფილმს…

ბადრი სამსახურში უნდა წარმოჩნდეს, თუ როგორი თავაზიანი და ერუდირებულია. აი, მეორე ოთახში მჯდომმა ინგლისურენოვანმა ქალბატონმა კეკლუცობა დაიწყო, ალბათ, მორიგი კომპლიმენტის მისაღებად ემზადება. არც ასცდა. ბადრიმ ბრწყინვალედ უთხრა ინგლისური ქათინაური ქალბატონს. ალბთ, გაგიკვირდებათ შუა სამუშაო პროცესში თანამშრომელი გოგონას მიერ დასმული პრობლემა – უცენზურო კომენტარები ო. რამიშვილის სიმღერაზე იუთუბზე. ამაზე ვეინ ენტერპრაიზმა ვრცელი მოკვლევა ჩაატარა და დაასკვნა, რომ ამ ეპიზოდით რეჟისორმა შური იძია მის წინა ფილმებზე ცუდი კომენტარების დამტოვებლებზე. სამწუხაროდ, ცოლის ჭორები შემცირებებზე მართალი აღმოჩნდა და ჩვენი გმირი უსამსახუროდ დარჩა. გამოთავისუფლებულ დროს იგი ბიბლიოთეკაში სიარულს, „სიტყვა და საქმის“ კითხვას და ვაკანსიებზე მითითებულ ნომრებზე გამოხმაურებას ახმარს, თუმცა ამაოდ.

მეორე გმირის, დათოს, გამოჩენა საბედისწერო ზარის ხმას ემთხვევა. როგორც ჩანს, მას ბორჯომის სმა რიტუალივით აქვს, რადგან ნაღდი ქართველია და ყოველდღე ქეიფშია. ცოლი თან ალაგებს, თან აშინებს და თან ჭორებს უყვება უმუშევრებზე. ამ ოთახშიც სადღაც ისმის ტელევიზორში ჩართული საინფორმაციოს ხმა, რომლისგანაც მარტო ცოლ-ქმრის დიალოგის ამოკრეფა კი არა, ამ დუბლის გადაღების თარიღის განსაზღვრაცაა შესაძლებელი. დათოს სამუშაო ადგილი სავარაუდოდ, მაგთის რომელიღაც ოფისშია. ყოველ შემთხვევაში სტენდი მაგაზე მიგვითითებს. ისე, შესანიშნავი „პროდუქტ პლეისმენტია“. დათო ერთ ეპიზოდში თანამშრომელს ცალი თითით დაეხმარება და რთულ სააღრიცხვო ოპერაციას კლავიატურაზე 9 დაკლიკებაში მოუგვარებს. ეტყობა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია. თუმცა ჩანს, თავისზე ჭკვიანი კაცი არავის უნდა სამსახურში და დათოსაც უმუშევრობის ხვედრი ეწევა.

ამ პრეისტორიებით რეჟისორმა დახატა ორი უაღრესად პატიოსანი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანის პორტრეტი, რომლებიც, მუხთალი ბედის ირონიით, თავიანთ საყვარელს საქმეს იქნენ ჩამოშორებული. აშკარაა, რომ ისინი კარგი მეგობრები იქნებოდნენ, აქამდე რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს. თუმცა, რეჟისორს არ გასჭირვებია მათი ბედის ერთმანეთზე გადაკვანძვა და მათ მიერ ორი ინტელიგენტი მოჩხუბარი ახალგაზრდის გაშველების გზით მოახერხა კიდეც დათოსა და ბადრის ერთმანეთისთვის გაცნობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს უფრო რომანტიული ისტორიაა, ვიდრე თვაილაითის საგა. – ჩემი ძმა ხარ, ოქრო! – ეს სიტყვები, ალბათ, დიდხანს ემახსოვრება ბადრის.

მოკლედ, სიუჟეტი ერთ ხაზად შეიკრა. ამ ეპიზოდის ლაიტმოტივია, თუ რა ხალხი დაკარგა ამა თუ იმ დაწესებულებამ და რა დააკლდა ამით ქვეყანას. ბადრის და დათოს ცნობენ ქუჩაში, რესტორანში, ცდილობენ ანუგეშონ, გაამხნევონ, დაეხმარონ, მაგრამ, ბადრის სიტყვებით: „მხოლოდ დაპირებებია, პრობლემა კი გადაუჭრელი რჩება“. ამ ეპიზოდში ყველაზე დასამახსოვრებელია დათოს ყოფილი უფროსის სტუმრობა ფილოსოფოს მეგობართან, სადაც მის მიერ დაკრული დამამშვიდებელი მელოდიის ფონზე საუბრობენ ფილოსოფიურ თეზისებსა და ევას ცოდვილ ვაშლზე.

რაკიღა, დაპირებებით საქმე არ გამოვიდა, ჩვენი გმირები ეკლესიაში აღმოაჩენენ, რომ ერთი ზუსტად იგივეს ფიქრობს, რასაც მეორე და აქედან იწყება ახალი ეპიზოდი – თაღლითობა თავის გადასარჩენად. თითოეული თაღლითობა უნაკლოდ არის შესრულებული და იწყება მცირედით უდიდესისკენ. თითოეული საქმიდან ჩანს ჩვენი გმირების პროფესიონალიზმი და სხარტი აზროვნება, რასაც რიგირთი საშუალოსტატისტიკური მსხვერპლი-მოქალაქე ვერაფერს უპირისპირებს. ქრონოლოგიურად თაღლითობის სქემა ასე გამოიყურება: ტელევიზორის ნაწილებით ვაჭრობა, მატარებლის გამცილებლების დათრობა და ბილეთების აკრეფა, ვითომ გზის მშენებლობა, ბინის დაქირავება და მერე გაყიდვა, ამერიკის ბანკის ბოსტონის ფილიალის დაჰაკვა, ზესტაფონის ბანკში ფულის განაღდება.

დარწმუნებული ვარ, გამოძიება დღემდე იტეხს თავს ამ საქმეებზე ფიქრით, მაგრამ არ გამოსდის არაფერი. ან კი რა გამოუვა, როცა დიადია სემისნაირი მფარველი ჰყავთ. მან ბოლო, დასკვნით ეპიზოდში მისი მარჯვენა ხელის, აღმასრულებელი დირექტორის, თემოს მეშვეობით აუწყა ორივე გზააბნეულს ერთდროულად, რომ სამსახურში აღდგენილები იყვნენ. ყველა ცუდი საქმე ასე კეთილად აგსრულებოდეთ თქვენც!

დასასრულს, მოვიყვან ციტატას ფანების მიერ დაწერილი პიესიდან „გზააბნეულნი“:

ბადრი: “…მაგრამ უცებ ვიგრძენ რაღაც, ცარიელი იყო გული

მივხვდი, უკვე დიდხანს ვიყავ მე ასე გზა აბნეული.”

დათო: “მე ჩავიგდე ენა უმალ, ბადრიც ასე იქნებოდა,

რაღა დროს სამსახურია, ექნა როცა გვჭირდებოდა…”

ბადრი: “მარტო ვდგავარ და თავს ვუქნევ, თითქოს ტელეფონში ხედავს,

მაშ, ფარდა ჩვენ ჩამოვუშვათ, დავემშვიდობოთ ამ თეატრს!”

სრული ფილმი:

გზააბნეულნი Fan club შემოგვიერთდით!

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Comics. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *